Facebook Twitter

№ას-1265-1207-2013 2 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი –ი. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ. ბ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1563 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიტ ი. ა-ს სს „პ.ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ი. ა-ის განმარტებით, მან გადაიხადა არამართო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, არამედ საბოო ჯამში მოპასუხემ მიიღო 1563 ლარით მეტი, შესაბამისად, მოსარცელემ მოითხოვა აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

სს „პ. ბ-მა“ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით დამტკიცდა მორიგება სს „პ. ბ-ს“, ი. ა-სა და ს. ა-ს შორის. ამ განჩინებით ი. ა-სა და ს. ა-ს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 3277,01 ლარის გადახდა 2010 წლის 15 მაისიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე;

მოვალეებმა ჯეროვნად არ შეასრულეს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და იგი მიექცა იძულებით აღსასრულებლად;

იძულებითი აღსრულების პროცესში აპელანტის ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა და აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 აპრილის ბრძანებით განხორციელდა ი. ა-ე დაკისრებული დარჩენილი ვალდებულების განწილვადება;

პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილ ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავისი მოთხოვნის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ი. ა-ს.

პალატის აზრით, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის, რომ მას მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხა ზედმეტად ჰქონდა გადახდილი. აპელანტის მიერ წარმოდგენილი „ანგარიშიდან ამონაწერით” დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 16 აპრილს გაცემული №2/186 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აპელანტს 2011 წლის 21 ივლისს ჩამოეჭრა 300 ლარი (ს.ფ. 31), 2012 წლის 4 აპრილს - 194,23 ლარი (ს.ფ. 32), 2013 წლის 19 აპრილს - 137,95 ლარი, ხოლო იმავე წლის 26 აპრილს - 452,05 ლარი (ს.ფ. 37). ე.ი. სულ, 300+194,23+137,95+452,05=1084,23 ლარი.

გარდა ამისა, საქმის მასალებით დგინდება, რომ სს „ვ. ბ-ში“ ი. ა-ის ანგარიშიდან ვალდებულების შესასრულებლად გადაირიცხა: 200 ლარი (ს.ფ. 71), 300 ლარი (ს.ფ. 71), 590 ლარი (ს.ფ. 80) და 137.95 ლარი (ს.ფ. 81), ე.ი. სულ 200+300+590+137,95=1225,95 ლარი. ამრიგად, სააღსრულებო ბიუროდან წარმოდგენილი საბუთებისა და სს „თ. ბ-დან“ წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, ი. ა-ს მოწინააღმდეგე მხარისათვის გადახდილი აქვს: 1084,23+1225,95=2310,18 ლარი, რაც მის დავალიანებაზე ნაკლებია.

ის, რომ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის ზედმეტად აქვს გადახდილი თანხა, პალატის აზრით, არ მტკიცდება არც სს „პ. ბ-ის“ მიერ წარმოდგენილი ამონაწერითაც (ს.ფ. 142-144), თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი საქმეში არ არის.

პალატის შეხედულებით, აპელანტის პოზიციას არ ამტკიცებს მხოლოდ საინკასო დავალებების წარდგენის პერიოდულობა. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოაქვს თავისი შინაგანი რწმენით, მაგრამ ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

პალატამ იხელმძღვამნელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე მუხლით, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. პალატის აზრით, სს „პ. ბ-ი“ ამ ნორმით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით არის ვალდებული გადაუხადოს თანხა აპელანტს. ამდენად, პალატის აზრით, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე, 393-ე და 394-ე მუხლები, სასამართლოს უნდა მოეწვია სპეციალისტი, რომელიც დაადგენდა რა თანხა იყო გადახდილი საბანკო ამონაწერის მიხედვით. ამასთან, უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლები, რომლის მიხედვითაც, ი. ა-ს შესრულებული აქვს ვალდებულება, ხოლო ბანკი ვალდებულია დააბრუნოს ზედმეტად მიღებული თანხა. საქმეში არსებულ საბანკო ამონაწერებში მოცემულია მოსარჩელისთვის დარიცხული ხელფასები და ინკასო, როცა მან არ შეიტანა შესაბამისი თანხა. კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.

კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასმართლოს მსჯელობა მასზე, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ი. ა-ს, ვინაიდან მტკიცების ტვირთი ორივე მხარეზე უნდა გადანაწილებულიყო.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეისწავლა სს „პ. ბ-ის“ 2013 წლის 1 აპრილის წერილი, რომლითაც ირკვეოდა, რომ ი. ა-ს ვალი გადახდილი ჰქონდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით ი. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ი. ა-ი, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე