№ას-490-464-2014 8 ივლისი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. პ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. თ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. თ-მ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე. პ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოიტხოვა გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის - 3000 ლარის ანაზღაურება, ასევე მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოპასუხისათვის 5000 ლარის გადახდის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. პ-ს ა. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის მიუღებელი საზღაურის - 3000 ლარის ანაზღაურება. ა. თ-ს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით ე. პ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობლი იყო ე. პ-ისთვის, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის აითვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 20 მარტს და ამოიწურა 2014 წლის 2 აპრილს.
აღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 20 მარტიდან, შესაბამისად მე-14 დღე 3 აპრილი იყო. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სააპელაციო საჩივრის შეტანამდე არაუმეტეს 44 დღეა გასული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე. პ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.
საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2014 წლის 18 თებერვალს გამოცხადდა, ე. პ-ისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თაობაზე, შესაბამისად, გასაჩივრების მსურველი მხარე არაუადრეს 10 მარტისა და არაუგვიანეს 20 მარტისა უნდა გამოცხადებული სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. 2014 წლის 13 მარტს, ანუ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 23-ე დღეს, ე. პ-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა, მაგრამ მას დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გადასცემია. გადაწყვეტილება მოპასუხეს 21 მარტს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ სასამართლოს ევალება, მხარის მიმართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩააბაროს მას გადაწყვეტილება და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ იქნება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, საპროცესო კანონმდებლობით, დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში და არა მე-20 ან 30-ე დღეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარემ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ივარაუდება, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა. საპირისპირო უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით (მაგ. მხარემ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე და ა.შ). ყოველგვარი ეჭვი წყდება მხარის სასარგებლოდ.
საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში, ე. პ-მა შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 23-ე დღეს გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარდა, რის გამოც, გასაჩივრების ვადის ათვლა მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან უნდა დაიწყოს და არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
დასაბუთებული გადაწყვეტილება ე. პ-ს 21 მარტს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, 22 მარტიდან დაიწყო და 4 აპრილს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი 3 აპრილსაა შეტანილი და სააპელაციო სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. პ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინება და საქმე ე. პ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე