№ას-642-609-2014 28 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს „.. .. ..“(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. რ. მ. ც-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. მ. რ. ც-მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სს „.. .. ..-ას“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების, ასევე პირგასამტეხლოს, სულ 21 897 ლარის გადახდის დაკისრება .
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი „.. .. ..-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 794,95 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს, 3000 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით სს „.. .. ..-ას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოპასუხე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში არ გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან დაიწყო და 2014 წლის 11 აპრილს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი 17 აპრილსაა შეტანილი.
აღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველი დაკავებული იყო გაკოტრების პროცესისათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი საქმეებით, როგორიცაა კრედიტორული ზარალის აღრიცხვა-ანგარიშგება, ინფორმაციის გამოქვეყნება, ინვენტარიზაცია და ა.შ. 2014 წლის მარტში „.. .. ..-ას“ არ ჰყავდა კანცელარია. სასამართლო დაგვიანებით ატყობინებდა საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ 2014 წლის 27 მარტს, როცა გასაჩივრების ვადა უკვე გაშვებული იყო. საყურადღებოა, რომ „.. .. ..-ა“ არის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“კანონის მე-5 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რის გამოც, დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა გაეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „.. .. ..-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასმართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადებულა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. სადავო არაა ასევე, რომ სააპელაციო საჩივარი 17.04.2014 წელსაა შეტანილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 27 თებერვალს გამოცხადდა, ვინაიდან მხარე არ გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გამოცხადებიდან 30-ე დღიდან - 29 მარტიდან და ამოიწურა 11 აპრილს. სააპელაციო საჩივარი კი 17 აპრილსაა შეტანილი.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ვადის გაშვება საპატიო მიზეზითაა გამოწვეული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა ან გაგრძელება არ დაიშვება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა კრძალავს, მიუხედავად საპატიო მიზეზის არსებობისა.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ „.. .. ..-ა“ არის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“კანონის მე-5 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რის გამოც, დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა გაეგზავნა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ამ მტკიცებას, და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შესაბამისად, სასამართლო თავისი ინციატივით გადაწყვეტილებას უგზავნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლში მითითებულ ან პატიმრობაში მყოფ პირებს, თუ მათ არ ჰყავთ წარმომადგენელი. კერძო საჩივრის ავტორი არ არის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“კანონის მე-5 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების, მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე. სს „.. .. ..-ა“ კი ლიკვიდაციის რეჟიმში არ იმყოფება, მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებაა დაწყებული, გარდა ამისა, ამ ნორმაში მითითებული სუბიექტები შეღავათით სარგებლობენ მხოლოდ კომერციული ბანკების, მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის, საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ სარჩელებზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „.. .. ..-ას“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „.. .. ..-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე