№ას-1278-1220-2013 2 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ო. პ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ც. პ. ი-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. პ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ც. პ. ი-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ ძირი თანხის – 10000 აშშ დოლარის, პროცენტის - 11275 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 4325 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, 2007 წლის 8 ივნისს შ. ჯ-სა და შპს „ც. პ. ი-ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 2 წლის ვადით. თანხა განისაზღვრა 10000 აშშ დოლარით, წლიური 24%-ის დარიცხვით. მოაპსუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მან გადაიხადა მხოლოდ 3549.17 აშშ დოლარი. 2012 წლის 28 მარტს შ. ჯ-სა და ო. პ-ას შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შ. ჯ-მ შპს „ც. პ. ი-ის“ მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო ო პ-ას.
მოპასუხემ შესაგებელში განმარტა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხაა 10000 აშშ დოლარი. ძირი თანხის წლიური პროცენტია 24%, ხელშეკრულება დადებულია 2 წლის ვადით, შესაბამისად, სარგებელი 4800 აშშ დოლარია და არა 11275 აშშ დოლარი. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 560 აშშ დოლარით და არა 4325 აშშ დოლარით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ო .პ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ,,ც. პ. ი-ს’’ ო. პ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხის -10 000 აშშ დოლარის გადახდა; შპს ,,ც პ ი-ს” ო პ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტის -1250.83 აშშ დოლარის გადახდა; შპს ,,ც. პ. ი-ს’’ ო. პ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 4325 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. პ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ო. პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 8 ივნისს შ. ჯ-ს და შ.პ.ს. ,,ც. პ. ი-ს’’ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 2 წლის ვადით. სესხის თანხა განისაზღვრა 10 000 ა.შ.შ. დოლარი წლიური 24 %-ის დარიცხვით;
2007 წლის 8 ივნისის სესხის ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა გამსესხებლისთვის პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა გადასახდელი პროცენტის 0,01%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს წლიური პროცენტის 10%-ის წელიწადში. წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 მუხლით გათვალისწინებული სესხის დროულად და სრულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა გამსესხებლისთვის პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ძირითადი თანხის 0,01%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი თანხის 10%-ის წელიწადში;
შ.პ.ს. ,,ც. პ. ი-მა’’ შ. ჯ-ს გადაუხადა ნასესხები თანხის პროცენტი - 3549.17 ა.შ.შ. დოლარი;
2012 წლის 28 მარტს შ. ჯ-ს და ო. პ-ას შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შ. ჯ-მ შ.პ.ს. ,,ც. პ. ი-ის’’ მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო ო. პ-ას;
შ.პ.ს. ,,ც. პ. ი-ის’’ დავალიანება 2007 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს ძირ თანხას - 10 000 ა.შ.შ. დოლარს, პროცენტის - 1250.83 ა.შ.შ. დოლარს და პირგასამტეხლოს - 4325 ა.შ.შ. დოლარს.
სააპელაციო პალატამ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 8 ივნისის სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, გადასახდელი პროცენტის 0,01%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს წლიური პროცენტის 10% წელიწადში და ძირითადი თანხის 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი თანხის 10% წელიწადში, გონივრული იყო.
პალატამ სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე და 317.1-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იყო სესხის ხელშეკრულება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე და 625-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 8 ივნისს შ. ჯ-სა და შ.პ.ს. ,,ც. პ. ი-ს’’ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 2 წლის ვადით. სესხის თანხა განისაზღვრა 10 000 ა.შ.შ. დოლარით, წლიური 24 %-ის დარიცხვით.
ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, დადგენილია, რომ ,,წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს პირგასამტეხლო, რაც შეადგენს გადასახდელი პროცენტის 0,01%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს წლიური პროცენტის 10%-ის წელიწადში. წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 მუხლით გათვალისწინებული სესხის დროულად და სრულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს პირგასამტეხლო, რაც შეადგენს ძირითადი თანხის 0,01%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი თანხის 10%-ის წელიწადში’’.
საქმეში არსებული მასლით დადგინდა, რომ პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის თანხისა და პროცენტის დაუბრუნებლობისათვის. (იხილეთ 2007 წლის 08 ივნისს ხელშეკრულება ს/ფ. 15-26);
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. დადგენილია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო გადასახდელი პროცენტის 0,01%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს წლიური პროცენტის 10% წელიწადში და ძირითადი თანხის 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი თანხის 10% წელიწადში არის გონივრული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნათა სრული დავცით დააკისრა შპს ,,ც. პ. ი-ს’’ ო. პ-ას სასარგებლოდ ძირითადი თანხის 10 000 აშშ დოლარის პროცენტის - 1250.83 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს - 4325 აშშ დოლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. პ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად იმსჯელა სააპელაციო საჩივრის მოტოვაციაზე და არ განმარტა, რატომ არ უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს საპროცენტო დანარიცხი 11517 აშშ დოლარი და რატომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცენტო დანარიცხის სახით 1250.83 აშშ დოლარის დაკისრება, მართებული იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით ო. პ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. პ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ო. პ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ო. პ-ა, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. პ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე