Facebook Twitter

Nას-590-558-2014 28 ივლისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ჯ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. გ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. გ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. ჯ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 69900 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ო. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ ჯ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 46000 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჯ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით მ. ჯ-ის საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა, კერძოდ, სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2014 წლის 11 მარტის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2014 წლის 11 აპრილიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან) და ამოიწურა 2014 წლის 24 აპრილს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2014 წლის 25 აპრილს, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მ. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ვადა არასწორადაა ათვლილი, გარდა ამისა, 19-დან 24 აპრილამდე ავად იყო, რის გამოც ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრის შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სააპელაციო საჩივარი განუხილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის გაშვების გამო დარჩა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში არ გამოცხადებულა, მხარე არც იმ ფაქტს ხდის სადავოდ, რომ სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 25 აპრილსაა შეტანილი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან აპელანტმა ვადა ავადმყოფობის გამო დაარღვია, სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ათვალა გასაჩივრების ვადა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.

იმავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს საპროცესო ვადის აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ არ არსებობს კანონის პირდაპირი აკრძალვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი კი, იმპერატიულად კრძალავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას ან აღდგენას, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზითაა გამოწვეული თუ არა.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ვადა არასწორად აითვალა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2014 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მხარე შესაბამის ვადაში არ გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 10 აპრილს და 23 აპრილს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი 25 აპრილსაა შეტანილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-, 65-ე, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე