№ას-734-702-2014 25 ივლისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ხარაგაულის რაიონის სოფ. ხ-ის საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განჩინება (დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში)
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – გაზრდილი სარჩოს და მიუღებელი სარჩოს დაკისრება, სარჩოს გადაანგარიშების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ბ-მ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ხარაგაულის რაიონის სოფ. ხ-ის საჯარო სკოლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა გაზრდილი სარჩოს და მიუღებელი სარჩოს დაკისრების, სარჩოს გადაანგარიშების დავალების მოთხოვნით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სოფ. ხ-ის საჯარო სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად გადაანგარიშებული სარჩოს - 458,62 ლარის, 2013 წლის გაანგარიშებული სარჩოს სხვაობის - 3463,92 ლარის გადახდა, ე. ბ-ის მოთხოვნა სოფ. ხ-ის საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ცვლილებასთან ერთად სარჩოს გადაანგარიშების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სოფ. ხ-ის საჯარო სკოლამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ე. ბ-მ სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განჩინებით ხარაგაულის რაიონის სოფ. ხ-ის საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი და ე. ბ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც სოფ. ხ-ის საჯარო სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად გადაანგარიშებული სარჩოს - 458,62 ლარის, 2013 წლის გაანგარიშებული სარჩოს სხვაობის - 3463,92 ლარის გადახდა, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა სოფ. ხ-ის საჯარო სკოლამ და მოითხოვა აღსრულების შეჩერება. მხარის მითითებით, სკოლას ამ ეტაპზე არ გააჩნია საკმარისი სახსრები გადაწყვეტილების შესრულებისათვის, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესითაა გასაჩივრებული, რადგანაც განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სოფელ ხ-ის საჯარო სკოლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს კერძო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს აღსრულების შეჩერებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესითაა გასაჩივრებული, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება, ამასთან სკოლას არ გააჩნია შესაბამისი სახსრები და შესაძლებელია, შემდგომში გადასახდელი თანხის ლოკალიზება გართულდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებები.
აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთი ტიპის დავებზე გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება აღსრულების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან, კანონმდებელი, უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ასეთი ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია მოპასუხის ინტერესების დაცვის მექანიზმი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო, აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნით მიემართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის, რაც მას არ განუხორციელებია. მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება, მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან ეს გარემოება, საკასაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში უნდა შეფასდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღსრულების შეჩერების საფუძველი არ არსებობს და სოფ. ხ-ის საჯარო სკოლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხარაგაულის რაიონის სოფ. ხ-ის საჯარო სკოლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განჩინება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
თ. თოდრია