№ა-2265-შ-65-2014 24 ივლისი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - ს. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - სომხეთის რესპუბლიკის არმავირის რეგიონის საერთო იურისპრუდენციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სომხეთის რესპუბლიკის არმავირის რეგიონის საერთო იურისპრუდენციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა და განმცხადებლის ბავშვის მამა, ე. ქ. ძე ი-ი აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2013 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ა-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სომხეთის რესპუბლიკის არმავირის რეგიონის საერთო იურისპრუდენციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა და განმცხადებლის ბავშვის მამა, ე. ქ. ძე ი-ი აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2013 წლის 1 იანვრიდან.
შუამდგომლობის ავტორი ს. ა-ი აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სურს თავისი არასრულწლოვანი შვილისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, რისთვისაც საჭიროა ორივე მშობლის თანხმობის წარდგენა. ა. ი-ის მამა ე. ი-ი კი, ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან მხარე მიუთითებს დასაბუთებული იურიდიული ინტერესის არსებობაზე, რის გამოც ს. ა-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკის არმავირის რეგიონის საერთო იურისპრუდენციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ს. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა და განმცხადებლის ბავშვის მამა, ე. ქ. ძე ი-ი აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2013 წლის 1 იანვრიდან;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე