№ას-12-12-2014 9 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ზ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ზ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სესხის ძირითადი თანხის – 1240 აშშ დოლარის, სარგებლის - 111.6 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 7254 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. ასევე, დავალიანების გადახდევინება იპოთეკით დატვირთული, ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავში, ძ. ხ-ის ქუჩის №16-ში მდებარე ბინა №42-ის რეალიზაციის გზით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ზ-ას სარჩელი მოპასუხე ნ. ჩ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ -ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყევტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მ. ზ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 4 ივლისს მ. ზ-ასა და ნ ჩ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით. მ. ზ-ამ ნ. ჩ-ს ასესხა 1240 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი თვეში 3%-ის დარიცხვით, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 0.3% (ტომი 1; ს.ფ. 12 - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება);
სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოვალე ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. რუსთავში, ძ .ხ-ის ქუჩა N16, სართული 4, ბინა 42. ფართით 30.30 კვ.მ. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტომი 1; ს.ფ. 15 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ შეუსრულებია ძირითადი თანხის 1240 აშშ დოლარისა და სამი თვის სარგებლის 111.6 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება (ტომი 1; ს.ფ. 1-9 - სარჩელი);
კრედიტორს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით 2013 წლის 26 მარტამდე სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია (ტომი 1; ს.ფ. 2 - მოსარჩელის ახსნა-განმარტება; მოპასუხის ახსნა-განმარტება);
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მ. ზ-ას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128.1-ე, 144.1-ე მუხლებით და მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობდა მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ამდენად, იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მ. ზ-ას წარმოეშვა 2007 წლის 04 ოქტომბრიდან, შესაბამისად, მას ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში, ანუ 2010 წლის 04 ოქტომბრამდე უნდა აღეძრა განსახილველი სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მ. ზ-ამ ნ. ჩ-ის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2013 წლის 26 მარტს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
პალატის განმარტებით, აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ხანდაზმულობის ვადა იყო შეწყვეტილი.
რაც შეეხება მ. ზ-ას აპელირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოწმის სახით მ. ს-ას დაკითხვის თაობაზე, რაც აპელანტის მოსაზრებით გააბათილებდა სასამართლოს მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სსკ-ის 102.3. მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.
პალატამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება), ვინაიდან, დადგენილი იყო ის გარემოება, რომ 2007 წლის 04 ოქტომბრიდან 2010 წლის 04 ოქტომბრამდე პერიოდში კრედიტორს მ. ზ-ას თავისი უფლების დასაცავად არ ჰქონდა შეტანილი სარჩელი სასამართლოში.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გასულია ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, პალატის აზრით, ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული ასევე სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი (სესხის) ვალდებულებიდან, და რომლის უზრუნველსაყოფადაც, გამოყენებული იქნა იპოთეკა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ხანდაზმულობის მოტივით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას გადაუხდიდნენ ძირითად თანხას, რაც სარჩელის აღიარებას ნიშნავდა. ამასთან, სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე, რომელიც დაამოწმებდა, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გრძელდებოდა და, შესაბამისად, ხანდაზმულობა გამოირიცხებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით მ. ზ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შმ. ზ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ზ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. ზ-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე