№ას-1142-1089-2013 2 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ . კ-ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად ვალდებულებათა გაქვითვით, ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ) გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კ. კ-ას მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 5000 ლარის დაკისრება. სარჩელის მიხედვით, 2009 წლის სექტემბერში მ. ბ-მ კ. კ-ას მიაქირავა კუთვნილი ავტოფარეხი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, რისთვისაც ასევე ასესხა 5000 ლარი. სარჩელში აღნიშნულია, რომ კ. კ-ამ 2010 წლის ოქტომბერში უარი თქვა მ. ბ-ის ავტოფარეხის ქირავნობზე, თუმცა სესხად აღებული 5000 ლარი არ დაუბრუნებია.
მოპასუხე კ. კ-ამ სარჩელი არ ცნო და მ. ბ-ის მიმართ წარადგინა შეგებებული სარჩელი ავტოფარეხის რემონტის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით. კ. კ-ას მტკიცებით, მას მ. ბ-მ 5000 ლარი გადასცა არა სესხის სახით, არამედ, როგორც ავტოფარეხის რემონტის ხარჯი, რამაც საბოლოოდ შეადგინა 6000 ლარი. ამდენად, მოპასუხის მითითებით, მ. ბ-ე ვალდებულია, კ. კ-ას გადაუხადოს რემონტის ხარჯის დაუფარავი ნაწილი 1000 ლარის ოდენობით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, კ. კ-ას შეგებებული სარჩელი კი, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კ. კ-ას მ. ბ-ის სასარგელოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა, ხოლო მ. ბ-ს კ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ნივთის რემონტის ხარჯის ანაზღაურება 1400 ლარის ოდენობით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა კ. კ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას ვალდებულებათა გაქვითვიდან გამომდინარე. აპელანტმა ასევე გაასაჩივრა: 1) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება, რომლითაც გაუქმდა ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, და 2) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მ. ბ-სათვის ავტოფარეხის სარემონტო სამუშაოების შეფასების მიზნით ექსპერტის დაშვების დავალების თაობაზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე მ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ისა და კ. კ-ას სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-ს კ. კ-ას სასარგებლოდ დაეკირა სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1933 ლარისა და 96 თეთრის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კ. კ-ას მოთხოვნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
2009 წლის სექტემბერში კ. კ-ამ სამეწარმეო საქმიანობისათვის (ფეხსაცმლის კერვა) დაიქირავა მ. ბ-ის საკუთრებაში არსებული, ზუგდიდში, კ-ის ქ. №1-ში მდებარე ავტოფარეხი, რისთვისაც ქირის სახით იხდიდა თვეში 200 ლარს;
2009 წლის აგვისტო-სექტემბერში მ. ბ-მ კ. კ-ას სესხის სახით გადასცა 5000 ლარი, რომელიც უნდა ყოფილიყო დაბრუნებული 2010 წლის იანვარში. სესხის ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით. სესხის სახით 5000 ლარის მიღება დაადასტურა თავად კ. კ-ამ, თანახმად შესაგებლისა და ზუგდიდის შსს სამმართველოში მისი გამოკითხვის ოქმისა;
კ. კ-ას მ. ბ-სათვის არ დაუბრუნებია სესხის სახით აღებული თანხა;
2009 წელს კ. კ-ამ ზუგდიდში, კ-ის ქ. №1-ში მდებარე ავტოფარეხში განახორციელა სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1933,96 ლარი. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დაადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის №003672613 დასკვნის საფუძველზე;
სასამართლომ დაადგინა, რომ დავის განხილვის დროისთვის გარემონტებული ავტოფარეხი მ ბ-ს აქვს გაქირავებული და იქ ფუნქციონირებს მაღაზია.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 319-ე, 623-ე, 624-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებების შესაბამისად, კ. კ-ას მართლზომიერად დაეკისრა მ. ბ-ისათვის 5000 ლარის, როგორც სესხის სახით აღებული თანხის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოფარეხის რემონტის ხარჯის - 1933,96 ლარის კ. კ-ასათვის ანაზღაურება მ. ბ-ს უნდა დაეკისროს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მოითხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მართლზომიერად გაუქმდა ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ 2012 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 27 ნოემბერს ადვოკატი მ. ჭ-ა მონაწილეობას იღებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, რომელიც დანიშნული იყო 11:30 სთ-ზე, თავად მოსარჩელე მ. ბ-ე კი ქრონიკული ავადმყოფია, საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას, რის გამოც იმყოფებოდა თბილისში. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ბ-ის წარმომადგენელი მ. ჭ-ა 2012 წლის 26 ნოემბერს დაუკავშირდა ტელეფონით მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა 2012 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე მონაწილეობის გამო. მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2012 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-233-ე მუხლებით გავალისწინებული საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. კ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით არასწორად გაუქმდა ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელ გდაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრით მისმა ავტორმა ვერ დაადასტურა 2012 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მ. ბ-ის ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, ასევე მასში არ არის მითითებული, რომ მ. ბ-ე მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოცხადებულიყო სხდომაზე. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენელს, იგი 2012 წლის 27 ნოემბერს მონაწილეობას იღებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 11:30 სთ-ზე დანიშნულ სხდომაზე, რომლის მომდევნო სხდომა დანიშნული იყო 14:00 სთ-ზე და ამდენად, მხარის წარმომადგენელს შეეძლო, მონაწილეობა მიეღო ასევე ზუგდიდში 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე. გარდა ამისა, მ. ბ-ის წარმომადგენლის მითითებით, საქმის განხილვაში მონაწილეობა მხოლოდ მას უნდა მიეღო, რის გამოც არ იქნა მიღებული ზომები სასამართლო სხდომაზე მ. ბ-ის გამოცხადების უზრუნველსაყოფად. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას საჩივრის ავტორს უნდა წარედგინა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნა გაფრთხილებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, თუ მხარის წარმომადგენელი ვერ ახერხებს სხდომაზე გამოცხადებას, უნდა გამოცხადდეს თავად მხარე (საქმე Nას-1077-1010-2012), წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობით არ საბუთდება პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობა (საქმე Nას-573-541-2011), სასამართლო სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია, დაიცვას წინდახედულობის ყველა ნორმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი შედეგი (საქმე Nას-908-853-2012);
კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის არ წარმოშობილა სესხთან დაკავშირეული ურთიერთობა და არც დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებას ჰქონია ადგილი, კ. კ-ამ მ. ბ-ის კუთვნილ ქონებაზე სარემონტო სამუშაოები განახორციელა მასთან შეთანხმებით, შესაბამისად, არსებობდა ნარდობა, რის გამოც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 629-ე მუხლით;
კასატორის მოსაზრებით, თუ სასამართლომ გაიზიარა მ. ბ-ის განმარტება კ. კ-ასათვის სესხის მიცემასთან დაკავშირებით, სესხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა მიეჩნია ხანდაზმულად. მ. ბ-ის განმარტებით, თავდაპირველად მან კ. კ-ას ასესხა 1000 ლარი, რომელიც უნდა ყოფილიყო დაბრუნებული 2009 წლის სექტემბერში, სარჩელი კი შეტანილია 2012 წლის ოქტომბერში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით კ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კ. კ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრისათვის გ. ფ-ას მიერ 2013 წლის 9 დეკემბერს N328569110 საგადახდო დავალებით გადახდილია 300 ლარი. შესაბამისად, კ. კ-ას უნდა დაუბრუნდეს მისი საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. კ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ კ. კ-ას (პირადი №..........) დაუბრუნდეს გ. ფ-ას მიერ 2013 წლის 9 დეკემბერს N328569110 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე