№ას-561-532-2014 11 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ჯ-ი, თ. ა-ი, თ. ქ-ი, ი. ბ-ი, დ. მ-ი, ნ ლ-ი (დაბ.... წელს), ჯ. მ-ი, ნ. მ-ი, ნ. ლ-ი (დაბ.... წელს), ნ. მ-ი, ი. ს-ი, .ა თ-ი, ი. ტ-ი, ა. კ-ი, ლ. კ-ი, გ. ე-ი, ი. ბ-ი და ე. ტ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ ჯ-ის, თ. ა-ის, თ. ქ-ის, ი. ბ-ის, დ. მ-ის, ნ. ლ-ის (დაბ..... წელს), ჯ. მ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-ის (დაბ..... წელს), ნ. მ-ის, ი. ს-ის, ა. თ-ის, ი. ტ-ის, ა. კ-ის, ლ. კ-ის, გ. ე-ის, ი. ბ-ისა და ე. ტ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასარჩელო მოთხოვნა თ. ჯ-ის, თ. ა-ის, ჯ. მ-ის, ნ. ლ-ის (დაბ..... წელს), ა. კ-ის, ლ. კ-ის, გ. ე-ის, ე. ტ-ის, ნ. ლ-ის (დაბ.... წელს) და თ. ქ-ის მიმართ (მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 1100 აშშ დოლარის დაკისრებას) არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ი. ს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1050 ლარის, თ. ქ-ს – 560 ლარის, ა. თ-ს – 430 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ი. ტ-ს – 800 ლარისა და 160 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნ. მ-ს – 2224 ლარისა და 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ი. ბ-ს 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნ. მ-ს – 480 ლარისა და 480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, დ. მ-ს კი – 560 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნ. ჯ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯ. მ-ის მიმართ გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ჯ. მ-ს ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3020.5 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში ჯ. მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჯ-აც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2014 წლის 10 მარტს ნ. ჯ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა. განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქმის განხილვა ყველა ინსტანციაში დარღვევით ხორციელდებოდა, გარდა ამისა, მოპასუხეები ეუბნებოდნენ, რომ მიიღეს სააღსრულებო ფურცლები და მოითხოვდნენ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდას, მაშინ, როდესაც, დაკისრებული თავად არ გადაუხდიათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ. ჯ-ს დაევალა დაეზუსტებინა მოთხოვნა და მიეთითებინა, კონკრეტულად რა საპროცესო მოქმედების შესრულებას ითხოვდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. ჯ-ის განცხადება განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, საქმის წარმოება სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში დარღვევებით მიმდინარეობდა. სასამართლო განიცდის ზეწოლას, რის შედეგადაც მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით მისი კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა. განჩინება ნ. ჯ-ს დაუმალეს. საკასაციო ინსტანციაში დაირღვა საქმის წარმოების ვადები. რაც შეეხება სააპელაციო სასმართლოს დავალებას მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ის ითხოვს: 1) ნ ჯ-ის 2014 წლის 5 მაისის და 10 ივნისის კერძო საჩივრების წარმოებაში მიღებას და განხილვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის საფუძველზე 2) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინების განხილვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე, 424-ე, 31-ე და 32-ე მუხლებით მიხედვით, 3) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს კერძო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
2014 წლის 10 მარტს ნ. ჯ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა. განცხადებაში ზოგადად მიუთითებდა, რომ საქმის განხილვა ყველა ინსტანციაში დარღვევით ხორციელდებოდა, გარდა ამისა, მოპასუხეები ეუბნებოდნენ, რომ მიიღეს სააღსრულებო ფურცლები და მოითხოვდნენ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდას, მაშინ, როდესაც, დაკისრებული თავად არ გადაუხდიათ. განცხადებიდან არ ირკვეოდა, მხარე რა საპროცესო მოქმედების განხორციელებას მოითხოვდა, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ. ჯ-ს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დაეზუსტებინა მოთხოვნა. ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა განსაზღვრა. ხარვეზის განჩინება ნ. ჯ-ს 2014 წლის 26 აპრილს პირადად ჩაბარდა, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზი გამოსწორებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 6 მაისისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ნ. ჯ-ს ხარვეზი სასამართლოს მეირ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია, არამედ, მან ხარვეზის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა იქც მხოლოდ ზოგადად მიუთითებდა, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას მისი ინტერესები ირღვეოდა. ვინაიდან მხარემ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, სააპელაციო სასამართლომ განცხადება განუხილველად მართებულად დატოვა.
წარმოდგენილი კერძო საჩივრით ნ. ჯ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებას ასაჩივრებს, მაგრამ არ მიუთითებს ამ განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს: 1) ნ. ჯ-ის 2014 წლის 5 მაისის და 10 ივნისის კერძო საჩივრების წარმოებაში მიღებას და განხილვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის საფუძველზე 2) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინების განხილვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე, 424-ე, 31-ე და 32-ე მუხლებით მიხედვით, 3) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2014 წლის 5 მაისის კერძო საჩივარი შეტანილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის საფუძველზე განუხილველად დარჩა, ვინაიდან ხარვეზის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, ამდენად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე ვერ იმსჯელებს.
ნ. ჯ-ი ასევე მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ჯ-ს ამგვარი განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, მართალია, კერძო საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მისი 2014 წლის 10 მარტის განცხადება საქართველოს უზენასმა სასამართლომ უნდა განიხილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ განცხადებაში არ არის დაფიქსირებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნა, ასევე არ არის მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან გაუქმების საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ .ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე