საქმე №ა-1298-შ-38-2014 15 ივლისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ტ-ი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განჩინება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ქ.პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით შეწყდა ი. ა-სა და მ. ტ-ს შორის 1993 წლის 3 მარტს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში N292760 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, მხარეთა შორის საპენსიო უზრუნველყოფა არ შემდგარა, ხოლო საქმის წარმოების ხარჯები განაწილდა სანახევროდ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ა-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული განჩინების თანახმად, იგი კანონიერ ძალაშია შესული, ირკვევა საქმის განხილვის თაობაზე მოპასუხის ინფორმირების ფაქტი, კერძოდ, მოპასუხე დაეთანხმა განქორწინების მოთხოვნას, დასტურდება, რომ მხარეები საქართველოს მოქალაქეები არიან და მუდმივი საცხოვრებელი გააჩნიათ გერმანიაში, ამასთანავე, წარმოდგენილია ი.ა-ის პასპორტის ასლი, რომლის თანახმადაც შუამდგომლობის ავტორი კვლავ საქართველოს მოქალაქეა.
ი. ა-ის წერილობითი განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნული განჩინება (გადაწყვეტილება) გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ხოლო მხარე მის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას განქორწინების რეგისტრაციის მიზნით მოითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
2014 წლის 25 აპრილს ი. ა-მა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე მ. ტ-სათვის გადაცემის მიზნით, ჩაიბარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის Nა-1298-შ-38-2014 განჩინება, ამავე განჩინების სანოტარო წესით დამოწმებული გერმანულენოვანი თარგმანი და შუამდგომლობაზე დართული მასალები.
2014 წლის 8 ივლისს შუამდგომლობის ავტორმა წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მან ვერ დაადგინა ყოფილი მეუღლის - მ.ტ-ის მისამართი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაცემული დოკუმენტების ჩაბარების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ა-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
2014 წლის 25 აპრილს ი. ა-მა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე მ. ტ-სათვის გადაცემის მიზნით, ჩაიბარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის Nა-1298-შ-38-2014 განჩინება, ამავე განჩინების სანოტარო წესით დამოწმებული გერმანულენოვანი თარგმანი და შუამდგომლობაზე დართული მასალები.
2014 წლის 8 ივლისს შუამდგომლობის ავტორმა წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მან ვერ დაადგინა ყოფილი მეუღლის - მ.ტ-ის მისამართი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაცემული დოკუმენტების ჩაბარების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირება ვერ ხერხდება მისი მისამართის დაუდგენლობის გამო, ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა სასამართლო შეტყობინების სხვა გზით (მაგალითად, საჯარო შეტყობინების გზით) ჩაბარების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება რა მ.ტ-ის ნამდვილი მისამართი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი განხილვის პროცესუალური წინაპირობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ი. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე