Facebook Twitter

№ას-509-482-2014 11 ივლისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „კ. ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ-ი 2008“, თ. გ-ე, ა. ფ-ე, თ. ფ-ე, მ. გ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „კ. ს. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „გ-ი 2008-ის“, თ. გ-ის, ა. ფ-ის, თ. ფ-ის, მ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა შპს „გ-ი 2008-სათვის“ სესხის ტანხის 262795,12 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს, დარჩენილი ძირითადი თანხის 0,5%-ისყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის 17 აგვისტოდან სესხის დაფარვამდე, გადახდის დაკისრებაა, ასევე იპოთეკით დატვირთული, მოპასუხეების კუთვნილი ქონების რეალიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით სს „კ. ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი არაუგვიანეს 14 მარტისა უნდა გამოცხადებულიყო გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, რაც მას არ შეუსრულებია, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა გამოცხადებიდან 30-ე დღეს იწყება და 2014 წლის 28 მარტს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი 1 აპრილსაა შეტანილი.

აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, კანონით დადგენილ ვადაში უკავშირდებოდნენ მოსამართლის თანაშემწეს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. 2014 წლის 19 მარტს ეცნობათ, რომ გადაწყვეტილება მზად იყო და ბანკის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ჩაიბარა, ხოლო სააპელაციო საჩივარი 1 აპრილსაა შეტანილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „კ. ს. ბ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასმართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სს „კ. ს. ბ-ის“ წარმომადგენელმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ უკავშირდებოდნენ მოსამართლის თანაშემწეს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს „კ ს. ბ-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „კ. ს. ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე