საქმე №ას-1232-1177-2013 2 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ხ უ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ დ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. უ-ის მიმართ და მოითხოვა ხ. უ-ს ლ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – .... წლის ...სექტემბერს დაბადებული მ. უ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 250 ლარის ოდენობით, ასევე დამატებითი ხარჯების 326 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი – მ. უ-ი, რომელიც იზრდება დედასთან, მოსარჩელე ლ. დ-თან. მოპასუხე ნებაყოფლობით არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში. ამასთან, მ. უ-ი დაავადებულია ქრონიკული ტონზილიტით და საჭიროებს მკურნალობას.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდის ნაწილში და მიუთითა, რომ მეტი ოდენობით ალიმენტის გადახდა არ შეუძლია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ხ .უ-ს ლ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – .... წლის ... სექტემბერს დაბადებული მ. უ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 125 ლარის ოდენობით, 2013 წლის 3 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ასევე დამატებითი ხარჯების – 163 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. დ-მა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ხ. უ-ს ლ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ...სექტემბერს დაბადებული მ. უ-ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის – 180 ლარის გადახდა 2013 წლის 3 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ თანაცხოვრების პერიოდში ლ. დ-სა და ხ. უ-ს შეეძინათ შვილი – .... წლის ... სექტემბერს დაბადებული მ. უ-ი. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი მ. უ-ი ცხოვრობს დედასთან.
საქმეში წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე ხ. უ-ი მუშაობს სს „ს. რ-ის” ელექტრომომარაგების დეპარტამენტის აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს გურჯაანის ცენტრის მაღაროს საკონტაქტო ქსელის რაიონის მორიგე ელექტრომონტიორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური სარგო შეადგენს 500 ლარს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის მოპასუხე ხ. უ-ის ყოველთვიური შემოსავლის ოდენობას და აღნიშნავს, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი 2000 ლარს აღწევს, კერძოდ, მას აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებს და გარდა ამისა, თბილისში ეწევა საკვები ზეთებით ვაჭრობას.
პალატამ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე ვერ იმსჯელებს სააპელაციო საჩივარში ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელემ დაკარგა უფლება, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითოს ამ გარემოებაზე, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტის ახსნა-განმარტებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები არ შეიძლება გასცდეს სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს, ამიტომ პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებაზე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მ. უ-ი დაავადებულია ქრონიკული ტონზილიტით და მისი მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯები შეადგენს 326 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლების საალიმენტო მოვალეობები შვილის მიმართ დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1198-ე მუხლებით.
ამასთან, პალატამ მიუთითა ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. კონვენციის 18-ე მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
პალატამ განმარტა, რომ კანონისმიერი საალიმენტო მოვალეობები ჩნდება იმ მომენტიდან, როდესაც მშობლები აღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ბავშვების მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღარ ზრუნავენ მათზე. ამ მომენტიდან ბავშვებს უჩნდებათ უფლება, მოითხოვონ უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით ანუ, ალიმენტის გადახდა. მშობლებს კი, უჩნდებათ მოვალეობა, უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილები ამგვარი საშუალებებით.
საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვან მ. უ-ს, რომელიც ცხოვრობს დედასთან, სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრებათ ორივე მშობელს. მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის დასადგენად ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ალიმენტის გადამხდელს (ხ. უ-ს) გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით და აქვს მატერიალური შესაძლებლობა, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც, თავისი ასაკიდან გამომდინარე, მშობლის დახმარებას საჭიროებს. აქვე პალატამ დასძინა, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხ. უ-ს აქვს მიწის ნაკვეთი და მისი დამუშავების შედეგად იღებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, აპელანტმა ვერ დაადასტურა ხ. უ-ის მიერ თბილისში საკვები ზეთებით ვაჭრობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რაც მისი მხრიდან მოპასუხის დამატებით შემოსავლების არსებობას დაადასტურებდა, თუმცა დგინდება, რომ ხ. უ-ი ფლობს მიწის ნაკვეთს, რომლის დამუშავებისა და პროდუქტების მიღებით უჩნდება გარკვეული დანაზოგი.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის 250 ლარამდე გაზრდის შესახებ და მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის ელემენტარული საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნია 180 ლარის დაკისრება.
რაც შეეხება დამატებით ხარჯებში მოპასუხე დ. უ-ის მონაწილეობას, სამოქალაქო საქმეთა პალატამ ჩათვალა, რომ შვილების მიმართ მშობელთა თანაბარი ვალდებულების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაანაწილა დამატებითი ხარჯი და მოპასუხე ხ. უ-ს დააკისრა საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით საჭირო თანხის ნახევარი – 163 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხ. უ-მა ნაწილობრივ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ალიმენტის სახით მისთვის 125 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად შეაფასა კასატორის შემოსავლები და გაითვალისწინა სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული შესავლებიც, რისი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი, ვინაიდან რეალურად არ შეაფასა ხ.უ-ის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივად, კასატორს სტაბილური შემოსავლის სახით აქვს მხოლოდ 500 ლარი, დანარჩენი შემოსავალი სეზონურია და მისი ოდენობა ყოველ ჯერზე სხვადასხვაა. რაც შეეხება მიწის დამუშავების ფაქტს, მამა პროდუქტებით უზრუნველყოფს შვილს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით ხ. უ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ხ. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ხ. უ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. გ-ის მიერ 2013 წლის 30 დეკემბერს №201 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. უ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ხ. უ-ს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. გ-ის მიერ 2013 წლის 30 დეკემბერს №201 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე