№ას-548-521-2013 25 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ლ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ო. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი იბა „ლ-ას“, მისი თავმჯდომარის გ. მ-ისა და დამფუძნებელი წევრის ლ. შ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრათ 35000 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს იბა „ლ-ას“ თავმჯდომარე გ. მ-მ და დამფუძნებელმა წევრმა ლ. შ-მა.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ო. კ-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების გართულების თავიდან აცილების მიზნით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ო. კ-ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გ-ში მდებარე, ლ. შ-ის სახელზე რიცხულ მიწას (უძრავ ქონებას).
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ლ. შ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით ლ. შ-ს საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებითვე საჩივრის ავტორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განჩინებით ლ. შ-ის საჩივარი, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაბუთებულად და დასაშვებად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ლ. შ-მა გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა იმის გამო, რომ საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მას განესაზღვრა 5-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ლ. შ-ს, კერძოდ, მის რძალს გ. ბ-ს, ჩაჰბარდა 2014 წლის 26 აპრილს (ს.ფ.188).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დაიწყო 2014 წლის 27 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 1 მაისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი საჩივარი დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,. საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ლ. შ-ის საჩივარი სწორად იქნა დაუშვებლად მიჩნეული და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე , 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე