Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-111-106-2014 2 ივნისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – თ. ო-ი, გ. ო-ა, მ. ო-ა, ვ. ო-ა, ე. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ე

მესამე პირები – ო. ო-ი, ა. თ-ე, მ. კ-ა, ა. კ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის უფლების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. მ-მ მოპასუხეების: თ. ო-ის, გ. ო-ას, მ. ო-ას, ვ. ო-ასა და ე. ო-ის მიმართ.

მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნა:

მის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის და არსებითი გაუმჯობესების ხარჯების საბაზრო ღირებულების სრული ოდენობის, ჯამში 13000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, თბილისში კ-ის ქ.№32-ში მდებარე უძრავი ქონების ი. მ-ის საკუთრებაში არსებულ ½ ნაწილზე (რომელიც მოიცავდა 30.57კვ.მ საცხოვრებელ სადგომს) მოსარგებლეების (მოპასუხეების) სარგებლობის უფლების შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

მოსარჩელე ი. მ-ს მოპასუხეების: თ., გ., მ., ე. და ვ. ო-ების სასარგებლოდ დაეკისრა 13000 აშშ დოლარის გადახდა და ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მოპასუხეებს შეუწყდათ თბილისში, კ-ის ქ.№32 მისამართზე მდებარე სახლში განთავსებულ, მოპასუხეთა მიერ დაკავებულ და მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ 30.57კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის უფლება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინებით თ. ო-ის, გ. ო-ას, მ. ო-ას, ვ. ო-ასა და ე. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოპასუხე ო-ების ოჯახი თბილისში, კ-ის ქ.№32-ში მისამართზე მდებარე სახლში განთავსებულ სადავო საცხოვრებელ სადგომს ფლობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას არსებული ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგების, კერძოდ, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის საფუძველზე. შესაბამისად, თ., გ., მ., ე. და ვ. ო-ები არიან ხსენებული კანონით განსაზღვრული მოსარგებლეები.

მოსარჩელე ი. მ-ე 2013 წლის 5 ივლისის სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა მოპასუხე გ. ო-ის დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 12 აპრილს გაცემულ დასკვნას და მასში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის საერთო ფართი არის 30.57კვ.მ-ი (მათ შორის, საცხოვრებელი ფართია 29.7კვ.მ, ხოლო საპირფარეშო – 0.87კვ.მ) და მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 25248 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით ვერ დგინდებოდა მოწინააღმდეგე მხარე ი. მ-ის საკუთრების უფლება 29.7კვ.მ-სა და 0.87კვ.მ ფართზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ი. მ-ს გააჩნდა საკუთრების უფლება კ-ის ქუჩაზე მდებარე 560კვ.მ უძრავი ნივთის 1/12 ნაწილზე. მასთან ერთად მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ სხვა ფიზიკური პირებიც, რომლებმაც საქმეში წარდგენილ შესაგებლებში აღნიშნეს, რომ აპელანტები სწორედ ი. მ-ის წილ უძრავ ნივთში ცხოვრობდნენ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი გამიჯვნა საჯარო რეესტრში არ იყო ასახული, დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ სადავო ფართი სწორედ მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილება იყო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაკისრებოდა შეფასებული თანხის 75% და აგრეთვე გაუმჯობესების სრული ღირებულება.

სააპელაციო სასამართლომ მუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრე, რომელიც მოსარგებლეს მოსთხოვს ნივთზე მფლობელობის შეწვეტას, ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარგებლეს მის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და არსებითი გაუმჯობესების ხარჯები საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით.

საქმეზე ჩატარებული საექსპერტო დასკვნით დადგინდა, რომ სადგომზე წარმოებული სამუშაოების ღირებულებამ ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით შეადგინა საორინტაციოდ 5889.62 ლარი, ხოლო მთლიანად სადგომის საბაზრო ღირებულებამ – 25248 ლარი. ცხადია, რომ სადგომის მთლიანი შეფასებისას ექსპერტებმა ასევე გაითვალისწინეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული გაუმჯობესების ხარჯები, ანუ, 5889.62 ლარი. ეს უკანასკნელი სრულად ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პროცენტულ გადანაწილებას უნდა დაქვემდებარებოდა სხვაობა საბაზრო ღირებულებასა და სრულად ასანაზღაურებელ ხარჯებს შორის (25248-5889.62), რაც შეადგენდა 19358.38 ლარს, და ამ თანხიდან უნდა მომხდარიყო აპელანტებისათვის კუთვნილი 75%-ის გაანგარიშება, რაც შეადგენდა 14518.8 ლარს. აპელანტების მიერ მოყვანილი მსჯელობის შემთხვევაში კი, გადასახდელი თანხა იქნებოდა 25248 ლარის 75%-ისა (18936 ლარი) და 5889.62 ლარის ჯამი, რაც არ გამომდინარეობდა კანონის მე-2 და მე-6 მუხლების მოთხოვნებიდან და რის გამოც მისი დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ., გ., მ., ვ. და ე. ო-ებმა.

კასატორების მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არ იმსჯელეს ჩატარებული არაერთი ექსპერტიზის ფარგლებში წარმოებული საექსპერტო კვლევის შედეგების წინააღმდეგობრივ ხასიათზე; საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო საცხოვრებელი სადგომის საერთო ფართის აზომვითი ნახაზი; შედეგად, სასამართლოებს არ დაუდგენიათ სადავო საცხოვრებელი სადგომის დაზუსტებული ფართი, რომლის ოდენობაზეც დამოკიდებულია მოსარჩელის მიერ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა; არ მომხდარა მოწმის დაკითხვა; სასამართლოებმა არასწორი მეთოდით დაიანგარიშეს საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება; სასამართლოებმა არასწორად დაიანგარიშეს საცხოვრებელი სადგომის გაუმჯობესების ხარჯების ოდენობა; სასამართლოებმა არანაირი შეფასება არ მისცეს მოპასუხის შესაგებელში მითითებულ გარემოებას ნივთის გაუმჯობესების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დააყენა შუამდგომლობა ჯ.ს-ის მოწმის სახით მიწვევისა და დაკითხვის შესახებ. დასახელებული მოწმის ჩვენებით დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ დავის საგანი აშნებულია 1937 წელს მისი პაპის, თ.ს-ის მიერ, რომლის ნაწილი მოგვიანებით ხანძრის შედეგად დაიწვა და სრულად აღადგინეს მოპასუხეებმა. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიზნიდან გამომდინარე, მოწმე დაადასტურებდა ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, მოსარჩელეს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისრებოდა არა უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების 75% და ამავე ნივთის გაუმჯობესების ღირებულების 100%, არამედ მესაკუთრე ვალდებული იქნებოდა აენაზღაურებინა მათ მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენება ან/და არსებითი გაუმჯობესების საბაზრო ღირებულების სრული ოდენობა.

სასამართლო, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ეყრდნობა საქმეში არსებულ 2013 წლის 12 აპრილის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, ი.კ-ის ქ.№32-ში მდებარე უძრავი ნივთის 1კვ.მ-ის დამრგვალებული საბაზრო ღირებულება შეადგენს 500 აშშ დოლარს. შესაბამისად, სასამართლოს სადავო სრული ფართის საბაზრო ღირებულების დასადგენად 500 აშშ დოლარი უნდა გაემრავლებინა 37.57კვ.მ-ზე, რაც შეადგენს 18785 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს – 30995.25 ლარს. მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისრა 14517.8 ლარი და არა უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების (30995.25 ლარის) 75% – 23246.43 ლარი (14088.75 აშშ დოლარი).

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, სადავო საცხოვრებელი სადგომის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო მიღებული საცხოვრებელი სადგომის მახასიათებლების აღწერის, მისი მდგომარეობის ყოველმხრივი გამოკვლევის, საკვლევი პერიოდისათვის მოცემული ობიექტის ადგილმდებარეობის, პრესტიჟულობის, კაპიტალურობისა და კეთილმოწყობის გათვალისწინებით, აგრეთვე, ბაზარზე მსგავსი ობიექტების ფასების მხედველობაში მიღებით, რაც დასკვნაში სრულყოფილად არ ასახულა.

დასკვნაში არ შეფასებულა მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, ბინაში შეყვანილი ბუნებრივი აირი, კაპიტალურად გამოცვლილი სანტექნიკა, ინტერნეტი, სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი მუშახელის ანაზღაურება და ა.შ., რომლითაც გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები და გაიზარდა ბინის საბაზრო ღირებულება. ამ მიზნით გაწეული დანახარჯის ოდენობამ შეადგინა 8700 აშშ დოლარი, რაც მოიცავს ექსპერტის მიერ დადგენილი გაუმჯობესების საბაზრო ღირებულებას. შედეგად, მოსარჩელეს მოპასუხეების სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ს დამატებული გაუმჯობესების საბაზრო ღირებულების 100%, ე.ი. 14088.75 აშშ დოლარს + 8700 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 22788.75 აშშ დოლარს (23246.43 ლარს + 14355 ლარი = 37601.43 ლარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ., გ., მ., ვ. და ე. ო-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ., გ., მ., ვ. და ე. ო-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ. ო-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 1148 ლარი) 70% – 803.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ., გ., მ., ვ. და ე. ო-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: თ. (პირადი ნომერი – .....), გ., მ., ვ. და ე. ო-ებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ. ო-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 1148 ლარი, მათ შორის: 2014 წლის 18 თებერვალს გადახდილი 300 ლარი, საგადახდო დავალება № 2 და 2014 წლის 4 მარტს გადახდილი 848 ლარი, საგადახდო დავალება №225) 70% – 803.6 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე