საქმე№ას-1202-1147-2013 2 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. და პ. მ-ები (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და პ. მ-ების მიმართ და მოითხოვა ი. მ-სა და არასრულწლოვანი ი-ნ მ-ის კანონიერ წარმომადგენელ ე. მ-ს შორის 2011 წლის 16 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნოტარიუს ნ. ღ-ის მიერ 2012 წლის 22 აგვისტოს ა. და პ. მ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ქ. მარნეულში, ჯ-ის ქ. №11, მე-2 შესახვევში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ი მ-ის ცნობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 82-ე მუხლების თანახმად, მოტყუებით გარიგება იდება იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მეორე მხარე დებს გარიგებას. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში მხარემ უნდა დაამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი.
კონკრეტულ შემთხვევაში 2011 წლის 16 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოსარჩელე მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ გარიგებათა შინაარსი არ შეესაბამება მის ნამდვილ განზრახვას და მოსარჩელეს მოტყუებით მოაწერინეს ხელი სადავო ხელშეკრულებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რომ მას 2011 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს. სადავო გარემოების დასტურად ვერ განიხილება მხარის მიერ აპელირებული მოწმეების – ფ. კ-ს, ვ. ხ-ს და ს. კ-ას ჩვენებები გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი მათგანი უშუალოდ არ შესწრებია 2011 წლის 16 ივნისს ი. მ-სა და ი-ნ მ-ის კანონიერ წარმომადგენელ ე. მ-ს შორის დადებულ გარიგებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, საქმეში წარმოდგენილია მოწმის სახით დაკითხულ თარჯიმან ე. ე-ის განმარტება, რომელსაც, როგორც სადავო გარიგების შემდგენი პირის ჩვენებას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართლზომიერად მიენიჭა უპირატესი ძალა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან შედარებით.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტს მოსარჩელე მხარე არ უარყოფს, რაც იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, ხელმოწერამდე გაეცნო მოსარჩელე, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ იგი მართლაც არ გასცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს ი. მ-ის ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. სამოქალაქო კოდექსი კი, გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში მისი შინაარსის გაცნობის გარეშე.
სააპელაციო პალატამ აქვე შენიშნა, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ი. მ-ს ხელმოწერისას არ განუცხადებია პრეტენზია რუსული ენის არცოდნასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ი. მ-ის მიმართ მოტყუება არ განხორციელებულა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დაირღვა კასატორის უფლებები. უძრავი ქონება გაიყიდა 600 ლარად მაშინ, როდესაც მხარეებმა იგი 30 000 ლარად შეაფასეს.
მოწმე ე-მა დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა კასატორს არ მიუღია და არც ნასყიდობის საგანი გამსხვისებელს არ გადასცემია.
ი.მ-ი არ ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, მან მხოლოდ აზერბაიჯანული ენა იცის, შესაბამისად, მისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი უცნობი იყო. სასამართლომ არ იმსჯელა, რაში გამოიხატებოდა კასატორის ნება, თუ იგი გარიგების შინაარსს არ იცნობდა. ამასთან, გარიგება ე-ს მხარისათვის რუსულად რომ ეთარგმნა, ყურადღებას მიაქცევდა ი. მ-ის ნაცვლად რ. მ-ის მითითების ფაქტს.
სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა ვადის მიწურულს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით ი. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ი. მ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. მ-ისა და ნ. ბ-ის მიერ 2013 წლის 25 დეკემბერს №33 საგადახდო დავალებით გადახდილი 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი. მ-ს (პირადი №.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. მ-ისა და ნ. ბ-ის მიერ 2013 წლის 25 დეკემბერს №33 საგადახდო დავალებით გადახდილი 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე