Facebook Twitter

№ას-664-631-2014 25 ივლისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - რ. ჩ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ტ. პ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ჩ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ტ. პ-ას წინააღმდეგ მოპასუხისათვის 5500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებით რ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გასაჩივრების ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 8 მაისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 13 მაისსაა შეტანილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ჩ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში. მისი წარმომადგენელი უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც წერილობით განცხადების დაწერა მოსთხოვა. 2014 წლის 17 აპრილს ადვოკატმა განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით გადააგზავნა ფოსტის მეშვეობით. ამ გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან და არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან უნდა დაიწყოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

რ. ჩ-ი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. მისი მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში. მისი წარმომადგენელი უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც წერილობით განცხადების დაწერა მოსთხოვა. 2014 წლის 17 აპრილს ადვოკატმა განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით ფოსტის მეშვეობით გადააგზავნა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ამ ნორმის მიზნებისათვის მხარე ან მისი წარმომადგენელი უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში და ჩაიბარონ დასაბუთებული გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მიხედვით, მხარე ვალდებულია, პირადად გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად; მხოლოდ ფოსტის მეშვეობით განცხადების გაგზავნის შემთხვევაში კი, ეს ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაითვლება და გასაჩივრების ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იწყება.

მოცემულ შემთხვევაში თავად კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ არც თავად, არც მისი წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადებულან. რ. ჩ-ის ადვოკატმა განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით ფოსტის მეშვეობით გააგზავნა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასმართლომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან მართებულად დაიწყო.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2014 წლის 26 მარტს გამოცხადდა, ვინაიდან მხარე არ გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გასაჩივრების ვადის ათვლა 30-ე დღიდან - 25 აპრილიდან დაიწყო და 8 მაისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 13 მაისსაა შეტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან რ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაა შეტანილი, სააპელაციო სასამართლომ იგი განუხილველად მართებულად დატოვა, ამდენად, რ. ჩ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე