Facebook Twitter

№ას-15-15-2014 9 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ს-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. კ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მ .კ-ის სამკვიდროზე 2013 წლის 13 აპრილს ს. კ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და დაბა მესტიაში, კ-ის ქუჩა №16-ში მდებარე №2 ბინის მესაკუთრედ ცნობა.

ს. კ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მ. ს-ისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა მ. კ-ის სამკვიდროზე.

მ. ს-მა შეგებებული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი ს. კ-ის მიმართ მ. კ-ის სამკვიდროზე, მოპასუხის სასარგებლოდ 2013 წლის 13 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ს. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ს-ს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება მ. კ-ის სამკვიდროზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მ. ს-ი და მ. კ-ი დაქორწინდნენ 1975 წლის 19 დეკემბერს.

2010 წლის 12 იანვარს მ. კ-ნი გარდაიცვალა და, მ. ს-ის გარდა, პირველი რიგის მემკვიდრე მას არ დარჩენია.

ს. კ-ი არის მ. კ-ის ძმა.

მ. კ-ს ეკუთვნოდა დაბა მესტიაში, კ-ის ქ. №16/2-ში მდებარე ბინა. ამჟამად, ეს ბინა რეგისტრირებულია ს. კ-ის საკუთრებად.

მ. ს-ი და მ. კ-ი, მრავალი წლის განმავლობაში, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მ. ს-ს 1980-იანი წლების ბოლოდან, ფაქტობრივად, შექმნილი ჰქონდა სხვა ოჯახი და იგი ცხოვრობდა ამ ოჯახთან ერთად.

მ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ, მის სამკვიდროს დაეუფლა ძმა, ს. კ-ი.

პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებული იყო დაემტკიცებინა გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

პალატის აზრით, საქმის მასალებით: მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით, მ. კ-ნის სარჩელებით, ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და თავად მ. ს-ის განმარტებით უთუოდ დგინდება, რომ მ. ს-ისა და მ. კ-ის ქორწინება მ. კ-ის გარდაცვალებამდე მრავალი წლით ადრე, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო, მ. ს-ს შექმნილი ჰქონდა სხვა ოჯახი და იგი ცხოვრობდა თავის ფაქტობრივ მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად.ბამას ადასტურებს ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად (ს.ფ. 36), მ. ს-ის ოჯახს სარეიტინგო ქულა მიენიჭა 2006 წლის 13 აპრილს, ე.ი. მ. კ-ის გარდაცვალებამდე სამ წელზე მეტი ხნით ადრე და მისი ოჯახის წევრთა სიაში მითითებულია ფაქტობრივი მეუღლე და შვილები და არა მ. კ-ი.

აპელანტის პოზიციას არ ამტკიცებს მხოლოდ ის, რომ მან 2009 წლის 10 სექტემბერს დაბა მესტიაში მდებარე ბინა აჩუქა მ კ-ს. პირიქით, ეს ფაქტი უფრო იმას ადასტურებს, რომ დასაჩუქრებული და მჩუქებელი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ - მ. ს-სა და მ. კ-ს ერთ ოჯახად რომ ეცხოვრათ, მ. კ-ისათვის ბინის ჩუქება საჭირო არ იქნებოდა.

ამის გამო, პალატამ მიიჩნია, რომ ს. კ-მა შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტები დაამტკიცა, ხოლო მ. ს-მა ისინი ვერ გააქარწყლა.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმის საფუძველზე, რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად მიიღო გადაწყვეტილება მ. ს-ისათვის მ. კ-ის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, რადგან მამკვიდრებელთან ქორწინება სამკვიდროს გახსნამდე სამ წელზე მეტი ხნის მანძილზე, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

ამრიგად, პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მ. ს-ისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის ნაწილში, კანონიერია.

ასევე კანონიერია გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილშიც, რადგან საქმის მასალებით, მათ შორის, თავად მ. ს-ის განმარტებით უტყუარად დასტურდება, რომ ს. კ-ი მ. კ-ის სამკვიდროს კანონით განსაზღვრულ ვადაში დაეუფლა. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, პალატის აზრით, რადგან მ. ს-ს მ. კ-ის მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა, მ. კ-ის მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების შეცილების უფლება მას არა აქვს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად საერთოდ უგულებელყო საქმეში არსებული, მ. ს-ის მიერ წარდგენილი ცნობა, რომელიც გაცემული იყო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს მიერ, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა, რომ იგი სადავო ქონებას კანონით დადგენილ ვადაში დაეუფლა. ამასთან, ის გარემოება, რომ მას სხვა ქალთან ჰყავდა შვილები, არ ნიშნავდა რეგისტრირებულ მეუღლესთან კავშირის არ ქონას, პირიქით, მას აცხოვრებდა თავის კუთვნილ ბინაში, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე აჩუქა. კასატორი მიიჩნევს, რომ მას მემკვიდრეობა ჩამოერთვა უკანონოდ. ამასთან არასოწრია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი იმის თაობაზე, რომ ს. კ-მა დის, მ. კ-ის სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად მიიღო, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. ს-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე