Facebook Twitter

№ას-641-608-2014 25 ივლისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, მ. ს-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - კ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, კ. ა-ისა და ც. ს-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქ. ქუთაისში თ-ის ქ. N23-ში მდებარე 66,36 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრედ აღიარება ც. ს-სა და კ. ა-სთან ერთად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინებით მ. ს-ის წარმომადგენლის გ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, მ. ს-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული №2/ბ-291-14წ. სამოქალაქო საქმის წარმოება, მ. ს-ის მიერ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების - კ. ა-ის, ი. ს-ისა და ც. ს-ის წინააღმდეგ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

აღნიშნული განჩინება ც. ს-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა შეეჩერებინა, რადგანაც სამოქალაქო საქმის განხილვა ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე შესაძლებელია. სარჩელის საგანი არც ადმინისტრაციულ და არც სამოქალაქო საქმეზე არ არის ს-ისა და ა-ის საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა. ადმინისტრაციულ საქმეზე დავის საგანია 15.07.2013 წლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის აზრით, სერვიტუტი სწორად გაუქმდა, მაგრამ არ უნდა გაუქმებულიყო თანასარგებლობის უფლება. ასეთი უფლება მოსარჩელეს რეგისტრირებული არ აქვს, ამიტომ სანამ მოპასუხეთა სარეგისტრაციო ჩანაწერი არ გაუქმდება, გამორიცხულია მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ც. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაჩერა საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279.(დ) მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ს-ის ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩა №23-ში მდებარე 67 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ც. ს-სა და კ. ა-სთან ერთად თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლებს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება - დამოწმების თარიღი 1926 წლის 25 აგვისტო; აღმასრულებელი ფურცელი რეესტრის №4488 - დამოწმების თარიღი 1926 წლის 16 ოქტომბერი; ჩაბარებითი ფურცელი დამოწმებული სასამართლოს აღმასრულებლის ს.ბ-ის მიერ 1926 წლის 2 ოქტომბერს. მითითებული დოკუმენტების საფუძველზე 1998 წელს 18 ოქტომბერს სადავო ნაკვეთზე განხორციელდა სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნა და აეკრძალა მ. ს-ს სერვიტუტის უფლებით სარგებლობა. გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 ივლისის №882013322208-03 გადაწყვეტილებით გაუქმდა 66,36 კვ.მ გზით საერთო სარგებლობის უფლების შესახებ ჩანაწერი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 ივლისის №882013322208-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც არაა შესული კანონიერ ძალაში მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გზით (66,36 კვ.მ.) საერთო სარგებლობის უფლების შესახებ ჩანაწერი და დაევალა მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამოქალაქო საქმის განხილვაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება მართებულად შეაჩერა.

კერძო საჩივრის ავტორი ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მ. ს-ის სარჩელი მაინც ვერ დაკმაყოფილდება, ეს გარემოება კი, ვარაუდის სფეროა და საქმის წარმოების შეჩერების საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს მოცემული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე