№ას-614-582-2014 17 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი. შ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს ბ-მა“ ი შ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 19051.18 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. შ-ს დაეკისრა 19051.18 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ი. შ-ის განცხადება ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. შ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2008 წლის 19 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 9240,63 აშშ დოლარის, პროცენტის - 1689,6 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 400 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ი. შ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა,
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინებით ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ი. შ-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2014 წლის 15 აპრილს ჩაიბარა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 16 აპრილიდან დაიწყო და 29 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 1 მაისსაა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. შ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ს. ბ-ისაგან ცდილობდა ახალი მტკიცებულებების მოპოვებას, რომლებიც დროულად არ გადაეცა, გარდა ამისა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. 30 აპრილს შეიტანა სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ აუხსნეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა შეეტანა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაში დასვენების დღეები არ ჩაუთვლია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს კერძო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანის ფაქტს. იგი მიუთითებს, რომ სს „ს. ბ-ისაგან“ ახალი მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობდა, რომლებიც დროულად ვერ მიიღო, გარდა ამისა, დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაში არ ჩაუთვლია დასვენების დღეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებებს, რომ ვადის გაშვება საპატიო მიზეზითაა გამოწვეული და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა ან გაგრძელება არ დაიშვება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა კრძალავს, მიუხედავად საპატიო მიზეზის არსებობისა.
კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ 30 აპრილს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა, მაგრამ აუხსნეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა შეეტანა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულება, გარდა ამისა, თუნდაც დადასტურდეს, რომ ი. შ-მ საჩივარი 30 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 29 აპრილს ამოიწურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. შ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე