Facebook Twitter

№ას-592-560-2014 11 ივლისი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. უ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „თ. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზ. უ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების, სულ 9925,68 ლარის, გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით სს „თ. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 204 წლის 15 აპრილიდან დაიწყო და 28 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 29 აპრილსაა შეტანილი.

აღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 18 აპრილს გადაეცა პოსტას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „თ. ბ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში სს „თ. ბ-ის“ წარმომადგენელმა გ. კ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ ვადის დაცვით, 2014 წლის 14 აპრილს ჩაიბარა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 15 აპრილიდან დაიწყო და 28 აპრილს დასრულდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შპს „.. ..-ს“ შეტყობინების ბარათით (რომლის დედანი კერძო საჩივარსაც ერთვის) დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სს „თ. ბ-ის“ წარმომადგენელმა თამარ მურადაშვილმა ფოსტას 2014 წლის 28 აპრილს გადასცა და გზავნილი 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩაბარდა (ტ. 1-ლი, ს.ფ. 103). სააპელაციო სასამართლომ კი, აღნიშნული დოკუმენტი არ გაითვალისწინა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია შეტანილი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ. ბ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება და საქმე სს „თ. ბ-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე