№ას-727-695-2014 25 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ტ. შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. შ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებასა და კომპენსირებულ თანხას შორის არსებული სხვაობის 135 446,74 ლარის ანაზღაურება. ექსპერტიზის ხარჯის 1000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილები ტ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. რ-ას“ ტ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11691.64 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ტ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.10.2013 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ტ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. რ-ას“ ტ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 89 963 ლარის ანაზღაურება. სს “ს. რ-ას“ ტ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება; სს „ს. რ-ას“ ტ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ორივე ინსტანციის სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის - 2815,2 ლარის ანაზღაურება; სს „ს. რ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 3000 ლარის ანაზღაურება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.10.2013 წლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/6326-13 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა: გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული თანხა 89963 ლარი, შეიცვალა - 84397,6 ლარით. ასევე, საპროცესო ხარჯებში მითითებული თანხა 5815,2 ლარი შეიცვალა 5455,2 ლარით, ხოლო - 2815,2 ლარი შეიცვალა 2455,2 ლარით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სს “ს. რ-ას“ ტ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 84397,6 ლარის ანაზღაურება“. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სს “ს. რ-ას“ ტ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ორივე ინსტანციის სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2455,2 ლარის ოდენობით“. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო აშკარა არითმეტიკული უსწორობა, კერძოდ არასწორადაა დაანგარიშებული თანხა 89963 ლარი, ვინაიდან 124 152 + 37245,6 – 65 308.36 – 11 691.64 = 84397,6 ლარს და არა 89963 ლარს. შესაბამისად, უნდა გასწორდეს გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული აშკარა არითმეტიკული უსწორობა და მითითებული 89963 ლარი, შეიცვალოს 84397,6 ლარით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა გასწორებულიყო სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ტ. შ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ თანხას უნდა გამოკლებოდა 42 კვ.მ სარდაფისა და 123. კვ.მ მიწის ღირებულება, ტ. შ-ის სასარგებლოდ გადასახდელმა თანხამ 101 393 ლარი შეადგინა, სააპელაციო სასამართლომ კი, გადაწყვეტილებაში შეცდომით სარდაფ-სათულად და ლიტერ „ბ“ ნაგებობად მიიჩნია ცალკე მდგომი N2, 2/1 შენობა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე მხარეს არასწორად დააკისრა 89 963 ლარი, რომელიც უსწორობის გასწორების განჩინებით 84397,6 ლარამდე შეამცირა. სარდაფ-სართული კი არის ლიტერ „ა“ ნაგებობის შემადგენელი N1/1 შენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ტ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს კერძო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
2014 წლის 13 მაისის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/6326-13 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა: გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული თანხა 89963 ლარი, შეიცვალა - 84397,6 ლარით. ასევე, საპროცესო ხარჯებში მითითებული თანხა 5815,2 ლარი შეიცვალა 5455,2 ლარით, ხოლო - 2815,2 ლარი შეიცვალა 2455,2 ლარით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სს „ს. რ-ას“ ტ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 84397,6 ლარის ანაზღაურება“. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სს „ს. რ-ას“ ტ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ორივე ინსტანციის სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2455,2 ლარის ოდენობით“.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის უსწორობის გასწორების განჩინებაში ასახულ გაანგარიშებას, არამედ იგი სადავო ხდის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით მტკიცებულებების შეფასებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სისწორეს, კერძოდ, მისი აზრით, სააპელაციო სასამართლოს მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხიდან არ უნდა გამოეკლო სარდაფისა და 123 კვ.მ მიწის ღირებულება, გარადა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საკადასტრო ნახაზი და ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად, მოპასუხისათვის ტ. შ-ის სასარგებლოდ 101 393 ლარის გადახდა უნდა დაეკისრებინა და არა 89 963 ლარის გადახდა, როგორც ეს განისაზღვრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებამდე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე შემოტანილი კერძო საჩივრის ფარგლებში განხილული ვერ იქნება, რის გამოც ტ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე