ბს-710-676(კ-06) 7 ნოემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
პალატა შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლ. ჭანტურია
კასატორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წარმომადგენელი გ. მ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.- ს.-ი, წარმომადგენელი ი. კ.-ე
მესამე პირები: გ. ჩ.-ე, ნ. ლ.-ე, მ. ჯ.-ი, თ. თ.-ე, მ. რ.-ი, თ. ვ.-ა
განიხილა ნ. ს.-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის ი. კ.-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 13 იანვარს ნ. ს.-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ბრძანების უკანონოდ ცნობა და მოსარჩელის აღდგენა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ადამიანური რესურსების განყოფილებაში, ღონისძიებათა დაგეგმვის დეპარტამენტში ან ნორმირების, ლიცენზირების ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტში ...-ის თანამდებობაზე, რომლის ყოველთვიური სარგო შეადგენს არანაკლებ 250 ლარს, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ს.ფ. 1-2; 62).
ნ. ს.-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 63-64).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹321 ბრძანება და ნ. ს.-ი აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შესაბამის თანამდებობაზე, ასევე მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 2005 წლსი 15 დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე (ს.ფ. 68-69).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ს.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹321 ბრძანების ძალაში დატოვება (ს.ფ. 84-85).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. ჩ.-ე, ნ. ლ.-ე, მ. ჯ.-ი, თ. თ.-ე, მ. რ.-ი და თ. ვ.-ა (ს.ფ. 92-93).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 117-122).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ს.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹321 ბრძანების ძალაში დატოვება (ს.ფ. 131-135).
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე და ასკ-ის 34.3 მუხლების საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად (ს.ფ. 138-139).
2006 წლის 18 ოქტომბერს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა 2006 წლის 25 აგვისტოს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ნ. ს.-ს შორის შემდგარი მორიგების აქტი და მოითხოვა ასკ-ის მე-3, სსსკ-ის 218.1, 272- და 273-ე მუხლების საფუძველზე წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი მოტივით:
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ, მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება, რაზეც შედგა მორიგების აქტი. მითითებული მორიგების აქტის თანახმად, ნ. ს.-მა უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 15 დეკემბრის ¹321 ბრძანების ბათილად ცნობის, ამავე სამინისტროში სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. თავის მხრივ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, ნ. ს.-ის კანდიდატურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბათუმის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენის თაობაზე.
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ნ. ს.-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ნ. ს.-ის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რაც განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ¹1083/კ ბრძანებით და ნ. ს.-ი შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას (ს.ფ. 146-151).
საკასაციო სასამართლოს მეირ მოწვეულ იქნა სხდომა მორიგების აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით. სასამართლო სხდომაზე ნ. ს.-ის წარმომადგენელმა ირაკლი კ.-ემ წერილობითი შუამდგომლობა აღძრა, სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, უარი განაცხადა სარჩელზე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, განმარტა რა, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი ფაქტობრივად არის სარჩელზე უარის თქმა. ანუ პროცესუალურად სწორი ფორმით დღევანდელ სხდომაზე გამოხატავს მარწმუნებლის ნებას.
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი დაეთანხმა შუამდგომლობას (ს.ფ. ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ს.-ის წარმომადგენლის ი. კ.-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინება, ნ. ს.-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების შემდეგ, რომლითაც აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹321 ბრძანების ბათილად ცნობის, ამავე სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირების ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და რეესტრის წარმოების დეპარტამენტში ...-ის თანამდებობაზე ნ. ს.-ის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება, რაზეც შედგა მორიგების აქტი. მორიგების პირობებს წარმოადგენდა ერთის მხრივ ნ. ს.-ის მიერ სარჩელზე უარის თქმა, ხოლო მეორეს მხრივ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ნ. ს.-ის კანდიდატურის წარდგენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად. ამასთან, ნ. ს.-ის მხრიდან მორიგების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მითითებულ თანამდებობაზე დანიშვნა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მორიგების პირობები მხარეთა მიერ შესრულებულ იქნა, კერძოდ, წარმოდგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ¹1083/კ ბრძანებით ნ. ს.-ი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდული პირის ქ. ბათუმის ¹... სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. თავის მხრივ, ნ. ს.-მა მომართა რა საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით, შეასრულა მორიგების პირობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
სასამართლო სხდომაზე ნ. ს.-ის წარმომადგენელმა, ნაცვლად წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცებისა, განაცხადა უარი სარჩელზე, რისი უფლებამოსილებაც ამ უკანასკნელს მინიჭებული ჰქონდა მარწმუნებლისაგან სსსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი რწმუნებულებით (იხ. ს.ფ. 50), ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინება, ნ. ს.-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის ი. კ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს სარჩელზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინება; დაკმაყოფილდეს ნ. ს.-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის ი. კ.-ის შუამდგომლობა და შეწყდეს ნ. ს.-ის სარჩელზე საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.