№ას-1262-1204-2013 2 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილება
მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ა, ე. ვ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი არასრულწლოვანის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ასა და ე. ვ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა თ. კ-ასა და ე. ვ-ასთან კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი არასრულწლოვანი ნ. ტ-ის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ …. წლის …. აგვისტოს დაბადებული ნ. ტ-ე, კანონიერი საფუძვლის გარეშე, იმყოფება მოპასუხეებთან, რაც წარმოადგენს ბავშვის მოპასუხეებისაგან გამოყვანის საფუძველს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ნ. ტ-ე დაბადებიდან იმყოფება მათთან აღსაზრდელად. ბავშვსა და მოპასუხეებს შორის არსებობს ისეთი ურთიერთობა, როგორც შვილსა და მშობლებს შორის, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ბავშვის ინტერესების საზიანოდ.
ფოთის საქალაქო სასამართოლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა შემდეგი:
2012 წლის 25 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა მ. ტ-მ, რომელმაც შეავსო შვილის, ნ. ტ-ის გაშვილებაზე თანხმობის სპეციალური ფორმა, სადაც შესაბამის გრაფაში სასურველ მშვილებლად მიუთითა თ. კ-ა.
ნ. ტ-ის დედას მ. ტ-ს ჩამოერთვა მშობლის ყველა უფლება-მოვალეობა ნ. ტ-ის მიმართ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების 2013 წლის 10 აპრილის №04-06-08/878 გადაწყვეტილებით ნ. ტ-ს მიენიჭა გასაშვილებლის სტატუსი.
მოპასუხეები, მათი განცხადების საფუძველზე, სოციალური სამსახურების სააგენტოს მიერ აყვანილი არიან შვილად აყვანის მსურველ კანდიდატთა აღრიცხვაზე.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მოპასუხეებს შვილებისათვის შესთავაზა ბავშვი გასაშვილებელი ბავშვების ერთიანი რეესტრიდან, რაზეც მოპასუხეებმა უარი განაცხადეს, რადგან მოპასუხეებს აქვთ ნ. ტ-ის შვილების სურვილი.
ნ. ტ-ე დაბადებიდან იზრდება მოპასუხეებთან და იმყოფება მოპასუხეების მზრუნველობის ქვეშ. მოპასუხეებს ნ. ტ-ისთვის შექმნილი აქვთ ყველა პირობა, რაც საჭიროა ბავშვის გონებრივი, სულიერი თუ სოციალური განვითარებისათვის. ბავშვს ფაქტიურად დაბადებიდან თითქმის ორი წელია ზრდიან მოპასუხეები და მათ შორის ჩამოყალიბებულია ისეთი ურთიერთობა, როგორც უნდა იყოს მშობლებსა და შვილს შორის. მოპასუხეები ზრდიან ნ. ტ-ს, როგორც საკუთარ შვილს და მშობლის მოვალეობას ასრულებენ ჯეროვნად.
სპეციალისტის სახით მოწვეულმა ბავშვთა ფსიქოლოგმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა: ,,ბავშვი არის წლის და ათი თვის და დაბადებიდან იგი იმყოფება მოპასუხეებთან. ეს არის სრულყოფილი პერიოდი იმისათვის, რომ ბავშვს ჰქონდეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური მიჯაჭვულობა მოპასუხეებთან. ბავშვი იზრდება ჰარმონიულ სიტუაციაში. იმ ასაკში რა ასაკშიც იმყოფება ნ-ი ყოვლად დაუშვებელია მისი ადგილმონაცვლეობა, რადგან იგი ჰარმონიულად გრძობს იქ თავს’’ სპეციალისტმა განმარტა, რომ ,,იგი წინააღმდეგია ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფრუსტრირებული და იმედგაცრუებული ბავშვი, რომელმაც ის დადებითი ემოციები შეიძლება შეზღუდოს, რომელიც გააჩნია მას. ბავშვი შეიძლება ჩაიკეტოს თავის თავში. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ენაბლუობა და აუტიზმი. აუტიზმის დროს ბავშვი იკეტება თავის თავში, თავის სამყაროში და ვერ გრძნობს გარესამყაროს’’.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი გარემოებები და დამატებით განმარტა შემდეგი:
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1287-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მინიჭებული აქვს უფლება, მოითხოვოს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი ბავშვის დაბრუნება მოპასუხეებისაგან.
,,მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კანონის მიზნებია: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით აღიარებული პრინციპების საფუძველზე ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას, უზრუნველყოს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სისტემის გამართული ფუნქციონირება და შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებში მონაწილე ყველა პირის უფლებათა დაცვა, ხელი შეუწყოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების ეფექტიანად განხორციელებას.
,,ბავშვთა უფლებების კონვენციის” მესამე მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებების განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს დაცული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაიცვას ბავშვის ინტერესები და შეუქმნას მას ოჯახური, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო.
პალატა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელის უფლება, მოითხოვოს ბავშვის გამოყვანა მოპასუხეებისაგან და, ასევე, ვალდებულება დაიცვას ბავშვის უპირატესი ინტერესები. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული უფლება- მოვალეობის არსებობის დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ინტერესები და აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების საკითხი.
უდავოდ დადგენილია, რომ ნ. ტ-ს თითქმის ორი წელია ზრდიან მოპასუხეები, რომელთაც შექმნილი აქვთ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა. ნ. ტ-ე იზრდება ოჯახურ გარემოში. იგი აღიქვამს მოპასუხეებს მშობლებად, ხოლო მოპასუხეები იჩენენ მზრუნველობას ბავშვზე, როგორც საკუთარ შვილზე, შესაბამისად, ბავშვსა და მოპასუხეებს შორის ჩამოყალიბებულია ისეთი ურთიერთობა, როგორიც არსებობს შვილსა და მშობლებს შორის. პალატის განმარტებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ, ამ პირობებში, ბავშვის მოპასუხეებთან დაშორება ბავშვის ინტერესების საზიანოა, რადგან ბავშვის, მისთვის ჩვეული ოჯახური გარემოდან მოწყვეტა და ბავშვთა სახლში გადაყვანა უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე და მის აღზრდა განვითარებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნორმა უწესებს მხარეებს ვალდებულებას მათთვის კანონით მინიჭებული უფლებები განახორციელონ კეთილსინდისიერად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით. პალატის განმარტებით, სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე, ამ შემთხვევაში, არამართლზომიერად იყენებს მისთვის სამოქალაქო კოდექსის 1287-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას - მოითხოვოს ბავშვის მოპასუხეებისაგან გამოყვანა, რადგან ამ უფლების გამოყენების დროს არღვევს, ასევე კანონმდებლობით, მისთვის განსაზღვრულ ვალდებულებას - ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს უპირველესად ბავშვის ინტერესების გათვალისწინების შესახებ, - იმ პირობებში, როცა, აშკარაა, რომ მითითებული უფლების გამოყენებით ბავშვის ინტრესებს ზიანი მიადგება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გაზიარებით, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით რომ სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილობის მოტივით, უარი თქვა კანონის იმპერატიული ნორმის გამოყენებაზე. კასატორის განმარტებით, არცერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტი არ აძლევს უფლებას პირს კანონიერი საფუძვლის გარეშე ამყოფოს თავისთან ბავშვი. ყველა აქტი ხაზს უსვამს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო დონეზე კანონის უზენაესობის მნიშვნელობას. აღნიშნული აქტები სახელმწიფოს ავალებს ზედმიწევნით დაიცვას ბავშვის განთავსებისა და გაშვილების პროცედურები, ბავშვის უკანონოდ და უსაფუძვლოდ გადაადგილების აკრძალვა, შესაბამისად, მისი უკანონო განთავსების ადგილიდან გამოყვანა, არის ასევე სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება, რაც ცხადყოფს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი აქტების თანახმად, აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილება გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე