Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-49-48-2014 14 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემა, სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ჭ-ის 37ბ-ს“ დამფუძნებელი წევრების – ე. ა-ის, ჯ. ა-ის, ნ. ო-ისა და გ. ს-ის მიმართ და მოითხოვა, აღიარებულ იქნას ფაქტი, რომ მოსაჩელესა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობა არსებობდა და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის უფლება ი. ა-ს წარმოეშვა 1999-2001 წლებში. ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ჭ-ის 37ბ-ს“ დაევალოს, მოსარჩელეს გადასცეს საკუთრებაში ქ.თბილისში, ჭ-ის გ-ის №37-ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონება: მეორე სართულზე მდებარე 301,8 კვ.მ-დან 221,77 კვ.მ; მეოთხე სართულზე არსებული ბინა №5 საერთო ფართით 136,5 კვ.მ; მე-10 სართულზე მდებარე №30-ე ბინიდან 111,45 კვ.მ და მე-11 სართულზე არსებული 196.5 კვ.მ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. ა-ს, ჯ. ა-ს, ნ. ო-ს და გ. ს-ს დაევალათ ი. ა-ისთვის საკუთრებაში გადაეცათ ქ.თბილისში, ჭ-ის გ-რ №37ბ-ში მეოთხე სართულზე მდებარე №5 საცხოვრებელი ბინა საერთო ფართით 136,5 კვ.მ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი...... ), ი. ა-ის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეებისთვის მეორე სართულზე განთავსებული 301,8 კვ.მ-დან 221,77 კვ.მ-ს, მე-10 სართულზე მდებარე №30-ე ბინიდან 111,45 კვ.მ-ს და მე-11 სართულზე არსებული ფართიდან 196,5 კვ.მ-ს გადაცემის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ასევე უარი ეთქვა ი. ა-ის სასარჩელო მოთხოვნას მხარეთა შორის ნარდობის სამართალურთიერთობისა და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის უფლების 1999-2001 წლებში წარმოშობის აღიარების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ი. ა-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ა-ს საკუთრებაში გადაეცა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჭ-ე-37ბ-ს“ საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ჭ-ის გ-რ №37-ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონება: მე-2 სართულზე მდებარე 301,8 კვ.მ-დან 221,77 კვ.მ, მე-10 სართულზე მდებარე №30-ე ბინიდან 111,45 კვ.მ და მე-11 სართულზე არსებული ფართიდან 196.5 კვ.მ ფართი, ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ჭ-ის 37ბ-ს“ წევრებს – ე. ა-ს, ჯ. ა-ს, ნ. ო-სა და გ. ს-ს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 7155 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ 1999 წლის 4 ნოემბერს ი. ა-ს, ნ. ო-სა და გ. ხ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ი. ა-ის მიერ საკუთრებაში არსებული 1086 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული სახლის გადაცემის სანაცვლოდ, მოსარჩელის ნაკვეთზე ასაშენებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, 680 კვ.მ-ის მიღების შესახებ.

აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ი. ა-ს გადაცემული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციოდ უნდა მიეღო მეოთხე სართული სრულად, ოთხი კარგად გარემონტებული საცხოვრებელი ბინა და შესაბამისი ავტოფარეხები. გ. ხ-სა და ნ. ო-ს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა უნდა დაეწყოთ მოსარჩელის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებიდან ორი კვირის შემდეგ, ხოლო უძრავი ქონება მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა მშენებლობის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში.

2001 წლის 12 ნოემბერს დაფუძნდა ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ჭ-ის 37ბ“.

ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან ი. ა-ი, ჯ. ა-ი, ნ. ო-ე, მ. მ-ი და გ. ს-ე. ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ. ო-ე.

იბა „ჭ-ე 37ბ-ს“ დამფუძნებელთა კრების ოქმით დადგინდა, რომ ამხანაგობა ი. ა-ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაუფორმებდა მის კუთვნილ ფართს: მე-4 სართული 136.5 კვ.მ №5 ბინა, 198.4 კვ.მ №6 ბინა, 197.5 კვ.მ №7 ბინა და 136.5 კვ.მ №8 ბინა, ასევე ავტოსადგომზე 4 ავტომანქანის გაჩერების ადგილი.

2010 წლის 15 თებერვალს, ნ. ო-სა და ი. ა-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად ი. ა-ისათვის მიკუთვნებული მეოთხე სართულზე მდებარე 198,4 კვ.მ №6 ბინა გადაიცვალა მე-11 სართულის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე 232 კვ.მ ბინაზე.

აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, 2010 წლის 19 თებერვალს დაიდო ნოტარიალურად გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი. ა-მა მიიღო ქ. თბილისში, ი.ჭ-ის გ-რ 37ბ-ს პირველი სადარბაზოს მე-11 სართულზე მდებარე 232 კვ.მ.

ქ.თბილისში, ჭ-ის გ-რ №37ბ-ში, მე-2 სართულზე მდებარე 302,80 კვ.მ ფართზე და მე-10 სართულზე №30 439,80 კვ.მ ბინაზე რეგისტრირებულია იბა „ჭ-ის 37ბ-ს“ საკუთრების უფლება.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ იბა „ჭ-ის 37ბ-ს“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ჭ-ის გ-რ №37ბ-ს მე-2 სართულზე მდებარე 412,80 კვ.მ. აღნიშნული 412 კვ.მ-დან 110 კვ.მ-ზე რეგისტრირებულია ა. ჭ-ის სამომავლო საკუთრების უფლება. შესაბამისად, დგინდება, რომ დარჩენილი ფართი 302,80 კვ.მ რჩება და აღრიცხულია კვლავ ამხანაგობის სახელზე.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დგინდება, რომ იბა „ჭ-ის 37ბ-ს“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ჭ-ის გ-რ №37ბ-ს მე-10 სართულზე მდებარე 439,80 კვ.მ №30 ბინა.

ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ჭ-ის გ-ი №37ბ-ში, მე-2 სართულზე მდებარე 302,80 კვ.მ-სა და მე-10 სართულზე არსებულ 439,80 კვ.მ №30 ბინაზე მესამე პირის საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 14 დეკემბრის პასუხით ი.ჭ-ის №37ბ-ში მდებარე 196,50 კვ.მ ფართზე (მე-11 სართული), როგორც ინდივიდუალური საკუთრების საგანზე ან ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ა-სა და ამხანაგობა „ჭ-ის 37ბ-ს“ შორის არსებობს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ 2010 წლის 15 თებერვალს, ნ. ო-სა და ი. ა-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად ი. ა-ისათვის მიკუთვნებულ მეოთხე სართულზე მდებარე 198,4 კვ.მ №6 ბინა გადაიცვალა მე-11 სართულის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე 232 კვ.მ ბინაზე.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ი. ა-ის მიერ ნარდობის ხელშეკრულების პირობები შესრულებულია სრულად და მოსარჩელის მიერ ქ.თბილისში, ჭ-ის გ-რ №37-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, გადაცემულია ამხანაგობისათვის. ამავდროულად, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეკვეთილი უძრავი ნივთის გადაცემის შესახებ შესრულებული არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასაბუთებულია აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა ი.ჭ-ის, გ-რ №37ბ-ში, მე-11 სართულზე მდებარე 196.5 კვ.მ-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

პალატამ დაადგინა, რომ ი. ა-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ჭ-ის გ-ი №37ბ-ში მე-4 სართულზე მდებარე №5 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით 136,5 კვ.მ. შესაბამისად, მისთვის მე-11 სართულზე მდებარე 196.5 კვ.მ ფართის გადაცემით, ჯამში მის საკუთრებაში გადადის 333 კვ.მ ფართი. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მე-2 სართულზე მდებარე 221,77 კვ.მ ფართისა და მე-10 სართულზე მდებარე №30 ბინიდან 111,45 კვ.მ ფართის საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული ფართების ჯამი შეადგენს 666,22 კვ.მ-ს. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით კი დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ 680 კვ.მ ფართის გადაცემაზე. შესაბამისად, მოთხოვნილი ფართების ჯამი 666,22 კვ.მ, არ აღემატება მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასაცემი ფართების საერთო ოდენობას – 680 კვ.მ-ს.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტების შესაბამისად, დადგინდა, რომ აპელანტისათვის გადასაცემი №7 და №8 ბინებზე რეგისტრირებულია სხვა პირთა საკუთრების უფლება. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ კონკრეტული ქონების გადაცემაზე და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 382-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ, მართალია, მოვალეს იბა „ჭ-ის 37ბ-ს“ გასხვისებული აქვს ხელშეკრულებით მხარისათვის გადასაცემი №7 და №8 ბინები, თუმცა ასევე დადგინდა, რომ მას საკუთრებაში აქვს იმავე მისამართზე მდებარე, იმავე ოდენობისა და ღირებულების ფართები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფართებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონიერია და არ სცილდება ნაკისრი ვალდებულების ფარგლებს.

ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ ა-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 7155 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ი. ა-თან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაზე პასუხისმგებელია იბა „ჭ-ე 37ბ“, რომელიც წარმოდგენილია მისი თავმჯდომარე ნ. ო-ის სახით და არა ჯ. ა-ი. თავად კასატორი არ წარმოადგენს მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების კონტრაქტორ მხარეს.

ჯ. ა-ი ამხანაგობის ისეთივე წევრია, როგორც ი. ა-ი. ისინი წარმოადგენენ ქ.თბილისში, ჭ-ის ქ.№37ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული კერძო სახლის მესაკუთრეებს.

ამდენად, ჯ.ა-ს ი. ა-ის კანონიერი უფლებები არ შეულახავს და მას სახელმწიფო ბაჟის სახით 7155 ლარის გადახდა არასწორად დაეკისრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით ჯ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჯ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ჯ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ა-ისა და ჯ. ა-ის მიერ 2014 წლის 8 იანვრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ჯ. ა-ს (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ა-ისა და ჯ. ა-ის მიერ 2014 წლის 8 იანვრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე