№ას-1256-1199-2013 2 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ გ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრება (ძირითად სარჩელში); ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2012 წლის აგვისტოს თვის 4 დღის – 467 ლარის, ერთი თვის კომპენსაციის გადახდა 3040 ლარის ოდენობით და საბოლოო ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრება.
მოპასუხემ, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოითხოვა ნ. გ-ისათვის ზიანის – 4100 ლარია ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ს-ს” მოსარჩელე ნ. გ-ის სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისრა 2012 წლის აგვისტოს თვის 4 დღის სახელფასო დავალიანება 405.20 ლარის ოდენობით და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% სარჩელის აღძვრამდე. შპს ,,ს-ის” შეგებებული სარჩელი, მოპასუხე ნ. გ-ის მიმართ 4100 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ნ. გ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
შპს „ს-მა’’ სააპელაციო საჩივრითნ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ისა და შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 12 დეკემბერს ერთის მხრივ, შპს ,,ს-ს“ და მეორე მხრივ, ნ. გ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება;
2011 წლის 12 დეკემბერს ერთის მხრივ, შპს ,,ს-ტს“ და მეორე მხრივ, ნ. გ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება;
2011 წლის 12 დეკემბერს ერთის მხრივ, შპს ,,მ. ვ-ს“ და მეორე მხრივ, ნ. გ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება;
ხელშეკრულებების 1.1. პუნქტის შესაბამისად, ,,დამქირავებელი“ იღებს ,,მუშაკს“ მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე, ან ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე, რომელსაც იგი მიიჩნევს ,,მუშაკისათვის“ მისაღებად, ხოლო ,,მუშაკი“ აცხადებს თანხმობას განახორციელოს შრომითი საქმიანობა ,,დამქირავებლის“ საწარმოში ან მის ნებისმიერ აფილირებულ კომპანიებში წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ხელშეკრულებების ვადად განისაზღვრა 6 თვე;
2012 წლის 01 ივლისს ერთის მხრივ, შპს ,,ს-ს“ და მეორე მხრივ, ნ. გ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება;
ხელშეკრულების 1.1. პუნქტის შესაბამისად, ,,დამქირავებელი“ იღებს ,,მუშაკს“ ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ან ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე, რომელსაც იგი მიიჩნევს ,,მუშაკისათვის“ მისაღებად, ხოლო ,,მუშაკი“ აცხადებს თანხმობას განახორციელოს შრომითი საქმიანობა ,,დამქირავებლის“ საწარმოში, მის ნებისმიერ, შვილობილ, პარტნიორ, მფლობელ (მშობელი კომპანია) და/ან აფილირებულ კომპანიებში წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
2012 წლის 04 აგვისტოს ნ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, კონფიდენციალობისა და შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის გამო;
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ის სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 3040 ლარს. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2012 წლის 1 ივლისის შრომითი ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ,,მუშაკის“ ყოველთვიური შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრა დარიცხული 2000 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა 1600 ლარი);
3.3.8. პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი ყოველთვიური ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაკი დამქირავებლის საწარმოში, მის ნებისმიერ, შვილობილ, პარტნიორ, მფლობელ (მშობელი კომპანია), აფილირებულ და/ან მის კომპანიათა ჯგუფში შემავალ ნებისმიერ კომპანიაში შეასრულებს დამატებით სპეციალურ ფუნქციას შემდეგ სფეროებში:
ბუღალტერია - დარიცხული 300 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები 240 ლარი);
ფინანსური პროექტები და რისკ-მენეჯმენტი - დარიცხული 1000 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები 800 ლარი).
ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების 3.3.8. ქვეპუნქტში აღნიშნული სამუშაოებისათვის, ანაზღაურება გაიცემა სამუშაოს შესრულების თაობაზე ,,მუშაკსა“ და დამსაქმებელს შორის ყოველთვიურად გაფორმებული აქტის (ან თანამშრომლის თვის ანაზღაურების ფურცლის) შესაბამისად (,,აღმასრულებელი საბჭოს“ დასტურის საფუძველზე ან მის გარეშე კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად).
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების 4.1. პუნქტით, ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ხელფასი განესაზღვრა ყოველთვიურად 1600 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით. ხოლო 3.3.8. პუნქტის შესაბამისად, დამატებით განესაზღვრა ყოველთვიურად ხელზე ასაღები 240 ლარი ბუღალტერიისათვის და ხელზე ასაღები 800 ლარი - ფინანსური პროექტებისა და რისკ-მენეჯმენტისათვის დამქირავებლის ,,ნებისმიერ, შვილობილ, პარტნიორ, მფლობელ (მშობელი კომპანია), აფილირებულ და/ან მის კომპანიათა ჯგუფში შემავალ ნებისმიერ კომპანიაში“.
მოპასუხე შესაგებელში ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ. გ-მ იკისრა ვალდებულება შრომითი საქმიანობა განეხორციელებინა შპს ,,ს-ში“ და მის შვილობილ, პარტნიორ და ა. შ კომპანიებში, რომლებშიც შედიოდნენ შპს ,,ს-ტი“, შპს ,,მ. ვ-ი“ და სს ,,ს. მ. ს. ფ-ი“.
დასკვნა იმის შესახებ, რომ ნ. გ-ე ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა შპს ,,ს-ში“, ხოლო ბუღალტრის, ფინანსური პროექტებისა და რისკ-მენეჯმენტის ფუნქციებს შვილობილ, პარტნიორ, მფლობელ და ა.შ. კომპანიებში, გამომდინარეობს როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან, ასევე 2012 წლის 1 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან.
აპელანტის განმარტება, რომ საბუღალტრო და რისკ-მენეჯმენტის საქმიანობისათვის ანაზღაურება არ გაიცემოდა ყოველთვიურად, არამედ შესრულებული სამუშაოს მიხედით, შესაბამისი აქტის საფუძველზე, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდანმისი მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს 2012 წლის 01 ივლისის ხელშეკრულების 3.3.8. და 4.2. პუნქტებიდან. აღნიშნული პუნქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნ. გ-ე შპს ,,ს-ის“ შვილობილ, პარტნიორ, მფლობელ და აფილირებულ კომპანიებში განახორციელებდა ბუღალტრის, ფინანსური პროექტებისა და რისკ-მენეჯმენტის ფუნქციებს, რისთვისაც მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა სულ 320 ლარის ოდენობით. ხოლო 4.2. პუნქტით განისაზღვრა ანაზღაურების წესი, კერძოდ, ანაზღაურება გაიცემოდა შესრულების შესახებ ყოველთვიურად გაფორმებული აქტის საფუძველზე. ასეთი აქტის არარსებობა არ ათავისუფლებს ვალდებულ პირს ანაზღაურების მოვალეობისაგან.
ამდენად, შპს ,,ს-ის“ შვილობილ, პარტნიორ, მფლობელ და აფილირებულ კომპანიებთან მიმართებაში ხელშეკრულება გაფორმებულია 6 თვის ვადით, შესაბამისად ყოველთვიური ანაზღაურების პირობით.
ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ საბუღალტრო საქმიანობა დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებასთან, წარმოებასთან, ფინანსური თუ საგადასახადო ანგარიშგების მომზადებასთან, სამეურნეო ოპერაციების კონტროლთან, საწარმოს ბიუჯეტის მომზადებასთან და ა.შ., ხოლო რისკ-მენეჯმენტთან დაკავშირებული სამუშაო საწარმოს ორგანიზაციის მენეჯმენტის ნაწილია, რომელიც მიმართულია რისკების შემცირებაზე, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიხატება. ამდენად, დადგენილია, რომ 2012 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით ნ. გ-ის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად განისაზღვრა 2640 ლარით.
სარჩელის თანახმად, ნ. გ-ე შპს ,,ს-ში“ ახორციელებდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ფუნქციებს და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 400 ლარს (ხელზე ასაღები თანხა). მოპასუხემ უარყო აღნიშნული და შესაგებელში განმარტა, რომ შპს ,,ს-ში“ სამეთვალყურეო საბჭო არ შექმნილა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. გ-მ ივლისის თვეში მიიღო შრომის ანაზღაურება 3040 ლარი, საიდანაც დადგენილია და სადავო არ არის, რომ 2640 ლარი 2012 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურებაა. რაც შეეხება 400 ლარის მიღების ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით გაზიარებული უნდა იქნეს ნ. გ-ის განმარტება, ვინაიდან შპს ,,ს-ის“ წარმომადგენლის მიერ 400 ლარის ანაზღაურებასთან და მის დანიშნულებასთან დაკავშირებით სხვა დასაბუთება, გარდა იმისა, რომ სამეთვალყურეო საბჭო არ შექმნილა საზოგადოებაში, არ არის წარმოდგენილი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ: 2012 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებით ნ. გ-მ იკისრა ვალდებულება, რომ შეასრულებდა ბუღალტრის ფუნქციებს შპს ,,ს-ის“ საწარმოში, მის ნებისმიერ, შვილობილ, პარტნიორ, მფლობელ (მშობელი კომპანია) და/ან აფილირებულ კომპანიებში.
დადგენილია, რომ სს ,,ს. მ. ს. ფ-ი“ წარმოადგენს შპს ,,ს-ის“ შვილობილ კომპანიას (ტ.1. ს.ფ. 57-59).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად,ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 134.1 მუხლის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები,საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
2012 წლის 17 ივლისით დათარიღებულ მიმოწერაში, ნ. გ-ე განმარტავს, რომ სს ,,ს. მ. ს. ფ-ში“ (სს ,,......“) ბუღალტერია არასოდეს წარმოებულა, შესაბამისად არ არსებობდა საკმარისი იურიდიული და საბუღალტრო დოკუმენტაცია. იგი ითხოვს საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებით მინდობილობის გაუქმებას და პასუხისმგებლობის სხვა პირისათვის გადაცემას (ტ. 1. ს.ფ. 109).
ამდენად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს ნ. გ-ის მიერ 2012 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. ამასთან, მან უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე, რაც გახდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
შპს ,,ს-ის“ წარმომადგენლის განმარტებით, 2012 წლის 17 ივლისით დათარიღებული წერილი ასევე საფუძვლად დაედო ნ. გ-ის მხრიდან კონფიდენციალობის დარღვევას, ვინაიდან აღნიშნული წერილის ერთ-ერთი ადრესატი იყო სს ,,ს. მ. ს. ფ-ის“ კონტრაქტორი კომპანიის - შპს ,,პ. და მ. ჯ-ის“ ხელმძღვანელი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (შპს ,,ს-ის“) წარმომადგენლის განმარტება კონფიდენციალობის დარღვევასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
2011 წლის 12 დეკემბერს შპს ,,ს-სა“ და ნ. გ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება კონფიდენციალობის შესახებ, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, ,,კონფიდენციალური ინფორმაცია“ ნიშნავს ,,მიმწოდებელი“ მხარის ბიზნესთან ან საქმიანობებთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ და ფირმის საიდუმლო ინფორმაციას. ამგვარი ინფორმაცია მოიცავს ყველა ბიზნეს, ფინანსურ, ტექნიკურ ან ნებისმიერ სხვა სახის ინფორმაციას, რომელიც ამგვარი მხარის მიერ განსაზღვრულია როგორც ,,კონფიდენციალური“ ან ,,საიდუმლო ინფორმაცია“. კონფიდენციალური ინფორმაცია ასევე გულისხმობს ისეთ ინფორმაციას, რომელიც გამჟღავნებასთან დაკავშირებული გარემოებების მიხედვით უნდა განიხილოს, როგორც კონფიდენციალური.
ხელშეკრულების შესაბამისად, თითოეული მხარე თანახმაა არ გაუმჟღავნოს აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაცია ნებისმიერ მესამე მხარეს ან არ გამოიყენოს ის მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე (ტ.1. ს.ფ. 102-104).
კონკრეტულ შემთხვევაში, საწარმოში საბუღალტრო დოკუმენტაციის არ არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შპს ,,პ. და მ. ჯ-ის“ ხელმძღვანელისათვის ვერ ჩაითვლება კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებად, ვინაიდან დადგენილია, რომ 2011 წლის 25 ოქტომბერს სს ,,ს. მ. ს. ფ-სა“ და შპს ,,პ. და მ. ჯ-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,პ. და მ. ჯ-ის“ ვალდებულებას წარმოადგენდა სს ,,ს. მ. ს. ფ-ისათვის“ ბუღალტრულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა, ბიუჯეტირება, ადმინისტრირება კომპანიის წლიური ბიუჯეტის ფინანსური ნაწილისა, ფინანსური ანგარიშის ყოველთვიურად ან კვარტალში ერთხელ მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაცია საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით, მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა ყოფილიყო შპს ,,პ. და მ. ჯ-ის“ ხელმძღვანელისათვის.
2011 წლის 12 დეკემბრის კონფიდენციალობის შესახებ ხელშეკრულების პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონფიდენციალური ინფორმაცია არ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც ცნობილი იყო მიმღები მხარისათვის მიმწოდებელი მხარის მიერ გამჟღავნებული რაიმე კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებამდე.
პალატის აზრით, ნ. გ-ე არ უნდა იყოს მიჩნეული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის №870 განკარგულებით, შპს ,,ს-ს“ საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობის ერთი ფაქტის გამო, დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 1000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 149).
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2012 წლის 05 სექტემბრის №10170 განკარგულებით, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის 2012 წლის II კვარტლის საფინანსო ანგარიშგებაში არაზუსტი ინფორმაციის წარმოდგენისათვის (დარღვევის 7 ფაქტი), შპს ,,ს-ს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით, საერთო თანხით 2100 ლარი (ტ.1. ს.ფ. 174);
საქმის მასალებით (ელექტრონული ფოსტით) დადგენილია, რომ 2012 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული იქნა შპს ,,ფ. მ. ჯ-ის“ მიერ და შესაბამისად, ეროვნული ბანკისათვის წარდგენილ საფინანსო ანგარიშში დაშვებული უზუსტობისათვის პასუხიმგებლობა ნ. გ-ს ვერ დაეკისრება (ს.ფ. 225-227);
დადგენილია, რომ მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შპს ,,ს-ს“ უნდა წარედგინა 2012 წლის 15 აგვისტომდე. დადგენილია, რომ ნათია გურგენიძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან 2012 წლის 4 აგვისტოს. ფინანსური ანგარიშგება მომზადებული იქნა ინდ. მეწარმე ხ. გ-ის მიერ.
შპს ,,ს-ის“ მოთხოვნა 2100 ლარის ანაზღაურების ნაწილში, რომელიც წარმოადგენს მეორე კვარტლის საფინანსო ანგარიშგებაში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენისათვის ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ემყარება იმ გარემოებას, რომ ნ. გ-მ კომპანიას სრულყოფილად არ გადააბარა საბუღალტრო დოკუმენტაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 6 აგვისტოს ელექტრონული შეტყობინება, რომლითაც აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნ. გ-ა თხოვნით მიმართავს ნ. გ-ს, რომ 7 დღის განმავლობაში წარადგინოს ოთხი კომპანიის შემდეგი დუკუმენტები: ფაქტობრივი ნაღდი ფულის ანგარიში - შედარებული საბუღალტრო პროგრამა ORIS-დან და/ან სხვა პროგრამებიდან ამონაბეჭდიდან - ხელმოწერილი, სეიფის გასაღები, საწვავის კუპონები ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, საბუღალტრო პროგრამის მონაცემთა ბაზის ჩიპები, საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამიდან ამონაწერი თანამშრომლის დებიტორული დავალიანებების შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის კვარტალური ანგარიში, თითოეული თვის 2012 წლის დეკლარაციები, ყველა დოკუმენტაცია და ფინანსური დეპარტამენტის შესაბამისი მონაცემები (ტ.1. 160-165).
დადგენილია, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს შედგა გადაბარების აქტი, რომლითაც ტ-მა და მ. ძ-ამ ჩაიბარეს ნივთები/დოკუმენტები (აქტში მითითებულია ნივთებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი. მათ შორის: საჩეკო წიგნაკები, ორისის ჩიპი და ა.შ.) და რაიმე პრეტენზია გადაბარების მომენტში ან შემდგომ, საბუღალტრო დოკუმენტაციის ჩაბარებასთან დაკავშირებით, შპს ,,ს-ის“ მხრიდან წარმოდგენილი არ არის (ტ.1. ს.ფ. 171-173). ამდენად, შპს ,,ს-ის“ წარმომადგენლის განმარტება, რომ ნ. გ-მ კომპანიას სრულყოფილად არ გადასცა საბუღალტრო დოკუმენტაცია, არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ფაქტია, რომ შპს ,,ს-მა“ საქართველოს ეროვნულ ბანკს დადგენილ ვადაში წარუდგინა II კვარტლის ანგარიშგება, რომელიც მომზადებული იქნა ინდ.მეწარმე ხ. გ-ის მიერ. რაც შეეხება უზუსტობებს, საქმის მასალებით არ დგინდება, თუ რა სახის უზუსტობების გამო იქნა დაჯარიმებული საზოგადოება და არც ის გარემოება, რომ დაშვებული უზუსტობები გამოწვეული იქნა ნ. გ-ის მხრიდან ბრალეული მოქმედებით (უმოქმედობით).
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1-ე, 31.1-ე, 31.3-ე, 34-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. გ-სთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 04 აგვისტოს ბრძანებით. დადგენილია, რომ ნ. გ-ს არ მიუღია 2012 წლის აგვისტოს 4 დღის შრომის ანაზღაურება. დადგენილია, რომ ნ. გ-ის სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 3040 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სახელფასო დავალიანების 405.20 ლარის ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07 პროცენტის დაკისრების ნაწილში კანონიერია. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში შპს ,,ს-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 38.3-ე და 38.4-ე მუხლებze და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ ნ. გ-მ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, გამორიცხავს ერთი თვის კომპენსაციის ანაზღაურებას. შესაბამისად, ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად უნდა დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
პალატის შეხედულებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის კვალიფიკაციისათვის, კერძოდ, არ დადასტურდა, რომ ეროვნული ბანკის მიერ შპს ,,ს-ის“ დაჯარიმება გამოწვეული იყო ნ. გ-ის ბრალით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, ნ. გ-ის ძირითად ხელფასს წარმოადგენდა ხელზე ასაღები 1600 ლარი, საიდანაც უნდა გამოიანგარიშდეს აგვისტოს 4 დღის ანაზღაურება. საsამართლოს მიერ ანაზღაურების განსაზღვრა მოხდა ივლისში ფაქტობრივად მიღებული თანხიდან, რაც არასწორია, რადგანაც ივლისის ფაქტობრივად აღებული თანხა შედგება როგორც ძირითადი ხელფასისგან, ასევე ამ თვეში დამატებით შესრულებული სამუშაოებისთვის მიღებული ანაზღაურებიდან, ასეთი ანაზღაურება კი, ყოველ თვე შესაძლოა სხვადასხვა იყოს – იგი დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ თვეში შესრულებულ დამატებით სამუშაოზე. 4 დღის ანაზღაურების საკითხს შესაგებელშივე დავეთანხმეთ, არ ვეთანხმებით მხოლოდ გაანგარიშების წესს.
კასატორის მოსაზრებით, ნათია გურგენიძის შრომის ხელშეკრულების 3.3.7 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის სპეციალურ ფუნქციას წარმოადგენს ეროვნული ბანკისათვის წლიური და კვარტალური საცდელი ბალანსისა და შედეგების (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოვრაობა) ანგარიშგების მომზადება კანონმდებლობის შესაბამისად. ნ. გ-ის დასაქმების პერიოდში კომპანიამ მიიღო ორი ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით და 2100 ლარის ოდენობით. როგორც კითხვა-პასუხის ეტაპზე თავად ნ. გ-მ დაადასტურა, ორივე ჯარიმა მის საანგარიშო პერიოდში იქნა მიღებული, ხოლო შრომის ხელშეკრულების თანახმად, მას ნამდვილად ევალებოდა აღნიშნული ანგარიშგებების მომზადება და პასუხისმგებელი იყო მათზე. კასატორის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს მის მიერ ნ. გ-ის საანგარიშო პერიოდში დამატებით გაწეული ხარჯი 1000 ლარის ოდენობით (დამატებითი მომსახურების ხელშეკრულების გამო ხ. გ-თან). სრულად მის მიერ მოთხოვნილი თანხა შეადგენს 4100 ლარს, როგორც შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება – შრომის კოდექსის 44-45-ე მუხლები, სსკ 361, 394, 408-ე მუხლები. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები, არ შეისწავლა არსებული მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ გვითხრა უარი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2012 წლის 1 ივლისის შრომის ხელშეკრულება შპს ს-სა და ნ. გ-ს შორის. მუხლი 3.3.7.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ფინანსური ანგარიშგება მომზადებული იყო შპს „ფ. მ. ჯ-ის“ მიერ (გადაწყვეტილება, გვერდი 15, აბზაცი 3) და ამიტომ ნ. გ-ს არ უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა საფინანსო ანგარიშში დაშვებული უზუსტობისათვის.
აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ შპს „ფ. მ. ჯ-ის“ მიერ მოხდა პირველი კვარტლის ანგარიშგების მომზადება, ჩვენს კომპანიას არასდროს ჰქონია დადებული ხელშეკრულება შპს „ფ. მ. ჯ-თან“ და მომსახურების ანაზღაურების დოკუმენტშიც გარკვევით წერია, რომ მხოლოდ კონსულტაციები აქვს ჩვენთვის გაწეული 2011 წლის ივლისის თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შომითი ხელშეკრულების 3.3.7 მუხლის თანახმად, სწორედ ნ. გ-ს ეკისრება პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკში წარდგენილი პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშგების უზუსტობებზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს შემდგარი გადაბარების აქტით დგინდება, რომ ნ. გ-მ სრულყოფილად გადააბარა დოკუმენტაცია შპს „ს-ს“ და ამიტომაც მეორე კვარტლის ანგარიშგებაში არსებული უზუსტობების გამო მიღებულ ჯარიმაზე ნ. გ-ე არ არის პასუხისმგებელი პირი (გადაწყვეტილების გვერდი 15, ბოლო აბზაცი), რაც არამართებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს ე. ა-ის მიერ 2013 წლის 16 დეკმებრს №1000177372 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე