№ას-515-488-2014 17 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. თ-ი, კ. შ-ი, თ. კ-ე
წარმომადგენლი - მ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, თანხის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჩ-ას ქუჩა 14ა-ს“, ო ჩ-ის, ვ. ტ-ს, ზ. თ-ის, თ. კ-ის, კ. ა-ას და სხვათა წინააღმდეგ და მოითხოვა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჩ-ას ქუჩა 14ა-ს“ 2010 წლის 23 თებერვლის კრების ოქმის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა იცოდნენ წილზე ყადაღის არსებობის თაობაზე და განახორციელეს უფლების გასხვისება, რაც უკანონოა, ასევე მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ 11 000 აშშ დოლარის და 552 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ ყადაღა კონკრეტულად არ ედო მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივს, რაც ცხადყოფდა, რომ ო. ჩ-ის სამომავლო უფლება არ წარმოშობილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებასთან კი, არანაირი კავშირი მათ არ აქვთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელზე ბათილად ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჩ-ას ქუჩა 14ა-ს“ 2010 წლის 23 თებერვლის კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. ნ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 11 000 აშშ დოლარის და 552 ლარის გადახდა, მოპასუხე ო. ჩ-ის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. ნ. ჩ-ის სარჩელის მოთხოვნა - დაეკისროთ მოპასუხეებს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჩ-ას ქუჩა 14ა-ს“, ვ. ტ-ს, ზ. თ-ს, თ. კ-ს, კ. ა-ას, დ. პ-ს, ნ. ო-ს, გ. ბ-ს, თ. წ-ს, ე. ჩ-ს, მ. ბ-ს, მ. დ-ს, ვ. ო-ს, მ. გ-ს, კ. შ-ს, ლ. ს-ს, ე. პ-ს, ლ. ლ-ს, ჯ. ჩ-ას სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 11 000 აშშ დოლარის და 552 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჩ-ას ქუჩა 14ა-ს“ 2010 წლის 23 თებერვლის კრების ოქმი ო. ჩ-ისათვის განკუთვნილი 70მ2 საერთო ფართის განაწილების ნაწილში, ზ. თ-ს, კ. შ-ს, ჯ. ჩ-ას, თ. კ-ს ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 11 000 აშშ დოლარის და 552 ლარის გადახდა. სარჩელი დანარჩენი მოპასუხეების მიმართ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. თ-მა, კ. შ-მა, ჯ. ჩ-ამ და თ. კ-მ, მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ჩ-ას, ზ. თ-ის, კ. შ-ის და თ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2013 წლის 9 დეკემბერს კ. შ-მა, ზ. თ-მა და თ. კ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმავე სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართეს. განმცხადებლების მითითებით, 2013 წლის 22 ნოემბერს მათთვის გახდა ცნობილი, მტკიცებულების არსებობის შესახებ, რომლის თანახმადაც ო. ჩ-ის მიმართ 2009 წლის დეკემბერში მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საჯარო რეესტრს ეცნობა 2010 წლის 9 ივნისს, შესაბამისად, 2010 წლის 23 თებერვალს, როდესაც ჩატარდა ამხანაგობის კრება და მოხდა ო. ჩ-ის კუთვნილი ფართის გადაცემა ვ. ტ-ზე, საჯარო რეესტრში ვერ იქნებოდა ინფორმაცია ყადაღის არსებობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით კ. შ-ის, ზ. თ-ისა და თ. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით, ნ. ჩ-მ 2009 წლის 10 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრს ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ჩ-ის მოთხოვნა ყადაღის რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა, ამდენად, გარემოება, რომელსაც განმცხადებლები საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევდნენ - ამხანაგობის მიერ 2010 წლის 23 თებერვალს ფართების განაწილებისას ო. ჩ-ის უფლებაზე შეზღუდვის არარსებობა - არ დადასტურდა შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება განმცხადებლებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, საჯარო რეესტრის 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ყადაღის საფუძვლად მითითებულია კერძო აღმასრულებლის ვ. ო-ის 2010 წლის 9 ივნისის Nა10033843-006 09.09.2010 მიმართვა. ამ მიმართვის საფუძვლად მითითებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სააღსრულებო ფურცელი N11792-09. 2010 წლის მარტში ვ. ტ-ს სახელზე მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამის გრაფაში არ არის მითითებული ამხანაგობის მიმართ გამოყენებული ყადაღა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2009 წლის დეკემბერში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არ გასაჯაროებულა მესამე პირებისთვის. 2010 წლის 23 თებერვლის კრების ჩატარებამდე განმცხადებლებმა საკუთარი ინიციატივით გაიარეს კონსულტაცია საჯარო რეესტრში და ადგილზე მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ 2010 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით რაიმე ყადაღა ამხანაგობის ქონებას არ ედო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის, კ. შ-ის, თ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს კერძო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმის მასალების მიხედვით, ნ ჩ-მ 2009 წლის 10 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრს ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ჩ-ის მოთხოვნა ყადაღის რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა.
განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ 2010 წლის 23 თებერვლისათვის, როდესაც ო. ჩ-ის ქონება გადაეცა ვ. ტ-ს, ქონებაზე ყადაღა რეგისტრირებული არ იყო, რის დასადასტურებლადაც მიუთითებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. მათი აზრით, გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საჯარო რეესტრს 09.06.2010 წელს წარედგინა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ამ მტკიცებას და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ო. ჩ-ის ქონებაზე ყადაღის წარმოშობის შემდეგი საფუძვლები: მომართვა Nა10033843-006 09.06.2010, კერძო აღმასრულებელი ვ. ო-ე; განჩინება, სააღსრულებო ფურცელი N63696-09, 08.12.2009, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; სააღსრულებო ფურცელი N11792-09, 26.11.2009 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. ჩამონათვალის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტები ცალ-ცალკეა ყადაღის წარმოშობის საფუძველი და არ ნიშნავს იმას, რომ კერძო აღმასრულებელმა 09.06.2010 წლის მიმართვის საფუძველზე წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინება. გარდა ამისა, განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებების საპირისპიროს ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ნ. ჩ-ის 2009 წლის 10 დეკემბრის განცხადება ამხანაგობაში ო. ჩ-ის კუთვნილ წილზე ყადაღის რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებას ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინება ყადაღის გამოყენების თაობაზე და N63696-09 სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, აღნიშნული განჩინების საფუძველზე გამოყენებული ყადაღა საჯარო რეესტრში 2009 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო და განმცხადებლების მითითება, რომ 2010 წლის 23 თებერვალს შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო, უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ თ-ის, კ შ-ის და თ კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე