Facebook Twitter

საქმე №ა-1046-შ-28-2014 4 ივლისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ქ.-ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ი და ნ. ბ-ი განქორწინდნენ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ქ.-ბ-მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მხარეთა დაუსწრებლად, თუმცა თავად გადაწყვეტილების შინაარსით შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცებულებების შესწავლით დაადგინა განქორწინების თაობაზე მხარეთა თანხმობა და სხვა), ირკვევა, რომ ნ. ბ-ი საქართველოს მოქალაქეა, ამასთან, წარმოდგენილია ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმადაც ნ. ქ-ის გვარი ნ. ბ-თან ქორწინების შემდეგ განისაზღვრა ბ-ით, ხოლო პასპორტის ასლების თანახმად (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული პასპორტის ასლისა და ისრაელში, თელ-ავივში საქართველოს საელჩოს მიერ გაცემული პასპორტის ასლის), შუამდგომლობის ავტორის გვარად მითითებული ქ-ც და ბ-ც.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია ასევე აპოსტილით დამოწმებული მეორე გადაწყვეტილება, სადაც გასწორებულია მოპასუხის სახელი, კერძოდ, „ნ. ბ-ის“ ნაცვლად მითითებულია „ნ. ბ-ი“, ხოლო რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ, როგორც თავდაპირველი, ისე მასში უსწორობის გასწორების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა. თავის მხრივ, შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით ნ. ქ.-ბ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

2014 წლის 31 მარტს ნ. ქ.-ბ-მა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ნ. ბ-სათვის დოკუმენტების გადაცემის მიზნით ჩაიბარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება, მისი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და შუამდგომლობაზე დართული მასალები.

2014 წლის 2 ივლისს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვება გამოხმობის გამო.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, შუამდგომლობის გამოხმობის მიზეზს წარმოდგენს ის გარემოება, რომ ნ.ბ-ი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის ვერ მოხერხდა კორესპოდენციის გადაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ქ.-ბ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით ნ. ქ.-ბ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ნ. ბ-სათვის დოკუმენტების გადაცემის მიზნით 2014 წლის 31 მარტს ნ. ქ.-ბ-მა ჩაიბარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება, მისი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და შუამდგომლობაზე დართული მასალები. 2014 წლის 2 ივლისს კი, შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვება გამოხმობის გამო.

საკასაციო პალატა შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ის ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად არა გამოხმობის, არამედ მოწინააღმდეგე მხარის არასწორი მისამართის მითითების გამო, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, შუამდგომლობის გამოხმობის მიზეზს წარმოდგენს ის გარემოება, რომ ნ. ბ-ი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის ვერ მოხერხდა კორესპოდენციის გადაცემა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა რა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, პალატა მიიჩნევს, რომ ვერ გადაწყვეტს შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე განცხადებას, ვინაიდან საქმის საკასაციო წესით განხილვის ეტაპზე შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის დადგენა (სსსკ 831 მუხლის პირველი ნაწილი), ამასთანავე, მოწინააღმდეგე მხარის მისამართის უსწორობა შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ქ.-ბ-ის შუამდგომლობა ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ქ.-ბ-ის შუამდგომლობა ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე