Facebook Twitter

№ას-591-559-2014 25 ივლისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე, ნ. ქ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. კ-მა ნ. ქ-ასა და მ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეთათვის 7935 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით ზ. კ-ს მიეცა 7 დღის ვადა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად. ვადის ათვლა დაიწყო საოქმო განჩინების გამოცხადებიდან.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება ზ. კ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმეს კერძო საჩივრის ფარგლებში იხილავს.

კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობაზე. იგი აზუსტებს თავის სააპელაციო მოთხოვნას და უთითებს, რომ ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 7935 ლარის გადახდა. დაზუსტებულ კერძო საჩივარში მხარე ზოგადად მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არაობიექტურადაა გამოტანილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტები, რომლებიც მითითებულია სააპელაციო საჩივარში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით ზ. კ-ს მიეცა 7 დღის ვადა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად. გასაჩივრების ვადის ათვლა საოქმო განჩინების გამოცხადებიდან დაიწყო და 24 მარტს ამოიწურა. ზ. კ-ს ხარვეზი ამ ვადაში არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე