Facebook Twitter

№ას-1246-1189-2013 2 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ე, ი. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ხ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ხ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის, მ. მ-ისა და ი. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მეუღლეთა საერთო ქონებისა და ხარჯების გაყოფა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, ი. ხ-ე 1993 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. მ-სთან. 2007 წლის 20 ნოემბერს ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირეს, შეეძინათ შვილები: ბ. მ-ე და თ. მ-ე. 2011 წლის მეორე ნახევრიდან მოპასუხის ინიციატივით ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოპასუხემ თვალთმაქცური გარიგებები დადო და გააჩუქა ქორწინების პერიოდში შეძენილი საერთო ქონება, კერძოდ, ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირის №48/26-ში მდებარე უძრავი ქონება აჩუქა დედას – მ. მ-ს, ხოლო ქ. ქუთაიში, ი. ა-ის №10ა-ში მდებარე უძრავი ქონება მიჰყიდა რძალს – ი. მ-ს. ქორწინების პერიოდში შეძენილი ავტომანქანა ML, სახ. ნომრით „.....“ გადააფორმა თავისი ძმის პ. მ-ის სახელზე. აღნიშნული ქმედებებით მოპასუხე ცდილობს თავიდან აიცილოს დასახელებულ ქონებათა მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის განმარტებით, ქორწინების განმავლობაში შეძენილი აქვთ ავტომანქანა „SAAB SCANIA“, სანადირო თოფები – საერთო ღირებულებით 7000 ლარი, ასევე სხვადასხვა მოძრავი ნივთები, რომელთა ღირებულებაც საერთო ჯამში შეადგენს 233 884 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა, ზემოაღნიშნული გარიგებების ბათილად ცნობა და ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2. მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება გაიყო, კერძოდ: მოსარჩელე ი. ხ-ს საკუთრებაში დარჩა შემდეგი ნივთები: გასაშლელი მაგიდა სკამებით (ღირებული 1000 ლარად); გორკა დესეო (ღირებული 3500 ლარად); ტყავის დივან-სავარძლები (ღირებული 1000 ლარად); მეორე საძინებელი ოთახის გარნიტური (ღირებული 2500 ლარად); დიდი ტელევიზორი (ღირებული 1800 ლარად); კონდენციონერი ,,აუქსი” (ღირებული 550 ლარად); სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი” (ღირებული 700 ლარად); დიდი მაცივარი ,,ბეკო” (ღირებული 900 ლარად); გამაცხელებელი მიკროღუმელი ,,გორენიე” (ღირებული 300 ლარად); ე.გამოსაცხობი ღუმელი ,,ასკო” (ღირებული 100 ლარად); საძინებლის ჭაღი (ღირებული 300 ლარად); დვიჟოკი წითელი 2900-ანი (ღირებული 700 ლარად); მუსიკალური ცენტრი ,,სამსუნგი” (ღირებული 500 ლარად); კომპიუტერის მაგიდა მინის (ღირებული 400 ლარად); ტელევიზორი ,,ჯვს” (ღირებული 300 ლარად); საშუალო ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი” (ღირებული 150 ლარად); საშუალო ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი” (ღირებული 150 ლარად); ტელევიზორის დასადგამი მაგიდა (ღირებული 200 ლარად); ვიდეო მაგნიტოფონი დისკით ,,ელჯი” (ღირებული 150 ლარად); მინის ღუმელი ხორცის შესაწვავი (ღირებული 200 ლარად); კომპიუტერი ,,ფილიპსი” (ღირებული 1200 ლარად); ფარდები 6 ცალი (ღირებული 2500 ლარად); ხის მაგიდა 4 სკამით (ღირებული 200 ლარად); ვიდეო მაგნიტოფონი დისკით ,,ელჯი” (ღირებული 150 ლარად); პიანინო (ღირებული 600 ლარად); სურათი ,,ტბა ნავით” (ღირებული 300 ლარად); სურათი ,,ტყის პეიზაჟი” (ღირებული 100 ლარად); სურათი ,,გედების ტბა” (ღირებული 200 ლარად); სტატუეტკა ,,გლადიატორები” 3 ცალი (ღირებული 300 ლარად); სტატუეტკა ,,ცხენები” 2 ცალი (ღირებული 200 ლარად); ,,STOGER2000” სანადირო გლუვლულიანი თოფი კალიბრი 12, სარეგისტრაციო ნომრით ..... (ღირებული 1000 ლარად); სანადირო გლუვლულიანი თოფი, კალიბრი -12, IძH-81 სარეგისტრაციო ნომრით ....... (ღირებული 1000 ლარად); MP-153 მარკის სანადირო გლუვლულიანი თოფი, კალიბრი - 12, სარეგისტრაციო ნომრით ....... 3. მოპასუხე ზ მ-ს საკუთრებაში დარჩა შემდეგი ნივთები: კარადა შემოსასვლელში, წიგნების თარო (ღირებული 1000 ლარად); სამზარეულო (ღირებული 2000 ლარად); კომპიუტერი ,,ასუსი” (ღირებული 1500 ლარად); გასაშლელი 2 დივანი ლოჯის შინდისფერი (ღირებული 400 ლარად); კონდიციონერი ,,აუქსი” (ღირებული 550 ლარად); ბავშვის საძინებელი გარნიტური (ღირებული 1000 ლარად); მუსიკალური ცენტრი ,,სონი” (ღირებული 500 ლარად); ვიდეო მაგნიტოფონი დისკით ,,სონი” (ღირებული 150 ლარად); სასადილო ოთახის მინის მაგიდა, სკამებით (ღირებული 750 ლარად); ტელევიზორი ,,სონი” (ღირებული 800 ლარად); გაზი ,,ჯეფესტი” (ღირებული 800 ლარად); დისკების კარადა (ღირებული 200 ლარად); კომპიუტერის მაგიდა მინის (ღირებული 400 ლარად); მინის დაბალი მაგიდა (ღირებული 150 ლარად); სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი” (ღირებული 700 ლარად); დაბალი მაცივარი ,,ელჯი” (ღირებული 450 ლარად); დაბალი მაცივარი ,,ბეკო” (ღირებული 400 ლარად); წყლის მაცივარი ,,Nობეე” (ღირებული 400 ლარად); ხელნაკეთი ნარდი (ღირებული 100 ლარად); ზალის ჭაღი (ღირებული 300 ლარად); დვიჟოკი მწვანე 1000-იანი (ღირებული 300 ლარად); ტელევიზორის დასადგამი მინის (ღირებული 400 ლარად); დივან-სავარძლები გასაშლელი ავეჯის ქარხნიდან გადასაფარებლით (ღირებული 800 ლარად); ტელევიზორის დასადგამი მაგიდა (ღირებული 350 ლარად); ტელევიზორი ,,სამსუნგი” (ღირებული 800 ლარად); ქანდაკება ქალის დასადგამით (ღირებული 1650 ლარად); სიგნალიზაცია (ღირებული 114 ლარად); მაგნიტოფონი ,,პანასონიკი” დისკით და კასეტით (ღირებული 100 ლარად); ვიდეო მაგნიტოფონი დისკით და კასეტით ,,ელჯი” (ღირებული 170 ლარად); საშუალო ზომის ტელევიზორი ,,სონი” (ღირებული 200 ლარად); სურათი ,,გარედან გამოკვეთილი” (ღირებული 300 ლარად); სურათი ,,ეგვიპტური” (ღირებული 100 ლარად); სურათი ,,ცხენები” (ღირებული 100 ლარად); სურათი ,,ქალები” (ღირებული 50 ლარად); ქალის 2 სტატუეტკა (ღირებული 300 ლარად); სტატუეტკა ,,გედის” (ღირებული 250 ლარად); ხალიჩა როკოკოსი (ღირებული 900 ლარად); სანადირო გლუვლულიანი თოფი, კალიბრი 7,62; ,,შAIGA-M-3” სარეგისტრაციო ნომრით ....... (ღირებული 2000 ლარად); ,,შKშ” მარკის სანადირო გლუვლულიანი თოფი, კალიბრი 5,6’ სარეგისტრაციო ნომრით ..... (ღირებული 700 ლარად); ,,MP-27 EM-Iჩ” მარკის სანადირო გლუვლულიანი თოფი, კალიბრი 1276, სარეგისტრაციო ნომრით ...... (ღირებული 1100 ლარად); 4. ავტომანქანა ,,CAAB SCANIA” (სახელმწიფო ნომრით ...., სარეგისტრაციო მოწმობა DVO 412769, 1995 წლის გამოშვება) თანაბრად და ავტომანქანის ½ ნაწილზე დადგინდეს ი. ხ-ის საკუთრების უფლება. 5. ბათილად იქნა ცნობილი ავტომანქანა ML-500 (სახელმწიფო ნომრით ...., 2005 წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო № ......., სარეგისტრაციო მოწმობა PV0625409) პ. მ-ზე გადაფორმების აქტი ½ ნაწილში და ავტომანქანის ½ ნაწილზე დადგინდა ი. ხ-ის საკუთრების უფლება. 6. ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 03 ოქტომბერს ზ. მ-სა და მ. მ-ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ½ ნაწილში და ქ.ქუთაისში ჭ-ის გამზ. №48/26-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №.......) ½ ნაწილის მესაკუთრედ აღირიცხა ი. ხ-ის საკუთრებად.7. მოსარჩელე ი. ხ-ის მოთხოვნა საფლავის გაყოფასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. 8. მოსარჩელე ი. ხ-ის მოთხოვნა, ზ. მ-სა და ი. მ-ს შორის 2011 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშიორებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში, ირ. ა-ის ქ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონებაზე, 2011 წლის 5 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარებაზე ი. ხ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ი. მ-სა და ზ. მ-ს შორის, 2011 წლის 5 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების ½ ნაწილში; ი. ხ-ე ცნობილ იქნა ქ. ქუთაისში, ირ. ა-ის ქ. № 10ა-ში მდებარე, ი. მ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №........) ½ ნაწილის მესაკუთრედ, ი. ხ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა 30000 ლარის ანაზღაურების ნაწილში დარჩა განუხილველი.

გასაჩივრებულ ნაწილში პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ზ. მ-ე და ი. ხ-ე 1993 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათი ქორწინება დარეგისტრირდა 2007 წლის 20 ნოემბერს.(ტ.1. ს.ფ.13)

მხარეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.

ქ.ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონება, ზ. მ-მ შეიძინა ი. ხ-სთან ქორწინების პერიოდში.

ქონების შეძენისას მხარედ გამოდიოდა ზ. მ-ე. მან ქონება შეიძინა ი. ბ-ისაგან. ზ. მ-მ ამ ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა გარკვეული პირობით, კერძოდ, ი. ბ-ს უფლება ჰქონდა 10 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ გამოესყიდა გაყიდული ქონება.

2011 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ზ. მ-მ, ი. მ-ს მიჰყიდა ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის გამოსყიდვის უფლება გააჩნდა ი ბ-ს. (ტ.1.ს.ფ.54-55).

2012 წლის 12 აპრილს, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით № (მდებარე ქ. ქუთაისი, ირ.ა-ის გამზ. №10ა), შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის” მიერ შეფასებული იქნა 60 000 ლარად (ტ.1.ს.ფ. 47, 67).

პალატამ დამატებით დაადგინა შემდეგი:

მხარეთა მიერ დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. მ-ე არის ზ. მ-ის რძალი-ძმის ცოლი, რომლის ოჯახის მიმართაც მზრუნველობას იჩენდა ზ. მ-ე.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე) ზ. მ-მ განმარტა: ი. მ-ს, რომელიც არის მისი ძმის მეუღლე, საკუთრებაში გააჩნდა 10000 აშშ დოლარი და სურდა ბიზნეს საქმიანობაში მისი ჩადება. ზ, მ-ე დაეხმარა მის რძალს და თანხა-10000 აშშ დოლარი გადასცა ი. ბ-ს. ი. ბ-მ, თანხის მიღების შემდგომ, ზ. მ-სთან გააფორმა ქ. ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობა ი. ბ-ს არ მიუტოვებია. ი მ-ის ნაცვლად, ზ მ-სთან ნასყიდობის გაფორმება განპირობებული იყო ი. მ-ის მიერ, ზ. მ-ისადმი განსაკუთრებული ნდობით და იმ მიზეზით, რომ ი მ-ე ცხოვრობდა სოფელში და ქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. ვინაიდან, ბიზნეს საქმიანობამ ვერ გაამართლა, უკვე გადაცემული 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 2011 წლის 05 ოქტომბერს, ი მ-სთან გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება. ი. მ-სთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, ზ. მ-ისათვის ნასყიდობის თანხის გადაცემა არ მომხდარა და ხელშეკრულება გაფორმდა უკვე გადაცემული თანხის საფუძველზე.

სასარჩელო განცხადებით ირკვევა და მოპასუხეს სადავო არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. ხ-სა და ი. მ-ს შორის ქორწინება მეუღლეთა შორის კონფლიქტის გამო ფაქტობრივად შეწყვეტილია 2011 წლის მეორე ნახევრიდან. 2011 წლის 23 დეკემბრის გაყოფის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ქ. ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებრე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი მასზედ არსებული შენობა-ნაგებობები, რომლის საკადასტრო კოდსაც წარმოადგენდა №......, გაიყო თანამესაკუთრეებს, ი. მ-სა და ნ. მ-ს შორის. (ტ.1.ს.ფ.60)

საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ 2011 წლის 23 დეკემბრის გაყოფის ხელშეკრულების საფუძველზე, ი. მ-ს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე 665 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი №2, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №....... (ტ.1.ს.ფ.67).

2011 წლის 23 დეკემბრის გაყოფის ხელშეკრულების საფუძველზე, ი. მ-ისა და ნ. მ-ის თანასაკუთრებაში აღირიცხა ქ. ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე 238 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი №1, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №........ (ტ.1.ს.ფ.71).

2012 წლის 26 ივლისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ გამოსყიდვის უფლებით ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე 665 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი №2, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები ( საკადასტრო კოდი №....... .) გ. რ-ის საკუთრებაშია რეგისტრირებული. (ტ.1.ს.ფ.188).

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 54-ე, 59-ე და 61-ე. 1158-1159-ე მუხლებით და განმარტა, რომ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონება, სკ-ის 1158-ე მუხლის საფუძველზე ზ. მ-ისა და ი. ხ-ის თანასაკუთრებას წარმოადგენდა. 2011 წლის 05 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ზ. მ-მ ი. ხ-ის თანხმობის გარეშე განკარგა უძრავ ქონებაში მეუღლის კუთვნილი ½ ნაწილი. ამდენად, 2011 წლის 05 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია ქ.ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ი. ხ-ის ½ ნაწილში.

პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უზუსტობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს; ამასთან სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუკი მხარე სადავოდ ხდის შემძენის კეთილსინდისიერებას, სასამართლოს არ შეუძლია თავისი დასკვნა დააყრდნოს მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერს.

ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს ჩანაწერის სისწორე და გამოიკვლიოს რა იცოდა შემძენმა ჩანაწერის ხარვეზიანობის შესახებ. უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში, მისი სუბიექტური დამოკიდებულებით შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა ქონების მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით სადავო ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 05 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, ქ.ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ზ. მ-ის საკუთრებაში.

ამ დროისათვის ზ. მ-ე და ი. ხ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. დადგენილია, რომ ი. მ-ე არის ზ. მ-ის ძმის მეუღლე (რძალი).

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგების მხარეები ახლო ნათესაურ კავშირში არიან ერთმანეთთან, პალატამ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელე) მტკიცება, რომ ი. მ-ისათვის ცნობილი იყო, მეუღლეთა თანასაკუთრებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რომ 2011 წლის 05 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ქ.ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონება ი. ხ-ის თანასაკუთრებასაც წარმოადგენდა. ასევე, სადავო გარიგების დადებამდე, მეუღლეთა შორის კონფლიქტის გამო, ი. ხ-სა და ზ. მ-ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და არსებობდა დავა ქონებასთან დაკავშირებით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ 2011 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ი. ხ-ის ½ ნაწილში ბათილია, ხოლო შემძენი გარიგების ამ ნაწილის მიმართ არაკეთილსინდისიერი. რაც შეეხება დარჩენილ ½ ნაწილს იგი წარმოადგენდა ზ. მ-ის კუთვნილ წილს და არ არსებობს ი. ხ-ის მოთხოვნის საფუძველზე, ამ ნაწილში გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი

საქმის მასალებით და საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგინდა, რომ 2011 წლის 5 ოქტომბრის სადავო ნასყიდობის საგნის ნაწილი, კერძოდ ქ. ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე 665 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი №2, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები ( საკადასტრო კოდი №...... .) გ. რ-ის საკუთრებაშია რეგისტრირებული. (ტ.1.ს.ფ.188). ვინაიდან, ბათილი გარიგება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, პალატის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, ი. ხ-ე ცნობილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, ქ. ქუთაისში, ირ. ა-ის ქ. № 10ა-ში მდებარე, ი. მ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №........) ½ ნაწილის მესაკუთრედ. იმავე მისამართზე, სხვა პირის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილზე ი. ხ-ის მესაკუთრედ აღარება დაუშვებელია, ვინაიდან ამ პირთა საუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს.

პალატის მითითებით, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ ი. ხ-ის მოთხოვნას ასევე შეადგენს ქ. ქუთაისში, ირ. ა-ის ქ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის რეალურად მიკუთვნების შეუძლებლობის შემთხვევაში, ზ. მ-ს ი. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ ქონების საბაზრო ღირებულების, 30000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლო განმარტებით, ქ. ქუთაისში, ირ. ა-ის ქ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის რეალურად გამოყოფა ან მისი საბაზრო ღირებულების ანაზღაურება პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა. ამდენად, სსსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-მ და ი. მ-მ, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ მართალია ერთი მხრივ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. მ-მ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა გარკვეული პირობით, კერძოდ, ი. ბ-ს უფლება ჰქონდა 10 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გამოესყიდა გაყიდული ქონება, ასევე დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლის 5 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით, ზ. მ-მ ი. მ-ს მიჰყიდა ირ.ა-ის გამზ. №10-ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის გამოსყიდვის უფლება გააჩნდა ი. ბ-ს, თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა, კერძოდ, პალატამ არ გაითვალისწინა, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობის მქონე ის გარემოება, რომ ზ. მ-ს სადავო ქონებაზე, საკუთრების უფლება თუნდაც ქორწინების განმავლობაში მოპოვებული ჰქონდა გარკვეული პირობით. კერძოდ, ი. ბ-ს შეეძლო 10000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, გამოესყიდა გაყიდული ქონება. ამასთან, ზ მ-მ ქ.ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ.№10ა ში მდებარე უძრავი ქონება 2011 წლის 5 ოქტომბერს მიჰყიდა ი. მ-ს, რომლის გამოსყიდვის უფლება გააჩნდა კვლავ ი. ბ-ს. ცნობილია, რომ ი. ბ-მ არ გამოისყიდა ქონება და მისი მესაკუთრე გახდა ი. მ-ე ანუ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა ცალმხრივად არ უნდა მიდგომოდა საკითხის გადაწყვეტას და ერთმნიშვნელოვნად არ უნდა ჩაეთვალა სადავო ქონება ქორწინების განმავლობაში შეძენილად.

ასევე იურიდიულად დაუსაბუთებელი და უკანონოა პალატის მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2012 წლის 5 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით ზ. მ-მ ი. ხ-ის თანხმობის გარეშე განკარგა უძრავ ქონებაში მეუღლის კუთვნილი 1/2 ნაწილი. ამდენად, 2011 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია ქ.ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ი. ხ-ის 1/2 ნაწილში“. პალატის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში 4.19 პუნქტში აღნიშნული დასაბუთება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და კანონიერებასაა მოკლებული. სასამართლოს განმარტება, რომ „ვინაიდან სადავო გარიგების მხარეები არიან ახლო ნათესავები, ამიტომ ი. მ-ისათვის ცნობილი იყო, მეუღლეთა თანასაკუთრებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 2011 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ქ.ქუთაისში, ირ.ა-ის გამზ. №10ა-ში მდებარე უძრავი ქონება ი. ხ-ის თანასაკთრებას წარმოადგენდა. ასევე, სადავო გარიგების დადებამდე, მეუღლეთა შორის კონფლიქტის გამო, ი. ხ-სა და ზ. მ-ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და არსებობდა დავა ქონებასთან დაკავშირებით“. გაუგებარია, რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მივიდა პალატა იმ დასკვნამდე, რომ ი. მ-ისათვის ცნობილი იყო მეუღლეთა შორის კონფლიქტის არსებობა ქონებასთან დაკავშირებით და რომ კონფლიქტის გამო მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყვეტილი იყო. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი და უკანონო. პალატამ სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია მტკიცებულებები და ზოგადად გამოიტანა დასკვნები. სასამართლო შეცდა მტკიცებულებების შეფასებაში. პალატამ ვერ დაასდაბუთა სადავო ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობისა და ი. ხ-ის სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი.

კასატორის აზრით, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. როგორც ცნობილია სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია სხვა პირის საკუთრებად, ანუ იგი დავის დროს აღარ წარმოადგენდა ი. მ-ის საკუთრებას, შესაბამისად, სასამართლომ ი. ხ-ს მიაკუთვნა სხვისი - გ. რ-ის საკუთრება. პალატამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მესაკუთრისათვის დავის შესახებ არც კი უცნობებია. წარმოუდგენელია საქმეში არსებობდეს წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დგინდებოდეს სადავოდ გამხდარი ნასყიდობების ხელშეკრულების კანონიერება, ასევე დასტურდებოდეს სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენი (მესაკთრე), ამასთან არაერთი და სასამართლომ კი, მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით ზ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (375 ლარი) 70% – 262.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ზ. მ-ის მიერ 2014 წლის 23 იანვარს №21/35135 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (375ლარის), 70% – 262.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე