№ა-1399-შ-45-2014 7 ივლისი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ლ. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - თურქმენეთის ქ. აშხაბადის კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თურქმენეთის ქ. აშხაბადის კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით .. წლის .. ივლისს დაბადებულ მ. ო. ძე ბ-ს ლ. ვ. ასული რ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, არასრულწლოვანი შვილების - … წლის .. ივნისს დაბადებული ვ-ისა და … წლის .. აგვისტოს დაბადებული ო-ის შენახვისათვის ყოველთვიურად მოპასუხის ყველა სახის შემოსავლის 1/3-ის გადახდა 2007 წლის 27 ნოემბრიდან შვილების სრულწლოვანების მიღწევამდე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. რ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 8 დეკემბერს, ამასთან მოპასუხისათვის საქმის განხილვის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ ლ. რ-ას შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები ან გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე მ. ბ-ი არ ესწრებოდა საქმის განხილვას. საქართველოში გამოგზავნილი სასამართლო დავალება მ. ბ-სათვის გზავნილის ჩაბარების თაობაზე არ შესრულდა ადრესატის არ ყოფნის გამო.
აღნიშნული ჩანაწერით ნათლად დასტურდება, რომ მოპასუხე უწყების გაგზავნის გზით არ ყოფილა გაფრთხილებული საქმის განხილვის თაობაზე, ამასთან, სასამართლოს არ მიუღია სხვა ზომები მოპასუხის გაფრთხილების მიზნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის უცნობია, თურქმენეთის კანონმდებლობის შესაბამისად, საკმარისია თუ არა ადრესატისათვის უწყების ერთხელ გაგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, არის თუ არა სასამართლო უფლებამოსილი განიხილოს საქმე მხარის დაუსწრებელად, მაგრამ ამგვარი წესით საქმის განხილვა ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითადად სამართლებრივ პრინციპებს, კერძოდ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ძირითად სამართლებრივ პრინციპებსა და გარანტიებს, ვინაიდან გზავნილის პირველად ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, დამატებითი ღონისძიებები გაატაროს მხარის ინფორმირების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. რ-ას შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. რ-ას შუამდგომლობა თურქმენეთის ქ. აშხაბადის კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე