Facebook Twitter

№ას-615-583-2014 25 ივლისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. ა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ლ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ლ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. ა-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 1500 ევროს გადახდის დაკისრება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 1500 ევროს გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე თ. ა-ს სასამართლოსათვის არ უცნობებია.

აღნიშნული განჩინება თ. ა-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სახლში მარტო ყოფნისას ცუდად გახდა, დაუვარდა წნევა და რამდენიმე საათის განმავლობაში უგონოდ იყო. ვერ მოახერხა ვერც სახლიდან გასვლა, ვერც ტელეფონით ვინმესთან დაკავშირება. ექიმის ცნობას ვერ წარმოადგენს, ვინაიდან სახლში მარტო იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ვერავინ გამოიძახებდა. ავადმყოფობა რომ არა, სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდებოდა, რადგანაც სააპელაციო საჩივრის განხილვა მის ინტერესებშია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით თამარ აგლაძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.

მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. რაც შეეხება იმავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს - სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი ობიექტურად უნდა იყოს საპატიო და ნათლად მიუთითებდეს, რომ კონკრეტულ დროს დანიშნულ სხდომაზე მხარე ვერ გამოცხადდებოდა, გარდა ამისა, მხარეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამგვარი მიზეზის შესახებ წინასწარ აცნობოს სასამართლოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს თ. ა-ის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტით, რომელიც მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამგვარი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რის გამოც საკასაციო სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე