ბს-710-297 (კ-05) 2 დეკემბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “.. ..-ის” დირექტორმა ზ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ 01.01.03წ. და 01.03.03წ. შპს “.. ..-ასა” და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის იმერეთის ტერიტორიულ განყოფილებას შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომლითაც პოლიკლინიკა იღებდა ვალდებულებებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ომის ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების 2003წ. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შესრულებაზე, ხოლო იმერეთის ტერიტორიული განყოფილება საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპატამენტისაგან შპს “.. ..-ისათვის” გამოყოფილი თანხების, ფინანსთა სამინისტროს იმერეთის სახაზინო სამსახურის მეშვეობით, პოლიკლინიკისათვის დროულად გადარიცხვაზე.
პოლიკლინიკამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისობაში მოიყვანა ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა და 2003წ. განმავლობაში უზრუნველყო ომის ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამის ნაწილობრივი შესრულება. მიუხედავად მოსარჩელის მრავალი მცდელობისა, ვეტერანთა იმერეთის ტერიტორულმა განყოფილებამ და იმერეთის ხაზინამ დროულად ვერ დააფინანსეს პროგრამა, რის გამოც 2004წ. 1 იანვრისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დავალიანებამ შეადგინა 25.214 ლარი, რომლიდანაც 11186 ლარი შეადგენს მიზნობრივ სამედიცინო პროგრამის მომსახურე პოლიკლინიკის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას. ხელშეკრულების მე-6 მუხლის I-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ვეტერანთა იმერეთის ტერიტორიული განყოფილება ვალდებულია აუნაზღაუროს პოლიკლინიკას ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრული მოცულობით. მიუხედავად ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის და იმერეთის ტერიტორიული განყოფილების მცდელობისა, იმერეთის ხაზინის და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ანაზღაურება ხელოვნურად ჭიანურდება. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 24.12.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს “.. ..-ის” დირექტორის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.04.05წ. განჩინებით ზ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 24.12.04წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია. რომ 01.03.03წ. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მესამე თავის 4.0 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხაზინის მიერ შესაბამისი ვალდებულების დარეგისტრირების შედეგად. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებების დარეგისტრირება ხაზინაში არ მომხდარა, შესაბამისად ხელშეკრულება ძალაში არ შესულა. ამდენად, გარიგება რომელიც ძალაში არ შესულა, ნამდვილი ვერ გახდება მესამე პირის თანხმობამდე (სკ-ის 99-ე მუხ.). კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო იყო საჯარო -სამართლებრივი ხასიათის თანხმობა, ანუ საჯარო პირის _ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, იმერეთის ხაზინის თანხმობა, რომლის გარეშეც გარიგება ბათილია, რადგანაც ძირითადი გარიგების მონაწილენი შებოჭილნი იყვნენ ამ თანხმობით. უფლებამოსილი პირის მიერ არც შემდგომში მომხდარა გარიგების მოწონება (სკ-ის 101-ე მუხლი).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს .. ..-ის დირექტორმა ზ. ლ-ემ. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 1. სასამართლო სხდომის თაობაზე შესაბამისი უწყებით არ ყოფილა გაფრთხილებული მოსარჩელე მხარე, ხოლო წარმომადგენელი ამ უკანასკნელის ნდობის ფაქტორის გამოყენებით შეიყვანეს შეცდომაში და ხელი მოაწერინეს იმ ბლანკზე, რომელიც შეუვსებელი იყო. ამის შედეგად სასამართლო სხდომა ჩატარდა მოსარჩელეების გარეშე. სააპელაციო პალატამ უგულებელყო სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნა, მან არ გაითვალისწინა, რომ სხდომის თაობაზე სათანადო წესების დაცვით არ ყოფილა გაფრთხილებული თავად მოსარჩელე მხარე ზ. ლ-ე, რის გამო მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა საკუთარი უფლებების სასამართლო წესით დაცვისა;
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდება სადავო ვალდებულების ხაზინაში რეგისტრაცია და მოპასუხის მიერ სადავო ვალდებულების აღიარება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აცნობა მას მომავალი სასამართლო სხდომის დრო. სსკ-ის 216-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადებისას ახალი სასამართლო სხდომის თაობაზე უწყების გაგზავნა სავალდებულოა მხოლოდ გამოუცხადებელი ან საქმეში ახლადჩაბმული პირებისათვის. გამოცხადებულ პირებს გადადებული სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ იმავე სასამართლო სხდომაზე, რასაც ისინი ხელმოწერით ადასტურებენ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატის 15.03.05წ. სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ შპს “.. ..-ის” დირექტორი და მისი წარმომადგენელი. გამოუცხადებელი მხარეებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დასტურის უქონლობის გამო აღნიშნული სხდომა გადაიდო, სხდომა დაინიშნა 05.04.05წ., 13:00 საათზე, რაც აისახა სასამართლოს სხდომის ოქმში და ეცნობათ გამოცხადებულ მახარეებს. 15.03.05წ. სასამართლო სხდომის ოქმთან დაკავშირებით კასატორს პრეტენზია არ წამოუყენებია და პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში ოქმში შენიშვნა არ შეტანილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს გადადებული სხდომის დრო ეცნობა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, არ არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით შპს “.. ..-ისათვის” სადავო თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევა უნდა მოხდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღებული და დამტკიცებული ვალდებულების შესაბამისად, თუ ამ კანონით ან მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 32-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან თანხების მოხსნის ნებართვის გაცემის უფლება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, მხოლოდ ხაზინას გააჩნია. განსახილველ პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 17.10.02წ. ¹1307 განკარგულებით დამტკიცებული “ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” ინსტრუქციის I-ლი მუხლის თანახმად, ინსტრუქციის ძალაში შესვლის შემდეგ ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო სახსრებიდან თანხების გაცემის საფუძველს ხარჯების წინასწარი ვალდებულება-დამოწმება წარმოადგენდა. მხარეთა მიერ ხელმოწერილ 01.03.03წ. ხელშეკრულების მესამე პუნქტის ბოლო წინადადებით, ასევე, განსაზღვრულია რომ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ხაზინის მიერ მისი დარეგისტრირების შემდეგ. ამდენად, განსახილველ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის იმერეთის ტერიტორიული განყოფილების უფროსსა და შპს “.. ..-ის” დირექტორს შორის 01.03.03წ. დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხოლოდ ხაზინაში მისი დარეგისტრირების შემდეგ. აღნიშნულს არ უარყოფს ის გარემოება, რომ “საქართველოს 2003წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-17 მუხლი, რომლის მიხედვით ჯანდაცვის პროგრამები ბიუჯეტის პრიორიტეტულ ღონისძიებებად და დაცულ მუხლებად მიიჩნეოდნენ. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის სამეურნეო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსის მიერ შედგენილი 2003წ. ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებით დასტურდება სადავო ვალდებულების რეგისტრაცია. მითითებული დოკუმენტი არ არის უწყების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი და კასატორის მიმართ აღებულ რაიმე ვალდებულებაზე და მის სახაზინო სამსახურში რეგისტრაციაზე არ მიუთითებს. საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ასევე ხაზინის მიერ პოლიკლინიკის თანამშრომლებისათვის 2003წ. იანვრის თვის შრომის ანაზღაურება, ვინაიდან 2003წ. იანვარში მოქმედი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ვალდებულების ხაზინაში რეგისტრაციას. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ასევე საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 20.01.04წ. ¹24-01/13 და ¹24-01/14 წერილები, რომლითაც იგი აღიარებს დავალიანების არსებობას, რადგან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს პრეზიდენტის 17.10.02წ. ¹1307 განკარგულებით დამტკიცებული “ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებებისა და დამოწმების მეშვეობით” ინსტრუქციის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ვალდებულების დოკუმენტი და დამატებითი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს ცენტრალურ ან რეგიონალურ ხაზინას, რომელმაც უნდა შეამოწმოს ვალდებულების დოკუმენტის შესაბამისობა გეგმასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან, რის შემდეგაც ხდება მისი ვალდებულებად დარეგისტრირება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული ინსტრუქციის მიხედვით, ინსტრუქციის ძალაში შესვლის შემდეგ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას ინსტრუქციის ძალაში შესვლის თარიღიდან ვალდებულებისა და დამოწმების პროცესის გარეშე დაგროვებული დავალიანების დაფარვაზე. რადგან ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის იმერეთის ტერიტორიული განყოფილების მიერ კასატორთან გაფორმებული ხელშეკრულება ხაზინაში რეგისტრირებული არ ყოფილა, შესაბამისად ხელშეკრულება ძალაში არ შესულა და იგი არ წარმოშობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისათვის (სსკ-ის 317-ე მუხ.). ვინაიდან მხარეთა შორის დადებული გარიგების ნამდვილობა დამოკიდებული იყო მესამე პირის საჯარო-სამართლებრივ თანხმობაზე, ხოლო უკანასკნელს არც გარიგების დადებამდე და არც მისი დადების შემდეგ (სკ-ის 109-ე მუხ.) არ გამოუთქვამს თანხმობა გარიგებაზე, ხოლო კანონმდებლობით თანხმობა (ცალმხრივი ნების გამოვლენა) აუცილებელი იყო გარიგების ნამდვილობისათვის, ხელშეკრულების მონაწილენი შებოჭილი იყვნენ ამ თანხმობით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის 01.03.03წ. დადებული ხელშეკრულება ძალაში არ შესულა, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეკრულების მე-6 თავის “ბ”ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ხელშეკრულების კონტრაჰენტს ეკისრება პოლიკლინიკის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების სრული მოცულობით ანაზღაურება, მართებულად არ იქნა მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან სკ-ის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის სავალდებულოა მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის რომ, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 05.04.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.