Facebook Twitter

№ას-548-521-2014 25 ივლისი, 2014წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – იბა „ლ-ას“ დამფუძნებელი წევრების: ლ. შ-ისა და გ. მ-ის წარმომადგენელი ბ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - – ო. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი იბა „ლ-ას“, მისი თავმჯდომარის გ. მ-ისა და დამფუძნებელი წევრის ლ. შ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრათ 35000 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს იბა „ლ-ას“ თავმჯდომარე გ. მ-მ და დამფუძნებელმა წევრმა ლ. შ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით იბა „ლ-ას“ თავმჯდომარე გ. მ-ისა და დამფუძნებელი წევრის ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 24 მარტის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ლ-ას“ თავმჯდომარე გ. მ-ის, დამფუძნებელი წევრის ლ. შ-ის, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ლ-ას“, (თავმჯდომარე გ. მ-ე) და დამფუძნებელ წევრს ლ. შ-ს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მის მიერ მიღებული 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით, აპელანტებს, მათივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 10 დღით გაუგრძელდათ საპროცესო ვადა, თუმცა, მათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა იბა „ლ-ას“ დამფუძნებელი წევრების: ლ. შ-ისა და გ. მ-ის წარმომადგენელმა ბ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს, აპელანტ გ. მ-ს არ ჩააბარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რის გამოც მხარისთვის უცნობი იყო მის მიმართ გამოტანილი ხარვეზის არსებობა და, შესაბამისად, მას ხარვეზი პროცესუალრუად უნდა გამოესწორებინა ზემოხსენებული ხარვეზის ჩაბარების შემდგომ. ამდენად, სასმართლომ დააღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით, მხარისთვის მინიჭბული უფლება, მხარეთა თანასწორობის, მისთვის სასამართლო განჩინების გადაგზავნის, სამოქალაქო საქმის მასალების გაცნობისა და ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებები. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო მათი შუამდგომლობა და 20 დღის ნაცვლად, ხარვეზის გამოსწორების ვადა განუსაზღვრა 10 დღით, რაც გახდა მიზეზი, რომ მათ კვლავ მოეთხოვათ დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და სააპელაციო საჩივარი უკანონოდ დატოვა განუხილველად, რითაც ფაქტობრივად არ მისცა საშუალება აღედგინათ დარღვეული უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იბა „ლ-ას“ დამფუძნებლების: ლ. შ-ისა და გ. მ-ის წარმომადგენელ ბ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 მარტის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალათ, განჩინების ჩაბნარებიდან 10 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მის მიერ მიღებული 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით, აპელანტებს, მათივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 10 დღით გაუგრძელდათ საპროცესო ვადა.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტ ლ. შ-ს, კერძოდ, მის რძალს გ. ბ-ს ჩაჰბარდა 2014 წლის 26 აპრილს (იხ.ს.ფ. 189), ხოლო ორივე აპელანტის წარმომადგენელ, ადვოკატ ბ. კ-ს – 2014 წლის 2 მაისს (იხ.ს.ფ. 193).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა ლ. შ-ისთვის დაიწყო 2014 წლის 27 აპრილს და ამოიწურა 2014 წლის 6 მაისს. მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. რაც შეეხება გ. მ-ს, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2013 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მოითხოვა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და 2014 წლის 20 მაისის განჩინებით იბა „ლ-ას“ დამფუძნებელი წვერების ლ. შ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილევლად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, გ. მ-მ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, რითაც ფაქტობრივად არ მისცა საშუალება აღედგინათ დარღვეული უფლებები. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელებით დაირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებულ უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად. მითუმეტეს, რომ სასამართლო სამართალწარმოების აღნიშნულ ეტაპზე უკვე მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობები ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, რითაც ილახება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს, აპელანტ გ. მ-ს არ ჩააბარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის გაბნჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რის გამოც მხარისთვის უცნობი იყო მის მიმართ გამოტანილი ხარვეზის არსებობა და, შესაბამისად, მას ხარვეზი პროცესუალრუად უნდა გამოესწორებინა ზემოხსენებული ხარვეზის ჩაბარების შემდგომ. ამდენად, სასმართლომ დააღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით, მხარისთვის მინიჭბული უფლება, მხარეთა თანასწორობის, მისთვის სასამართლო განჩინების გადაგზავნის, სამოქალაქო საქმის მასალების გაცნობისა და ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინადიან როგორც საქმის მასალებით ირკვევა ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განჩინება გ. მ-ს, კანონით დადგენილი წესით, რამდენჯერმე გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე, თუმცა გზავნილი ვერ ჩაჰბარდა, იმ მიზეზით, რომ დასახელებულ მისამართზე იგი არ ცხოვრობდა (იხ. ს.ფ. 156, 159, 171,173) , ამასთან, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებას ხელს აწერს თავად გ. მ-ე, რაც ცხადყოფს, რომ მისთვის, მის მიმართ გამოტანილი ხარვეზის არსებობის შესახებ ცნობილი იყო. (იხ. ს.ფ. 177).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებმა დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ იბა „ლ-ას“ დამფუძნებლების ლ. შ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

იბა „ლ-ას“ დამფუძნებლების: ლ. შ-ისა და გ. მ-ის წარმომადგენელ ბ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე