Facebook Twitter

№ას-507-480-2014 11 ივლისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - დ. ნ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ხ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის რეალიზაცია ამონაგების განაწილებით, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ხ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში დ. და ლ. ნ-ების, ასევე ნ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისში, ა. ყ-ის გამზ. N29/22-ში მდებარე საცხოვრებელი N76 ბინის სხვენთან ერთად აუქციონზე რეალიზაცია და ამონაგები თანხის 2/3-ის ლ ხ-ისათვის მიკუთვნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ქ. თბილისში, ა. ყ-ის გამზ. N29/22-ში მდებარე ბინა N76, და სხვენი, ლ. ხ-ს მიეკუთვნა ამონაგების 50%, ხოლო დ. ნ-ს და ლ. ნ-ს - 25% თითოეულს, ლ. ხ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე დ. ნ-ის, ლ. ნ-ის და ნ. ბ-ის მიმრთ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა ლ. ხ-მ, სააპელაციო საჩივრები შეიტანეს ასევე დ. ნ-მ და ლ. ნ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით ლ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 23.12.2013 წლის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დ. ნ-ე ესწრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღედ ითვლება 2014 წლის 12 იანვარი, ხოლო 30-ე დღედ - 2014 წლის 22 იანვარი. მხარეს შეეძლო, მითითებულ პერიოდში სასამართლოში გამოცხადება და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა დ. ნ-მ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 30- დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2014 წლის 27 იანვარს ( ტომი 1, ს.ფ. 193). შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 23 იანვარს და ამოიწურა 05.02.2014 წელს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. ნ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღეს დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც აცნობა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო და თავად შეატყობინებდა, როცა მომზადდებოდა. 2014 წლის 27 იანვარს კვლავ ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც უთხრა, რომ გადაწყვეტილება მზად იყო, რის შემდეგაც ჩაიბარა გადაწყვეტილება და კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა. დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მოუმზადებლობის გამო მხარე არ უნდა დაზარალდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასმართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, დ. ნ-მ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, მაგრამ 27 იანვრამდე დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, მით უმეტეს, რომ ლ. ნ-ის წარმომადგენელს დასაბუთებული გადაწყვეტილება 24 იანვარს ჩაბარდა (ტ. 1-ლი, ს.ფ. 192).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2014 წლის 22 იანვარს დაიწყო და 4 თებერვალს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარ კი, 6 თებერვალსაა შეტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დ. ნ-ის საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დ. ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე