№ას-577-548-2014 25 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ-ე ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. და კ. ლ-ებმა ხაშურის რაიონულ სასამართლოში კ-ე ლ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
კ-ე ლ-მ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა რ. ლ-ისათვის მისთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 5000 ლარის გადახდის დაკისრება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. და კ. ლ-ების სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, კ-ე ლ-ს დაევალა მოსარჩელეებისათვის სამი ხის კოტეჯის დაბრუნება. კ-ე ლ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კ-ე ლ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად (440 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად) განესაზღვრა 10 დღის ვადა, განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართ აპელანტმა, წარმოადგინა 30 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განმარტა, რომ მის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენდა 200 ლარს, ნაცვლად 440 ლარისა. ამასთან, იმ მოტივით, რომ მატერიალური მდგომარეობის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, დარჩენილი ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით კ-ე ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების მიზნით გაუგრძელდა საპროცესო ვადა და 170 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად დამატებით განესაზღვრ 7 დღე, განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სააპელაციო პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა, წარმოადგინა 20 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ისევ იმ მოტივით, რომ მატერიალური მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას სრულად გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, მოითხოვა დარჩენილი ბაჟის გადასახდელად ვადის გაგრძელება მ/წლის 14 მარტამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით კ-ე ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დარჩენილი - 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განესაზღვრა დამატებით 10 დღე, განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
2014 წლის 20 მარტს აპელანტმა წარმოადგინა 70 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ მოითხოვა დამატებითი დრო ბაჟის სრულად გადახდისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით კ-ე ლ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება კ-ე ლ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უფლებები დაურღვია, რადგანაც არ მისცა საკმარისი დრო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. მან დაკისრებული 200 ლარიდან 120 ლარი გადაიხადა, დარჩენილი 80 ლარის გადასახდელად კი დამატებით დრო ესაჭიროებოდა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. სასამართლომ მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არ გაითვალისწინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კ-ე ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საკმარისი დრო არ მისცა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად (440 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად) განესაზღვრა 10 დღის ვადა, განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა, წარმოადგინა 30 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განმარტა, რომ მის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენდა 200 ლარს, ნაცვლად 440 ლარისა. ამასთან, იმ საფუძვლით, რომ მატერიალური მდგომარეობის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, დარჩენილი ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა. აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა, რის შემდეგაც მან ხარვეზი სრულად მაინც არ გამოასწორა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
აღნიშნული ნორმის ახსნა-განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი იმპერატიულ ხასიათს არ ატარებს და საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა, მხარის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელებისათვის სასამართლოს ვარაუდი უნდა გააჩნდეს, რომ ამგვარი მოთხოვნა პროცესის გაჭიანურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მხარე აპირებს ხარვეზის შევსებას, უბრალოდ, პატივსადები მიზეზების გამო, მიცემული დრო მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დასაბუთებული უნდა იყოს და მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით დასტურდებოდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ-ე ლ-ისათვის, ისევე როგორც ნებისმიერი მხარისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას ცნობილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების თაობაზე. ამასთან, ამ უკანასკნელს ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ 10-დღიანი ვადა მიეცა, რაც მსგავსი ტიპის ხარვეზის გამოსასწორებლად გონივრულ ვადაა, გარდა ამისა, აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა საპროცესო ვადა. ყოველ ჯერზე აპელანტი ფორმალურად იხდიდა 20-30 ლარს და შუამდგომლობდა ვადის გაგრძელების თაობაზე, საბოლოოდ, კ-ე ლ-მ ხარვეზი სრულად არ შეავსო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და ვადის შემდგომი გაგრძელება მიზანშეწონილი აღარ იყო, ვინაიდან ხარვეზის ეტაპზე საქმის წარმოების პერიოდმა გადააჭარბა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის დადგენილ ვადას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-ე ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე