Facebook Twitter

№ას-536-509-2014 4 ივლისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ხ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - რ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „თ. ბ-მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნ. ხ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 2008 წლის 31 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შემცირებული დავალიანების 2000 ლარის გადახდის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ხ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის საკმარისი ეგზემპლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის განჩინება გაეგზავნა თავად აპელანტსაც და მის წარმომადგენელ რ. ჩ-საც. ორივე გზავნილი დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ შეიცვალა მისამართი, ამდენად, განჩინება ჩაბარებულად მიიჩნია 27 მარტიდან და ამ თარიღიდან აითვალა ხარვეზის შევსების ვადა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნოდარ ხრიკულის წარმომადგენელმა რ. ჩ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას მისამართი არ შეუცვლია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ჩაბარდა იმავე მისამართზე ფოსტის მეშვეობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის წარმომადგენელ რ. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილი ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ უნდა გაიგზავნოს სასამართლოსათვის ცნობილ იმავე ან სხვა მისამართზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარემ შეიცვალა მისამართი, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მისამართის ცვლილება პირდაპირ უნდა დასტურდებოდა ფოსტის მიერ დაბრუნებულ გზავნილზე არსებული აღნიშვნით ან სხვა მტკიცებულებით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალები ადასტურებს, რომ ხარვეზის განჩინება გაეგზავნა ნ. ხ-სა და მის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. ნ. ხ-ის გზავნილი დაბრუნდა აღნიშვნით „ამ მისამართზე ცხოვრობს პ. გ-ე მე-2 სართული კარი წითელი“, შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ნ. ხ-ი მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა, მაგრამ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. რაც შეეხება ნ. ხ-ის წარმომადგენელ რ. ჩ-ისათვის გაგზავნილ განჩინებას, დაბრუნებულ გზავნილზე აღნიშნულია, რომ მეზობლის მითითებით, ადრესატი მისამართზე არ ცხოვრობს, ცხოვრობს მდგმური. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული უკუგზავნილი და არასწორად მიიჩნია, რომ რ. ჩ-მ მისამართი შეიცვალა. ფოსტის თანამშრომელს არ უსაუბრია უშუალოდ მისამართზე მცხოვრებ პირთან. ის გარემოება, რომ რ. ჩ-ს ჰყავდა მდგმური, არ ადასტურებს მის მიერ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას, რადგანაც ქირავნობა, შესაძლებელია, გავრცელდეს მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ნაწილზე. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება რ. ჩ-ს იმავე მისამართზე ჩაბარდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება განმეორებით უნდა გაეგზავნა მხარისათვის მისთვის ცნობილ მისამართზე, განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი, შესაძლებელი იქნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების გავრცელება. სააპელაციო სასამართლომ კი, პირველი ჩაუბარებლობის მომენტიდან აითვალა ხარვეზის შევსების ვადა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის მომენტიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოცემულ კერძო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. იმავე კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით კი, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს. აღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, მოცემული დავა მაგისტრატი მოსარჩელის განსჯადია, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება და კერძო საჩივარზე გადახდილი უნდა ყოფილიყო 25 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი უშვებს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ის წარმომადგენელ რ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინება და საქმე ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის მომენტიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. ნ. ხ-ს დაუბრუნდეს 14.05.14 წლის N1 საგადახდო დავალებით რ. ჩ-ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე