№ას-553-525-2014 18 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ლ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. ს. ც-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ. ს. ც-მა“ შპს „ლ-ას“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ლ-ას" დაეკისრა მოსარჩელის შპს ,,კ. ს. ც-ის" სასარგებლოდ 5518 ლარის და ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 165.24 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაენიშნა 7-დღიანი საპროცესო ვადა, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად - სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად 227.34 ლარის ოდენობით.
მითითებული განჩინების საპასუხოდ, 2014 წლის 21 მარტს შპს ,,ლ-ას" დირექტორმა თ. ბ-ამ წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ახლდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადასახდელად გონივრული ვადის მიცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაგრძელდა 7 დღით.
2014 წლის 3 აპრილს შპს ,,ლ-ას" დირექტორმა თ. ბ-ამ წარმოადგინა განცხადება, რომელსაც ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავდროულად განმცხადებელმა მოითხოვა გონივრული ვადის მიცემა სახელმწიფო ბაჟის სულად გადასახდელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა კიდევ 5 დღით. ეს განჩინება შპს ,,ლ-ას" დირექტორს თ. ბ-ას ჩაბარდა 2014 წლის 17 აპრილს.
მითითებული განჩინების საპასუხოდ, 2014 წლის 23 აპრილს (ფოსტისათვის გადაცემის თარიღი - 22.04.2014 წ.) შპს ,,ლ-ას" დირექტორმა მიმართა სასამართლოს განცხადებით, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი (არასწორ ანგარიშზე) და მოითხოვა გონივრული ვადის მიცემა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადასახდელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს „ლ-ას“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება შპს „ლ-ას“ დირექტორმა თ. ბ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, შპს „ლ-ას“ ანგარიშებს ედო ინკასო. სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის მოთხოვნა გონივრული ვადის მიცემის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი ხარვეზს ნაწილ-ნაწილ ავსებოდა. სასამართლო ვალდებული იყო, კიდევ ერთხელ გაეგრძელებინა საპროცესო ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ლ-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საკმარისი დრო არ მისცა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაენიშნა 7-დღიანი საპროცესო ვადა, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად - სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად 227.34 ლარის ოდენობით. აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა, რის შემდეგაც მან ხარვეზი სრულად მაინც არ გამოასწორა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
აღნიშნული ნორმის ახსნა-განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი იმპერატიულ ხასიათს არ ატარებს და საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა, მხარის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელებისათვის სასამართლოს ვარაუდი უნდა გააჩნდეს, რომ ამგვარი მოთხოვნა პროცესის გაჭიანურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მხარე აპირებს ხარვეზის შევსებას, უბრალოდ, პატივსადები მიზეზების გამო, მიცემული დრო მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დასაბუთებული უნდა იყოს და მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით დასტურდებოდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ლ-ასათვის“, ისევე როგორც ნებისმიერი მხარისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას ცნობილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების თაობაზე. ამ უკანასკნელს ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ 7-დღიანი ვადა მიეცა, რაც მსგავსი ტიპის ხარვეზის გამოსასწორებლად გონივრულ ვადაა, გარდა ამისა, აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა საპროცესო ვადა. ყოველ ჯერზე აპელანტი იხდიდა ბაჟის მცირე ნაწილს და შუამდგომლობდა ვადის გაგრძელების თაობაზე, საბოლოოდ, შპს „ლ-ამ“ ხარვეზი სრულად არ შეავსო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და ვადის შემდგომი გაგრძელება მიზანშეწონილი აღარ იყო, ვინაიდან ხარვეზის ეტაპზე საქმის წარმოების პერიოდმა თითქმის შეადგინა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის დადგენილი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ლ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე