Facebook Twitter

საქმე №ას-776-729-2012 24 ივლისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ე, ი. წ-ი, უ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“ მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 9 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შპს „მ-სათვის“: ა. ძირითადი თანხის - 680000 ლარის; ბ. პირგასამტეხლოს - 413667 ლარის; გ. სარგებლის - 75000 ლარის; დ. ძირითადი თანხის დაბრუნებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 1360 ლარის; ე. წლიური 18%-ის - 246.6 ლარის დაკისრება.

შპს „მ-იმ“ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხე შპს „მ-ის“ დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 680000 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე შპს „მ-ის“ დაეკისრა სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის სარგებლის - 75000 ლარის გადახდა;

4. მოპასუხე შპს „მ-ის“ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 500000 ლარის 18%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარჩელის სასამართლოში შეტანის დღიდან, 2010 წლის 3 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 246,6 ლარს;

5. მოპასუხეს დაეკისრა სარჩელის სასამართლოში შემოტანის დროისათვის პირგასამტეხლოს - 413667 ლარის გადახდა;

6. მოპასუხეს დაეკისრა სარჩელის სასამართლოში შეტანის დღიდან 2010 წლის 3 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელ თანხაზე - 680 000 ლარზე პირგასამტეხლოს 0,2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1360 ლარს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-იმ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1. შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

4. შპს „მ-ის“ დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 500000 ლარის, პროცენტის - 180000 ლარის, პირგასამტეხლოს - 30400 ლარის, სულ - 710400 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს თანხის ყოველდღიური 100 ლარის გადახდა გაგრძელდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დ. მ-ის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2011 წლის 16 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს დ. მ-მ, ი. წ-მა და უ. მ-მ, ითხოვეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დ. მ-ის უფლებამონაცვლედ ი. წ-ისა და უ. მ-ის ცნობა და მათზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა შემდეგი საფუძვლებით:

მოთხოვნის დათმობის შესახებ 2011 წლის 12 და 13 დეკემბრის შეთანხმებებით დ. მ-მ თავისი მოთხოვნა შპს „მ-ის“ მიმართ თანხის მიღების თაობაზე დაუთმო ი. წ-ს - 110 000 ლარის ნაწილში, ხოლო უ. მ-ს - 300 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად 100 ლარის გადახდის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

განმცხადებლებმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს სანოტარო წესით დამოწმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2011 წლის 12 დეკემბერს დ. მ-სა და ი. წ-ს შორის შედგა მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დ. მ-ს 2011 წლის 1 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნია დავალიანება ი. წ-ის მიმართ 110 000 ლარის ოდენობით, დავალიანება წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დროისათვის გადახდილი არ იყო. აღნიშნული შეთანხმების მესამე პუნქტის თანახმად, დ. მ-მ დაუთმო ი. წ-ს თავისი მოთხოვნა შპს „მ-ის“ მიმართ 110 000 (ას ათი ათასი) ლარის ოდენობით.

ასევე წარდგენილ იქნა 2011 წლის 13 დეკემბერს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული მეორე შეთანხმება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლის თანახმადაც დ. მ-მ უ. მ-ს დაუთმო თავისი მოთხოვნა შპს „მ-ის“ მიმართ 300 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 100 ლარის გადახდის ნაწილში.

მოთხოვნის დათმობისა და უფლებამონაცვლეობის საკითხი განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ.

განმცხადებლებმა საბოლოოდ დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს: ი. წ-ი ცნობილ იქნას დ. მ-ის უფლებამონაცვლედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე 110 000 ლარის ნაწილში, თანახმად 2011 წლის 12 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმებისა და ი. წ-ის სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების განახლება, განმცხადებელთა მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე უ. მ-ის ცნობა დ. მ-ის უფლებამონაცვლედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 290 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 100 ლარის გადახდის ნაწილში, თანახმად 2011 წლის 13 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმებისა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით დ. მ-ის, ი. წ-ის, უ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დ. მ-ის უფლებამონაცვლედ მოვალე შპს „მ-ის“ მიმართ 290 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 100 ლარის გადახდის ნაწილში ცნობილ იქნა და კრედიტორად მიეთითა უ. მ-ე, დ. მ-ის უფლებამონაცვლედ მოვალე შპს „მ-ის“ მიმართ 110 000 ლარის ნაწილში ცნობილ იქნა და კრედიტორად მიეთითა ი. წიკლაური (აღნიშნული 110 000 ლარიდან კრედიტორ ი. წ-ს მიერ უკვე მიღებული შესრულების - 105384 ლარის გათვალისწინებით). სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების განახლების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ამავე სააღსრულებო ფურცლის გამო დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეწყდა, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „მ-ის“ დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 500 000 ლარის პროცენტის - 180 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - 30 400 ლარის, სულ - 710 400 ლარის გადახდა, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 100 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების სასამართლოში წარდგენის დროისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულებული იყო, კერძოდ, შპს „მ-ის“ დ. მ-სათვის უკვე გადარიცხული ჰქონდა 310000 ლარი.

დ. მ-მ თანხის მიღების თაობაზე შპს „მ-საგან“ მოთხოვნის უფლება დაუთმო ი. წ-ს - 110 000 ლარის ნაწილში, საიდანაც 105 384 ლარი ჩაერიცხა კიდეც ი. წ-ს, ხოლო უ. მ-ს - 300 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 100 ლარის გადახდის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოთხოვნის დათმობის გამომრიცხავი გარემოების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. სასამართლოს განმარტებით, უფლებამონაცვლის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. პალატამ ასევე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე განმცხადებელთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე და მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლეობა (მოთხოვნის დათმობით) ნათელი იყო, დ. მ-ის უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ ი. წ-ი - 110 000 ლარის ნაწილში, საიდანაც ამ უკანასკნელს შპს „მ-საგან“ მიღებული ჰქონდა 105 384 ლარი, ხოლო უ. მ-ის ნაწილში დათმობილი მოთხოვნის ოდენობის დაზუსტებისა და იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორ დ.მ-ს უკვე მიღებული ჰქონდა მოვალე შპს „მ-საგან“ 310 000 ლარი, უ. მ-სათვის დათმობილი მოთხოვნა განისაზღვრებოდა 290 000 ლარითა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური 100 ლარით.

სააღსრულებო ფურცლის მოქმედების განახლების თაობაზე პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განჩინების საფუძველზე გაუქმებული იყო. სააღსრულებო ფურცელი გაცემული იყო უკვე გაუქმებული განჩინების საფუძველზე, შესაბამისად, მისი მოქმედების განახლება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დაუშვებელი იყო, თუმცა სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის გაცემა დასაშვები იყო კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „მ-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება გაუქმდა და საქმის განმხილველ სასამართლოს დაევალა დ.მ-ის მოთხოვნის ოდენობის დადგენა. საქმის ხელახლა განხილვისას, რომელიც გაიმართა მხარეთა დაუსწრებლად, განმცხადებლებმა მოთხოვნა დააზუსტეს. სააპელაციო პალატამ კი, განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მიუხედავად საკასაციო სასამართლოს კონკრეტული მითითებისა, სააპელაციო სასამართლომ მაინც არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა და უ. მ-ს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე მას ეკუთვნოდა.

უდავო გარემოებაა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შპს „მ-მ“ 310 000 ლარის დ.მ-ის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვით ნაწილობრივ დაფარა დავალიანება, აღნიშნული ჯერ კიდევ საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების მიღებამდე განხორციელდა, ასევე უდავოა, რომ ი. წ-ს, როგორც დ. მ-ის უფლებამონაცვლეს გადაერიცხა 105 384 ლარი.

სააპელაციო პალატას არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 19 აპრილს შპს „მ-მ“ დ. მ-ს დამატებით გადაურიცხა 5000 ლარი. საკასაციო სასამართლოს მითითების ზედმიწევნით შესრულებისა და საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ამ გარემოებასაც მისცემდა შეფასებას.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია ვალდებულების შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით და განმარტა, რომ სამართლის ზოგადი პრინციპის თანახმად, არავის შეუძლია გადასცეს სხვას იმაზე მეტი, ვიდრე თავად გააჩნია. შპს „მ-ის“ განმარტებით, დ. მ-ს არ შეეძლო მოთხოვნა 5000 ლარის ნაწილში დაეთმო იმ მიზეზით, რომ მოთხოვნის დათმობის დროისათვის ვალდებულება 5 000 ლარის ნაწილში შეწყვეტილი იყო შესრულების გამო, ამდენად, განჩინების მსჯელობა, რომ 290 000 ლარის ნაწილში შპს „მ-ის“ კრედიტორი უ. მ-ა, არასწორია ვალდებულების შეწყვეტის გამო. წინამდებარე კერძო საჩივარს მისმა ავტორმა დაურთო 2012 წლის 19 აპრილს შპს „მ-ის“ სახელით დ. მ-ისათვის 5 000 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის ასლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 500 000 ლარის, პროცენტის - 180000 ლარისა და პირგასამტეხლოს - 30 400 ლარის, სულ 710400 ლარის გადახდა, ასევე პირგასამტეხლოს - 100 ლარის გადახდა ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

2011 წლის 12 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით დ. მ-მ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მიკუთვნებული 110000 ლარის მოთხოვნის უფლება დაუთმო ი. წ-ს, ხოლო 2011 წლის 13 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით დ. მ-მ უ. მ-ს დაუთმო ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე მიკუთვნებული 300000 ლარისა და პირგასამტეხლოს - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 100 ლარის მოთხოვნის უფლება.

2011 წლის 16 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ი. წ-მა და უ. მ-მ, რომლებმაც, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოითხოვეს მათი ცნობა დ. მ-ის უფლებამონაცვლედ და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით ი. წ-ისა და უ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დ .მ-ის უფლებამონაცვლედ მოვალე შპს „მ-ის“ მიმართ 290 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 100 ლარის გადახდის ნაწილში ცნობილ იქნა და კრედიტორად მიეთითა უ. მ-ე, ხოლო, დ. მ-ის უფლებამონაცვლედ მოვალე შპს „მ-ის“ მიმართ 110 000 ლარის ნაწილში ცნობილ იქნა და კრედიტორად მიეთითა ი. წ-ი (აღნიშნული 110 000 ლარიდან კრედიტორ ი. წ-ის მიერ უკვე მიღებული შესრულების - 105384 ლარის გათვალისწინებით). ამავე განჩინებით გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორთა სასარგებლოდ.

კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს რა ზემოაღნიშნულ განჩინებას, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უ. მ-ე არ უნდა ეცნო დ. მ-ის უფლებამონაცვლედ 290000 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან 2012 წლის 19 აპრილს შპს „მ-იმ“ დ. მ-ს დამატებით გადაურიცხა 5000 ლარი, შესაბამისად, დ. მ-ს არ ჰქონდა უფლება მითითებული თანხა დაეთმო უ. მ-ისათვის, ვინაიდან მოთხოვნის დათმობის მომენტში, ამ თანხაზე მოთხოვნა აღარ არსებობდა, კერძოდ, ვალდებულება შეწყვეტილი იყო მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებით.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყუდარღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „მ-იმ“ 5000 ლარი დ. მ-ს გადაურიცხა 2012 წლის 19 აპრილს. ამ უკანასკნელმა კი მოთხოვნის უფლება უ. მ-ს დაუთმო 2011 წლის 13 დეკემბერს, ანუ რამდენიმე თვით ადრე, შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის მომენტში დ. მ-ე უფლებამოსილი იყო 5000 ლარის მოთხოვნის უფლება დაეთმო უ. მ-ისათვის.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-200 მუხლზე, რომლის მიხედვით, ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე.

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ, თუ მოვალისათვის ცნობილია მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე მაინც შეასრულებს ვალდებულებას მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის, ანუ არაუფლებამოსილი პირის წინაშე, ამ შესრულების ნამდვილობა იმაზე იქნება დამოკიდებული, მოიწონებს თუ არა მას ის პირი, ვისაც მოთხოვნა დაუთმეს (კრედიტორი). ამდენად, კრედიტორის თანხმობით სწორდება არაუფლებამოსილების ნაკლი. არაუფლებამოსილების ხარვეზს კრედიტორის მიერ სარგებლის მიღებაც ასწორებს (სკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი). წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ შპს „მ-იმ“ მოთხოვნის დათმობის თაობაზე იცოდა დიდი ხნით ადრე (2011 წლის 22 დეკემბრიდან), ვიდრე 5000 ლარს გადაურიცხავდა მოთხოვნის თავდაპირველ მფლობელს - დ მ-ს. საქმის მასალებით არ დასტურდება კრედიტორ უ. მ-ის წინასწარი თანხმობა ან შემდგომი მოწონება 5000 ლარის დ. მ-ისათვის გადარიცხვის თაობაზე, ასევე არ ირკვევა კრედიტორის მიერ სარგებლის მიღების ფაქტი, შესაბამისად, შპს „მ-ის“ უ. მ-ის წინაშე ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაეთვლება. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით უ. მ-ე მართებულად იქნა ცნობილი დ. მ-ის უფლებამონაცვლედ შპს „მ-ისაგან“ 290000 ლარის მოთხოვნის ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე