Facebook Twitter

№ ას-1139-1086-2013 2 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს”ს. ჯ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საინვესტიციო თანხის გადახდის დაკისრება 283 202 ლარის ოდენობით, ასევე ინვესტიციის განხორციელების ვადაგადაცილებისათვის გადასახდელი თანხის წლიურად 15,2%-ის დაკისრება ვალდებულების შესრულებამდე, რაც 2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 39 960.04 ლარს, ხოლო 2013 წლის 1 თებერვლიდან ყოველდღიურად 117.04 ლარს.

სარჩელის მიხედვით, 2010 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული №იუს/10-016 მორიგების აქტით შპს ”ს. ჯ-მა” იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა 536 290 ლარის ინვესტიცია შპს „ს. რ-ის“ საკუთრებაში არსებული 2 სადგურის ფართებისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო/სამშენებლო საპროექტო სამუშაოების საწარმოებლად და თანხები ჩაერიცხა შპს ”კ. ფ-ის” ანგარიშზე შემდეგი წესით: 15 დღეში - 73 828 ლარი, მორიგების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 12 თვეში - 249 169 ლარი და მორიგების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 24 თვეში - 213 293 ლარი. მოსარჩელის მითითებით, შპს „ს. ჯ-ი“ არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მორიგების აქტის 1.8.6 პუნქტის შესაბამისად კი, აქტით გათვალისწინებული შენატანების განხორციელების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შპს ”ს. რ-ა” უფლებამოსილია, ინვესტორს მოსთხოვოს განუხორციელებელი შენატანის შევსება, ამასთან, თანხას ერიცხება სარგებელი წლიური 15,2% ოდენობით.

შპს „ს. ჯ-მა“ სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 2010 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული მორიგების აქტის საფუძველზე შპს“ს. ჯ-ს“ ნაკისრი აქვს ვალდებულება, შპს ”კ. ფ-ის” კაპიტალში განახორციელოს შენატანი/ინვესტიცია 536 290 ლარის ოდენობით. საქმეში არსებული მორიგების აქტის თანახმად, ინვესტიცია არის ინვესტორების მიერ აქტის შესაბამისად ოპერატორი კომპანიის კაპიტალში პირდაპირი შენატანის სახით შეტანილი თანხების ერთობლიობა. მორიგების აქტით არ არის განსაზღვრული ინვესტირების დეტალები, შესაბამისად, მოპასუხესა და შპს ”კ. ფ-ს” შორის დაიწყო მოლაპარაკება ინვესტირების პირობებთან დაკავშირებით. შპს „ს. ჯ-ის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია დღემდე წარმოადგენს არა კაპიტალში შენატანს, არამედ მორიგების აქტის საფუძველზე ავანსად გადახდილ თანხას. მორიგების აქტი კი, ითვალისწინებდა კომპანიის კაპიტალში შენატანების პირდაპირ განხორციელების პირობას და არა ავანსირებას. აღნიშნულის გამო შპს „ს. ჯ-მა“ შეაჩერა შენატანების განხორციელება, რაზედაც ინფორმაცია მიეწოდა მოსარჩელესაც. ამჟამად პროექტის მიმდინარეობა შეჩერებულია და მისი სამომავლო განვითარება გაურკვეველია. შესაბამისი გარემოებების დადგენამდე (მათ შორის ოპერატორი კომპანიის კაპიტალში ინვესტირების წილობრივი მონაწილეობის, შენატანის შესაბამისი წილის საკუთრებაში რეგისტრაციისა და სხვა) შპს „ს. ჯ-მა“ მართებულად მიიჩნია, შეჩერდეს ინვესტირების განხორციელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს. ჯ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დასახელებული განჩინების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

2010 წლის 3 სექტემბერს შპს ”ს. რ-ას”, სს ”თ. ბ-ს”, შპს ს. ჯ-ს”, სს ”ე. ე-სა” და შპს ”კ. ფ-ის” შორის გაფორმდა მორიგების აქტი №იუს/10-016. აქტი ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ. მორიგების აქტით შპს ”ს. ჯ-მა” იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა 536 290 ლარის ინვესტიცია შპს ”კ. ფ-ის” მიერ რკინიგზის საკუთრებაში არსებული 2 ვაგზლის ფართებისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო/სამშენებლო საპროექტო სამუშაოების საწარმოებლად. ამასთან, მოპასუხე ვალდებული იყო, ინვესტირება განეხორციელებინა თანდართული გრაფიკის შესაბამისად და თანხები ჩაერიცხა შპს ”კ. ფ-ის” იმ ანგარიშზე, რომელსაც მიუთითებდა შპს ”ს. რ-ა”. მორიგების 1.8.6 პუნქტის შესაბამისად, აქტით გათვალისწინებული შენატანების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შპს ”ს. რ-ა” უფლებამოსილია, ინვესტორს მოსთხოვოს განუხორციელებელი შენატანის შევსება. ამასთან, თანხას დაერიცხება სარგებელი წლიური 15,2% ოდენობით ვალდებულების დარღვევის თარიღიდან თანხის სრულ ჩარიცხვამდე;

2011 წლის 3 სექტემბრამდე (2010 წლის 3 სექტემბრიდან 12 თვეში) შპს ”ს. ჯ-ს” უნდა განეხორციელებინა შენატანი შპს ”კ. ფ-ის” კაპიტალში 249 169 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილიც - 69 909 ლარი დღემდე შეუსრულებელია, ხოლო 2012 წლის 3 სექტემბრამდე (2010 წლის 3 სექტემბრიდან 24 თვეში) შპს ”ს. ჯ-ს” უნდა განეხორციელებინა შენატანი შპს ”კ. ფ-ის” კაპიტალში 213 293 ლარის ოდენობით, რაც დღემდე არ განუხორციელებია. შპს ”ს. ჯ-ის” განუხორციელებელი საინვესტიციო შენატანი 2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 323 162 04 ლარს. აქედან, მიმდინარე შენატანის განუხორციელებელი ნაწილია 283, 202 ლარი, ხოლო დარიცხული სარგებელი - 39,960,04 ლარი (სარგებელი დღეში შეადგენს 117,94 ლარს);

2012 წლის 25 ოქტომბერს სს ”ს. რ-ამ” გაფრთხილების წერილით მიმართა ინვესტორს და მოსთხოვა ვალდებულების შესრულება. აღნიშნული წერილის პასუხად შპს სადაზღვევო კომპანია ”ა. ჯ-მა” 2012 წლის 12 ნოემბრის №01/3529/12 წერილი ითხოვა 30 დღიანი ვადა;

შპს ”კ. ფ-ის” 2013 წლის 14 მაისის №01/20/095 წერილის თანახმად, 2010 წლის 3 სექტემბერს შპს ”ს. რ-ს”, სს ”თ. ბ-ს”, შპს სადაზღვევო კომპანია ”ა. ჯ-ს”, სს ”ე. ე-სა” და შპს ”კ. ფ-ის” შორის გაფორმებული №იუს/10-016 მორიგების აქტითა და 2010 წლის 3 სექტემბერს შპს ”ს. რ-სა” და შპს ”კ. ფ-ის” შორის გაფორმებული უძრავი ნივთის იჯარით აღების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში დღემდე შესრულებულია 1 698,811,03 ლარის სამუშაო, საიდანაც დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის - შპს ”ფ. ჯ-ას” მიერ დასკვნა გაცემულია 1 167 732,67 ლარზე უშუალოდ ძირითად სამშენებლო სამუშაოებზე, საიდანაც ანაზღაურებულია მხოლოდ 905 821,66 ლარი, 241 191,01 ლარი კი დარჩენილია, როგორც ვადაგადაცილებული დავალიანება;

მხარეთა შორის არსებულ მორიგებას საფუძვლად უდევს „ს. რ-ის“ მიერ გაფორმებული შესყიდვების კონტრაქტი ვაგონშემკეთებელ კომპანიასთან, რომლის საბანკო გარანტია გასცა შპს ”ს. ჯ-მა”. მას შემდეგ, რაც ვაგონშემკეთებელმა კომპანიამ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, რკინიგზამ დაიწყო საბანკო გარანტიების მოძიება. დავის მიმდინარეობისას ვაგონშემკეთებელმა კომპანიამ შეასრულა რკინიგზის მიმართ გარკვეული ნაწილი ვალდებულებისა, ხოლო ვალდებულება 536 290 ლარის ნაწილში კვლავაც შეუსრულებელი იყო. შპს „ს. რ-ას“ 2007 წელს გაფორმებული საინვესტიციო და საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად ნავთლუღის ვაგზალში უნდა განეხორციელებინა ინვესტიცია და 49 წლის ვადით იჯარით გაეცა ქონება ოპერირებისთვის. შპს ”კ. ფ-იმ” იკისრა აღნიშნული სადგურის მშენებლობის ვალდებულება. შპს ”ს. რ-ას” თავად რომ არ განეხორციელებინა ინვესტიციები და გააჩნდა გარკვეული მოთხოვნები, მხარეები შეთახმდნენ, რომ სს ”ე. ე-ი” და შპს ”ს. ჯ-ი” განახორციელებდა ინვესტიციას შპს ”კ. ფ-ში” აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით. შპს ”ს. რ-ამ” მორიგების აქტშივე დაიზღვია თავი და გაითვალისწინა ის, რომ განხორციელდებოდა თუ არა ეს პროექტი, ეს თანხა მაინც უნდა გადაეხადა შპს „ს. ჯ-ს” და ეს იყო უდავოდ დადგენილი თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო შპს ”ს. რ-ს”.

დადგენილი გარემოებები სასამართლომ შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 403-ე მუხლების შესაბამისად და მიიჩნია, რომ შპს „ს. ჯ-ი“ ვალდებულია, სს „ს. რ-ას“ გადაუხადოს საივესტიციო თანხა 283 202 ლარის ოდენობით, ასევე გადასახდელი თანხის წლიური15,2% ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

2010 წლის 3 სექტემბერს შპს ”ს. რ-ას”, სს ”თ. ბ-ს”, შპს ს. ჯ-ს”, სს ”ე. ე-სა” და შპს ”კ. ფ-ს” შორის გაფორმდა მორიგების აქტი №იუს/10-016, რომლის საფუძველზე აპელანტმა იკისრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2012 წლის 3 სექტემბრისა განეხორციელებინა 536 290 ლარის ინვესტიცია შპს ”კ. ფ-ის” კაპიტალში. მორიგების აქტის თანახმად, ინვესტიცია არის ინვესტორების მიერ აქტის შესაბამისად საიჯარო ობიექტის განვითარება - რეკონსტრუქციისათვის კომპანიის საწესდებო კაპიტალში პირდაპირი შენატანის სახით შეტანილი თანხების ერთობლიობა არანაკლებ 1 421 290.00 ლარის ოდენობით და აგრეთვე 2 568 802.00 ლარი, რომელსაც განახორციელებს შპს ”კ. ფ-ი“. აღნიშნული მორიგების აქტით არ განისაზღვრა ინვესტირების დეტალები, შესაბამისად, კასატორსა და შპს „კ. ფ-ის“ შორის დაიწყო მოლაპარაკება ინვესტირების პირობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხებზე მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა, შესაბამისად, კასატორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია წარმოადგენს არა კაპიტალში შენატანს, არამედ ავანსად გადახდილ თანხას, მაშინ როდესაც მორიგების აქტი ითვალისწინებდა ოპერატორი კომპანიის კაპიტალში შენატანების პირდაპირ განხორცილებას და არა ავანსირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა შენატანების განხორციელება, რის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდა მოწინააღმდეგე მხარესაც. პარალელურად შედგა შეხვედრა მხარეთა წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანი იყო, კასატორს მიეღო ინფორმაცია იმ პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ევალებოდა ინვესტირების ვალდებულება. თუმცა კასატორისათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ინფორმაციის წარმოდგენა განხორციელდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თუმცა ეს ინფორმაცია იყო არასრული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც კასატორისათვის არის ცნობილი, ამჟამად პროექტის მიმდინარეობა შეჩერებულია და მისი სამომავლო განვითარება გაურკვევევლია. შესაბამისად, გარემოებების დადგენამდე უნდა შეჩერდეს ინვესტირების განხორციელება;

მხარეთა შორის მორიგების აქტის გაფორმება განპირობებული იყო სს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ შპს „ს. ჯ-ის“ მიერ ვაგონშემკეთებელ ქარხანაზე გაცემულ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავიდან. მორიგების აქტით შპს „ს. ჯ-მა“ იკისრა ინვესტირების ვალდებულება ოპერატორ კომპანიაში წილის სანაცვლოდ. ამასთან სს „ს. რ-მ“ აიღო ვალდებულება, ოპერატორი კომპანიისათვის იჯარით გადაეცა ის ქონება, რომლის განვითარება-რეკონსტრუქციისთვისაც უნდა განხორციელებულიყო ინვესტირება. აღნიშნული პირობების სანაცვლოდ, ანუ იმ უფლებების სანაცვლოდ, რაც კასატორს, როგორც ინვესტორს უნდა მინიჭებოდა, მან უარი თქვა რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე ვაგონშემკეთებელი ქარხნის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად კი კასატორი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გაურკვეველია ზოგადად საინვესტიციო პროექტის განხორციელების ბედი, თანხები გადახდილია ავანსად და არა, როგორც ინვესტიცია კაპიტალში, ვინაიდან კაპიტალში შენატანი ავტომატურად გულისხმობს შენატანის განმახორციელებელის უფლებას კაპიტალში წილის იმ ნაწილზე, რაც განისაზღვრება შენატანის პროპორციულად და სამომავლოდ საინვესტიციო პროექტის განვითარების, შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში კასატორის უფლებები არის აბსოლუტურად დაუცველი და დაუდგენელი. ამდენად დგინდება, რომ სრულად შეიცვალა მორიგების აქტით შეთანხმებული პირობები და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ. ხელშეკრულების მხარეებს არ შეიძლება მოეთხოვოთ შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ამასთან, მხარეები უნდა შეეცადნონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე მას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე;

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლო უდავო გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კასატორს ჰქონდა ინვესტირების - კაპიტალში შენატანის განხორციელების ვალდებულება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - შენატანის განხორციელების მოთხოვნის უფლება, თუმცა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ კასატორის მიერ ხორციელდება არა ინვესტირება კაპიტალში, არამედ ავანსად თანხების გადახდა. სააპელაციო საჩივრის წარდგენის მომენტისათვის კასატორს ავანსად გადახდილი აქვს 253 088.00 ლარი, თუმცა შესაბამისი პროპორციით წილი შპს „კ. ფ-ის“ კაპიტალში არ ურეგისტრირდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრისათვის 2013 წლის 14 ნოემბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილია 8000 ლარი. შესაბამისად, შპს „ს. ჯ-ს“ უნდა დაუბრუნდეს 8000 ლარის 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს. ჯ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 9 დეკემბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე