№ას-479-453-2014 3 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. ნ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. შ-ი, ნ. შ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდროს მიუღებლად აღიარება, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. შ-მა და მ. ნ-მა ხაშურის რაიონულ სასამართლოში ვ. შ-ის და ნ. შ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს მოპასუხეების მიერ სამკვიდროს ½ წილის მიუღებლად აღიარება, ასევე აღნიშნული წილის მოსარჩელეების წილისათვის შემატება (თითოეულზე ¼ ნაწილის).
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით მ. შ-ის და მ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მ. ნ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა (აუდიტის დასკვნის) და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ნ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ხარვეზის განჩინება ჩაბარდა არა უშუალოდ მ. ნ-ს, არამედ მის ძმას, რომელმაც დროულად არ გადასცა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, დავის საგნის ღირებულებას განსაზღვრავს მოსარჩელე. სააპელაციო სასამართლოსათვის სახელმწოფო ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების 4%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. მოცემული დავის საგნის ღირებულება 5000 ლარია, რაც სრულად შეესაბამება ნივთის საბაზრო ღირებულებას, სახლი ამჟამად საცხოვრებლად უვარგისია. ½ წილზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში წილის ღირებულება 5000 ლარითაა შეფასებული. პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი სწორედ 5000 ლარიდან იყო გადახდილი. სააპელაციო ინსტანციაში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მთლიანობაში 200 ლარს შეადგენდა, ვინაიდან მ. შ-ი გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მ. ნ-მა გადაიხადა თავისი წილი - 100 ლარი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს კერძო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს მ. ნ-ის მითითებას, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა მის ძმას, რომელმაც დროულად არ გადასცა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განჩინება 2014 წლის 22 მარტს ჩაბარდა მ. ნ-ის ძმას, ზ. ნ-ს, სწორედ ამ პერიოდიდან განჩინება ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებულად და იწყება ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად. ის გარემოება, რომ განჩინების მიმღებმა პირმა არ შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, გავლენას არ ახდენს საპროცესო ვადის ათვლაზე.
მ. ნ-ი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციაში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მთლიანობაში 200 ლარს შეადგენდა, ვინაიდან მ. შ-ი გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მ. მეორე აპელანტმა გადაიხადა თავისი წილი - 100 ლარი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ მტკიცებას და განმარტავს, რომ ერთი-ერთი აპელანტის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გავლენას არ ახდენს დანარჩენი აპელანტების ვალდებულებაზე.
დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
იმავე კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. აღნიშნული ნორმიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ, თუ ერთი მოსარჩელე რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნას აყენებს, აღნიშნული მოთხოვნები უნდა შეჯამდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მოსარჩელე დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნებს აყენებს, მათი შეკრება არ ხდება და დავის საგნის ღირებულება თითოეული ამ მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელეები სოლიდარული კრედიტორები არიან). ანალოგიურად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა განისაზღვროს იმ მოთხოვნის ღირებულებით, რომლის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა (იხ. მაგ. სუსგ Nას-1452-1466-2011).
მოცემულ შემთხვევაში, მ. ნ-სა და მ. შ-ს სარჩელი აღძრული ჰქონდათ სამკვიდრო ქონების ½ წილის მათთვის მიკუთვნების თაობაზე, ანუ, თითოეულ მათგანს სადავო ქონების ¼-ზე. სწორედ ამ წილის ღირებულება შეადგენს დავის საგნის ღირებულებას თითოეული მათგანის სასარჩელო მოთხოვნაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი უნდა იყოს გადახდილი სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის უძრავი ნივთის საბაზო ღირებულების შესაბამისად. კერძო საჩივრის ავტორი კი მიუთითებს, რომ წილის ღირებულება განსაზღვრულია სამკვიდრო მოწმობით, რომელიც 2006 წელსაა გაცემული და არა დავის სასამართლოში წარმოების პერიოდში
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მითითება დავის საგნის ღირებულების 5000 ლარით განსაზღვრის თაობაზე და აპელანტს დაავალა ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაც მ. ნ-ს არ შეუსრულებია.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თუნდაც გაზიარებულ იქნეს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სადავო ქონების ½ წილის ღირებულება 5000 ლარია, მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი გამოითვლება ქონების ¼ წლის ღირებულების 4%-ით. 2500*4%=100 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის, შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, მ. ნ-ს კი, სახელმწიფო ბაჟის სახით მხოლოდ 100 ლარი ჰქონდა გადახდილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე