Facebook Twitter

№ა-1353-ბ-9-2014 18 ივლისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – გ. დ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.დედოფლისწყაროს სერვისცენტრისა და სს „კ-ის“ მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის განმარტებით, მას მოპასუხეთა უკანონო ქმედებით მიადგა მატერიალური ზიანი, კერძოდ, უკანონოდ შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც იგი 600 ლარით დაჯარიმდა. სიმართლის დასადგენად, რომ გამოევლინა სამართალდამრღვევი გამოვლენისთვის მან გასწია გარკვეული ხარჯები, კერძოდ, გ.დ-ს თავისი შელახული უფლებების დასაცავად უხდებოდა სასამართლოში სიარული, ცდებოდა ყოველდღიურ საქმიანობას, ხშირად მიდიოდა ავტომანქანით დედოფლისწყაროში, იღებდა საწვავის ხარჯს, იხდიდა სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟს, ინტერესების დასაცავად ემზადებოდა ბიბლიოთეკაში.

მოპასუხე სს „კ-ამ“ შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ადმინისტრაციულ აქტის კანონიერებასა და მატერიალური ზიანის ანაზღურებასთან დაკავშირებით სამივე ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მოსარჩელე ვერ ადასტურებს რა სახისა და ოდენობის ზიანი მიადგა.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ. დ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.დ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

2014 წლის 20 მარტს გ. დ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინებით გ. დ-ის განცხადება 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი, განცხადების შეტანის ვადის დარღვევის გამო.

2014 წლის 24 აპრილს გ. დ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მოსამართლე თეიმურაზ თოდრიას უკვე ჰქონდა მიღებული მონაწილეობა მისი საქმის განხილვაში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ ისე მიიღო 2014 წლის 8 აპრილის განჩინება, 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, რომ ის საქმის განხილვაზე არ მოუწვევია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. დ-მა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განცხადების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გ. დ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილოებდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

დასახელებული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არ აქვს იმ მოსამართლეს: რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (სხვადასხვა ინსტანციებში); რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ; რომელიც დროებით ჩამოცილებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; რომელიც არ არის ამ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და იგი არ შეუყვანიათ ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მოსამართლე თეიმურაზ თოდრიას უკვე ჰქონდა მიღებული მონაწილეობა მისი საქმის განხილვაში, კერძოდ, საკასაციო სასამართლოში მისი საკასაციო საჩივრის განხილვისას, იგი მომხსენებლი მოსამართლე იყო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია.

განმცხადებლის აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად: 1) მოსამართლე, რომელიც მონაწილოებდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ან/და საკასაციო ინსტანციაში; 2) მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილოებას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში; 3) მოსამართლე, რომელიც მონაწილოებდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილოებას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მოსამართლე თეიმურაზ თოდრია დ-ის საქმის განხილვაში მონაწილოებდა მხოლოდ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში და მას ქვემდგომ ინსტანციებში საქმის განხილვაში მონაწილოება არ მიუღია, რაც ცხადყოფს, რომ, კანონის თანახმად, იგი უფლებამოსილი იყო განეხილა გ. დ-ის საქმე იმავე ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული კი, მითითებული მუხლის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება.

გ. დ-ი განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად ასევე უთითებს, რომ უზენაესმა სასამართლომ ისე მიიღო 2014 წლის 8 აპრილის განჩინება, 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, რომ ის საქმის განხილვაზე არ მოუწვევია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების ბათილად ცნობის საფუძველია, ვინაიდან აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება, როდესაც მხარე საქმის განხილვაზე არ იყო მოწვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექისს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მითითებული მუხლის თანახმად, განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების განცხადების წანამძღვრები, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ საქმე არსებითად არ განხილულა, არამედ შემოწმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, ამდენად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ საფუძველს განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე