Facebook Twitter

№ას-1127-1074-2013 2 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. გ-ე, ი. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ე-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ტქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ე-მა სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ზ. გ-ისა და ი. გ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, 2012 წლის 27 მაისს გარდაიცვალა მოსარჩელის დისშვილი - ვ. ხ-ა, რომლის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე ა. ე-ი, თუმცა იგი ვერ იღებს სამკვიდროს, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, სამკვიდრო ქონება, მოპასუხეების საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, დატვირთულია იპოთეკით და მიქცეულია სარეალიზაციოდ. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 9 ივლისს ვ. ხ-ასა და ზ. გ-ს შორის გაფორმებული მინდობილობის თანახმად, ზ. გ-ს მიეცა, ვ. ხ-ას საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, გ-ის ქ.№26-ში მდებარე №10 ბინის განკარგვის უფლება. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ზ. გ-მ 2007 წლის 11 ივლისს, ვ. ხ-ას საცხოვრებელი ბინა იპოთეკით დატვირთა სს „ბანკი რესპუბლიკას“ სასარგებლოდ, იმავე დღეს ზ. გ-სა და ი. გ-ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა თავის შვილთან, ზ. გ-სთან, ერთად იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბანკმა სარჩელი აღძრა მოვალეების წინააღმდეგ, თუმცა ისინი არ გამოცხადდნენ პროცესზე. მათ წინააღმდეგ გამოვიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ბანკის სასარგებლოდ 32990 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის 1921 ლარისა და ადვოკატის მომსახურების - 3080 ლარის გადახდა, ვ ხ-ას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის გზით. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეების აღნიშნული ქმედების გამო, ის ვერ იღებს კუთვნილ სამკვიდროს, შესაბამისად, მას მიადგა ზიანი 32992 აშშ დოლარისა და 5001 ლარის ოდენობით.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნიეს და მიუთითეს, რომ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ნათელია, რომ იმავე საგანზე და იმავე სასარჩელო მოთხოვნით უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. გ-ს დაეკისრა 32992 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, დანარჩენი მოთხოვნების დაკამყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. ა. ე-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვტეილების გაუქმება სარჩელის დკმაყოფილებაზე უარის თქმის, ხოლო ზ. გ-მ კი - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ზ. გ-ს დაეკისრა ა. ე-ის სასარგებლოდ 32992 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ე-ის სარჩელი ზ. და ი. გ-ებისათვის ზიანის - 32992 აშშ დოლარისა და 5001 ლარის (ადვოკატის მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯების თანხის) დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ა. ე-ს ზ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 2166 ლარი.

სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ე-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასაამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით ა. ე-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგი მითითებით: „სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი წინაპირობები, რომლებიც დამახასიათებელია არა დელიქტურ ვალდებულებებისათვის, არამედ იმ ურთიერთობისათვის, რაც წარმოიშვა 2007 წლის ცხრა ივლისს ვ. ხ-ასა, როგორც საკუთრების მიმნდობისა და ზ. გ-ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მითითებული ხელშეკრულება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) და გამოიკვლიოს ვ. ხ-ას ინტერესი ამ ხელშეკრულების მიხედვით (სსკ-ის 724-729-ე მუხლების გათვალისწინებით), შესაბამისად, გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ მინდობილი მესაკუთრის ინტერესებზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი რ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ე-ის სარჩელი ზ. და ი. გ-ებზე ზიანის სახით 32 992 აშშ დოლარის და 5001 ლარის (ადვოკატის მომსახურების და სასამართლოს ხარჯების თანხის) დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, ზ. და ი. გ-ებს სოლიდარულად დაეკისროთ ა. ე-ის სასაგებლოდ ზიანის სახით 32 992 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 5001 ლარის (სასამართლოს და ადვოკატის მომსახურების ხარჯების) გადახდა.

პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. გ-სა და ვ. ხ-ას შორის არსებული 1-7230 მინდობილობის არსებობა ადასტურებს, რომ 2007 წლის ცხრა ივლისს აწ გარდაცვლილმა ვ. ხ-ამ, როგორც საკუთრების მიმნდობმა, ზ. გ-ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს მიანიჭა ქ.ბათუმი, გ-ის ქუჩაზე №26/10-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე მართვისა და განკარგის უფლება იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთან ხსენებული უფლებ(ებ)ის რეალიზაციის ფარგლებში წარმოადგენდა საკუთრების მიმნდობს - ვ. ხ-ას, შესაბამისად, არსებობდა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლის კომენტარის ანალიზით, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ის უფლებები და ვალდებულებები, რომელიც გააჩნდა ზ. გ-ს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვერ განხორციელდებოდა საკუთრების მიმნდობის -ვ. ხ-ას (მისი უფლებამონაცვლის ა. ე-ის) ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ვ. ხ-ას მემკვიდრე და უფლებამონაცვლეა ა. ე-ი.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 317.1-ე, 725-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ, უდავოდ დადგენილია, რომ 2007 წლის 11 ივლისს ბანკ ”რესპუბლიკასა” და ზ. გ-ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა კრედიტის სახით მიიღო 20 000 აშშ დოლარი, ანუ უდავოდ დგინდება, რომ 20 000 აშშ დოლარი ბანკ ,,რესპუბლიკასგან” მიიღო ზ. გ-მ ანუ მინდობილმა მესაკუთრემ და არა საკუთრების მიმნდობმა ვ. ხ-ამ, როგორც ეს უნდა მომხდარიყო კანონის, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლის თანახმად და 2007 წლის ცხრა ივლისის აწ გარდაცვლილ ვ. ხ-ას, (როგორც საკუთრების მიმნდობმა) და ზ. გ-ს შორის დადებული საკუთრების მინდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

პალატის განმარტებით, რადგან უდავოდ დგინდება, რომ 2007 წლის 11 ივლისს ბანკ ”რესპუბლიკსაგან“ ზ. გ-მ კრედიტის სახით მიიღო 20 000 აშშ დოლარი (რომლის გაუსტუმრებლობის გამოც ზ. და ი. გ-ებს (თავდები პირი) სოლიდარულად დაეკისრათ ბანკის წინაშე გადასახდელად 32 992,16 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, და რომლის გადაუხდელობის გამოც ამავე გადაწვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ვ. ხ-ას (ამჟამად ა. ე-ის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციია)), აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო პასუხიმგებლობის საფუძველს ვ. ხ-ას უფლებამონაცვლის ა. ე-ის წინაშე ზ. გ-ის და ბანკის წინაშე მის თავდებ პირის ი. გ-ის მხრიდან. მაგრამ პასუხისმგებლობა არა დელიქტიდან გამომდინარე სამართლებრივი ნორმებიდან, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებაში არსებული საფუძვლებიდან კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მინდობილი მესაკუთრის მიერ (ზ. გ-ის) მისთვის გადაცემული მინდობილი საკუთრების მართვას საკუთრების მიმნდობის (ვ. ხ-ას (ამჟამად მისი უფლებამონაცლის და მემკვიდრის ა. ე-ის) ინტერესების შესაბამისად. რაც არ მომხდარა მოცემულ შემთხვევაში, ზ. გ-მ მის სასარგებლოდ იმოქმედა და თანხაც მან მიიღო და უფრო მეტიც ამ თანხის გადაუხდელობისათვის ბანკის წინაშე პასუხიმგებლობა ვ. ხ-ას (მისი უფლებამონაცვლის ა. ე-ის) უძრავი ქონებიდან მოხდა.

პალატის აზრით, სწორედ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება იწვევს მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობას, ანუ მოცემულ შემთხვევაში ზ. გ-ის მოქმედება უნდა შეფასდეს მინდობილი მესაკუთრის ინტერესის ჭრილში, ასეთ შემთხვევაში უდავოა, რომ მან ვალდებულება არ შეასრულა, კერძოდ, ბანკისგან მიღებული თანხა არ გადასცა ვ. ხ-ას პირიქით თვითონ მიიღო იგი, და შემდეგ ამ ვალის გაუსტუმრებლობის გამო ბაკთან აღებული ვალის უზრუნვესაყოფად იპოთეკით დატვირთა ვ. ხ-ას (ა. ე-ის) საკუთრებაში არსებული ბინა, რომლის იძულებითი რეალიზაციაც დაადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბანკ რესპუბლიკასა და გ-ებს შორის დავაში. ანუ უდავოა, რომ ზ. გ-ე მოქმედებდა ვ. ხ-ას (მისი უფობამონაცვლის ა. ე-ის) ანუ საკუთრების მიმნდობის ინტერესების საზიანოდ, რაზედაც მან პასუხი უნდა აგოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში სოლიდარულად ი. გ-სთან ერთად ანუ ბანკთან მისი ვალის თავდებ პირთან ერთად (მათ სწორედ სოლიდარულად დაეკისრათ ბანკის წინაშე ვალდებულების შესრულება) და შესაბამისად ზ. და ი. გ-ები ვალდებულნი არიან ვ. ხ-ას უფლებამონაცვლეს ა. ე-ს აუნაზღაურონ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანი იმ თანხის ფარგლებში რა ოდენობის თანხაც (32 992 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) მათ სოლიდარულად დაეკისრათ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დ/გადაწყვეტილებით.

ვინაიდან დადგინდა, რომ არსებობს ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება ზ. და ი. გ-ებზე ა. ე-ის სასარგებლოდ (ვ. ხ-ას უფლებამონაცვლე), პალატამ ასევე დასაბუთებლად და საფუძვლიანად მიიჩნია აპელანტ ა. ე-ის მოთხოვნა ზ. და ი. გ-ებზე 5001 ლარის- სასამართლოს და ადვოკატის მომსახურების ხარჯების დაკისრების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ა. ე-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, ზ. გ-ის აპელაცია უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და ი. გ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორთა განმარტებით, სარჩელში მოსარჩელე არ აყენებდა შუამდგომლობას მტკიცებულებათა წარმოდგენის გადავადების თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქმეზე მთავარი სხდომა დაინიშნა 2011 წლის 6 ოქტომბერს. საქმის მასალების თანახმად, 2011 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა მტკიცებულების სახით სანოტარო აქტის დართვასთან დაკავშირებით, რითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის მიღების თაობაზე. სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე მიიღო ახალი მტკიცებულება, როცა მხარეს არ გააჩნდა საპატიო მიზეზი და შეეძლო აღნიშნული მტკიცებულება წარმოედგინა საქმის მომზადების სტადიაზე, თუკი დროულად მიმართავდა ნოტარიუსს. სასამართლომ აბსოლუტურად უკანონოდ 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით თავისი ინიციატივით შეაჩერა საქმის წარმოება აწ გარდაცვლილი ვ. ხ-ას უფლებამონაცვლის დადგენამდე. სასამართლოს მხრიდან უხეში დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ საქმეში მოსარჩელე იყო ა. ე-ი და არა ვ. ხ-ა, შესაბამისად, არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების საქართველოს სსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, სასამართლომ აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით ხელი შეუწყო მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს ორი თვის შემდეგ წარმოედგინა სამკვიდრო მოწმობა, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი. რაც რეგლამენტიირებულია საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5 და მ ე-6 მუხლებში.

სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება 2007 წლის 9 ივლისის საკუთრების მინდობის ხელშეკრულება შეეფასებინა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გამოეკვლია ვ. ხ-ას ინტერესი საკუთრების მინდობის ხელშეკრულების მიმართ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2007 წლის 9 ივლისის საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით ვ. ხ-ა უფლებას აძლევდა ზ. გ-ს გაეჩუქებინა უძრავი ქონება, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილ წერილობითი მტკიცებულებები, სადაც ვ. ხ-ა სს „ბანკ რესპუბლიკას“ სთხოვდა გაეწიათ შეღავათები რათა დაეფარა ბანკის მიმართ არსებული დავალიანება, მსგავსი შინაარსის წერილები დაგზავნილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ მინისტრის და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სახელზე, სადაც ვ. ხ-ა ითხოვს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს გაუწიოს შუამდგომლობა სესხის განაწილვადებასთან დაკავშირებით და თავად გადაიხდის დავალიანებას. აღნიშნული პოზიცია დაფიქსირებული აქვს ვ. ხ-ას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. როცა იხილებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი. ვ. ხ-ა სთავაზობდა ბანკის წარმომადგენლებს მორიგებას და თანხის გადახდას. აღნიშნულ წერილებში ის საკუთარ თავზე იღებდა ვალდებულების შესრულებას, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ თანხა მისი გადასახდელი იყო. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები მოთავსებულია საქმეში რომელსაც შეფასება არ მისცა სასამართლომ. სასამართლომ არ მისცა შეფასება ასევე პროცესზე დაკითხული მოწმეების ა. დ-ის, თ. ქ-ისა და გ. ქ-ის ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებდნენ რომ ზ. გ-ის მიერ აღებული სესხიდან 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი მოიხმარა თავად ვ. დ-მ. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ჩემი მარწმუნებლების წარმომადგენლის განმარტებები, რომ ვ. დ-ის მიერ დავალების ხელშეკრულების გაცემა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ თავად ვ. დ-ს ესაჭიროებოდა სესხი, მას როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ აძლევდნენ სესხს და სესხის გამოტანა მოხდა ზ. გ-ის სახელზე, საიდანაც 12 000 აშშ დოლარი გადაეცა ვ. დ-ს. თუკი სასამართლო თავად ვ. ხ-ას ხელმოწერილ წერილობით მტკიცებულებებს, სადაც აღიარებს რომ თანხას გადაიხდიდა თავად, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმში ვ. ხ-ას მიერ ბანკ რესპუბლიკასთან მორიგების მიზნით დაფიქსირებულ პოზიციას და ჩემი მარწმუნებლის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებებს, ასევე სესხის ნაწილის გადახდის დამადასტურებელ ქვითრებს, სასამართლო შეასრულებდა უზენაესი სასამართლოს მითითებას და დაადგენდა ვ. დ-ის ინტერესს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების მიმართ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის თვალსაზრისით.

სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სსკ-ის 215-ე, 279-ე მუხლები, ამასთან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, არ შეამოწმა წარმომადგენელთა უფლებამოსილებები, რომელთაც საქმის განხილვის ეტაპზე გასული ჰქონდათ წარმომდაგენლობის განხორციელების ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით ზ. და ი. გ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. და ი. გ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. და ი. გ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2852.19 ლარი) 70% – 1996.53 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. და ი. გ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს ზ. და ი. გ-ებს დაუბრუნდეთ ზ. გ-ის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ((2852.19 ლარი) 70% – 1996.53 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე