№ას-651-618-2014 25 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ვ. ბ-ე, რ. გ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ო. გ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-მ და ვ. ბ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში ო. გ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს მოპასუხისათვის 10500 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ისა და რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით ვ. ბ-ისა და რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 28 მარტს და 10 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარ კი, 11 აპრილსაა წარდგენილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სამჯერ მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ 27 მარტს მომზადდა. ამავე დღეს გადაწყვეტილება გაეგზავნა მხოლოდ ვ. ბ-ს, რ. გ-ს კი, გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. მოსარჩელეები სწორედ ამ მითითებას დაეყრდნენ და სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში შეიტანეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ისა და რ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასმართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. ბ-მ და რ. გ-მ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ რამდენჯერმე გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს.
2014 წლის 27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი ინიციატივით გაუგზავნა გადაწყვეტილება ვ. ბ-ს, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შესაბამისად, სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უგზავნის მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლში მითითებულ ან პატიმრობაში მყოფ პირებს, თუ მათ წარმომადგენელი არ ჰყავთ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. ბ-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით ან „ბაჟის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სუბიექტია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დასაბუთებული გადაწყვეტილება რატომ გაუგზავნა, მაგრამ აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს გასაჩივრების ვადის ათვლაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 26 თებერვალს გამოცხადდა, შესაბამისად, გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებული იყო არაუადრეს 18 და არაუგვიანეს 28 მარტისა გამოცხადებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, რაც მოსარჩელეებმა არ შეასრულეს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2014 წლის 28 მარტიდან და 10 აპრილს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 11 აპრილსაა შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომაა დაშვებული, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნულია გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, ხოლო მე-3 პუნქტში - დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი, შესაბამისად, მხარის მტკიცება, რომ გადაწყვეტილებაში შეცდომაა დაშვებული და ის შეცდომაში შეიყვანა ჩანაწერმა „სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში“ დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვ. ბ-ისა და რ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ბ-ისა და რ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე