Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-157-147-2014 16 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ს. კ. „ს-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო დავალების ანაზღაურება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ს. კ. „ს-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2013 წლის 4 მარტის ბრძანების გაუქმება, ლ.მ-ის მასმედიასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების – 1824 ლარისა და ერთი თვის კომპენსაციის – 1600 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, იგი უკანონოდ გათავისუფლდა სამუშაოდან.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ლ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1824 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 28 იანვარს ლ. მ-ასა და მოპასუხე შპს ს. კ. „ს-ს“ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ. მ-ა დაინიშნა მასმედიასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

ლ. მ-ასა და მოპასუხე შპს ს. კ. „ს-ს“ შორის 2013 წლის 28 იანვარს დადებული შრომითი ხელშეკრულების 2.1 პუნექტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 1600 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

2013 წლის 28 იანვარს შრომითი ხელშეკრულების 1.2. პუნქტით, მხარეთა მიერ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 28 იანვრიდან – 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

2013 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის თანახმად, ლ. მ-ამ იკისრა საზოგადოების შინაგანაწესით ან თანამდებობრივი ინსტრუქციების განსაზღვრული მოვალეობების სრულად შესრულება. ამავე ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის თანახმად, მან ასევე იკისრა ვალდებულება, საზოგადოების ხელმძღვანელობის მოთხოვნისთანავე გაწეული საქმიანობის სრული ანგარიშის წარდგენის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, ლ. მ-ამ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა თანამდებობით განსაზღვრული ფუნქციები, ზეპირი ან წერილობითი ფორმით დადგენილი შრომითი ვალდებულებები და კონკრეტული დავალებები.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით დაიკითხა მოწმე მ. მ-ე, რომელმაც დაადასტურა, რომ ლ. მ-ამ, როგორც გუნდის პრესსამსახურის უფროსმა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ორგანიზება გაუწია და თავადაც მიიღო მონაწილეობა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ ორ შეხვედრაში. შესაბამისად, დასტურდება, რომ ხელშეკრულების ფარგლებში ლ. მ-ა ფაქტობრივადაც ასრულებდა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებებს.

შრომითი ხელშეკრულების 6.3 პუნქტით, მხარეებმა აღიარეს „ფიფას“ „უეფას“ „სფფ-ს“ და საფეხბურთო კლუბის წესდებები და დებულებები. შესაბამისად, ეს დებულებები მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს წარმოადგენს. სფფ ლიცენზირების დებულების 30-ე მუხლის თანახმად, მედიაოფიცერს უნდა გააჩნდეს ერთ-ერთი შემდეგი კვალიფიკაცია: ჟურნალისტის დიპლომი, დამთავრებული ჰქონდეს სფფ-ის ან სფფ-ის მიერ აღიარებული ორგანიზაციის ორგანიზებული მედიაოფიცრის სპეციალური კურსი, გააჩნდეს სფფ-ის მიერ გაცემული „კომპეტენტურობის აღიარება“, რაც მოითხოვს მინიმუმ ერთწლიან გამოცდილებას მსგავს საქმეში.

სადავო არ არის, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს მითითებულ პირობებს, აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ კლუბის მიერ ხელშეკრულების მოშლა მართლზომიერია და შეესაბამება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ წესს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, შინაგანაწესის დარღვევის გამო, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ კლუბის პოზიციის მართებულობა. აპელანტის მიერ დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, მხოლოდ ის გარემოება, რომ ლ.მ-ა ყოველდღიურად არ ცხადდებოდა სამსახურში, კლუბის მისამართზე ქ.ბოლნისში, არ შეიძლება, ჩაითვალოს მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევად. შრომითი ხელშეკრულებით, ლ. მ-ა ვალდებული იყო, მისთვის თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქციები შეესრულებინა ასევე ზეპირი მითითების შემთხვევაშიც. მოწმე მ.მ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, რომ ლ. მ-ა, მისი მითითებით, ცხადდებოდა თბილისში, ხ-ის 37-ში მის მიერ ნაქირავებ ოფისში. სასამართლომ დაასკვნა, რომ ლ.მ-ას მიერ შინაგანაწესის დარღვევის ფაქტი მოპასუხემ ვერ დაადასტურა.

სასამართლოს მითითებით, კლუბის დირექტორის (ვ.ბ-ის) მიერ წარმოდგენილი შინაგანაწესი, რომელიც ადგენს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში 10-დან 18 საათამდე სამსახურში ყოფნის ვალდებულებას, დამტკიცდა 2013 წლის 1 თებერვალს, მას შემდეგ, რაც შრომითი ურთიერთობა გაფორმდა ლ. მ-ასთან. ის გარემოება, რომ ახლადდამტკიცებული შინაგანაწესის შესახებ არ ეცნობა დასაქმებულს, კლუბის წარმომადგენელმა არ უარყო და ამის მიზეზად ლ.მ-ას სამსახურში გამოუცხადებლობა დაასახელა. პალატამ მიიჩნია, რომ ლ.მ-ა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ასრულებდა მ.მ-ის მითითებას, ამდენად, საზოგადოების დირექტორის ცვლილება არ წარმოადგენდა მის მიერ ამ მითითებებიდან გადახვევის წინაპირობას. შრომის კანონთა კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილი სწორედ დამსაქმებელს ავალდებულებს შინაგანაწესის შესახებ დასაქმებულის შეტყობინებას და იგი უნდა დაკავშირებოდა მოსარჩელეს ახალი შინაგანაწესის გაცნობის მიზნით.

პალატამ მიუთითა შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველ ნაწილზეც და უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 28 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე – 2013 წლის 4 მარტამდე მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობამ შეადგინა 1824 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე მუხლის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მიუღებელი კომპენსაციის სახით ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 1600 ლარის მოთხოვნას, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან დადგენილია შრომითი ურთიერთობის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მოშლის მართლზომიერება, ხოლო ამ საფუძვლით ხელშეკრულების მოშლისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს ს. კ. „ს-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება, ამასთან, კასატორმა სადავოდ გახადა საოქმო განჩინება, რომლითაც კასატორის წარმომადგენელ გ.ი-ს, როგორც არა ადვოკატს, უარი ეთქვა პროცესში მონაწილეობაზე შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატა გასცდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებს, როდესაც არასწორად შეაფასა და გაითვალისწინა სასამართლოსათვის მ. მ-ის მიერ კანონდარღვევით მიცემული ჩვენება, რომ ლ. მ-ა ორჯერ ახლდა მ.მ-ს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რადგან აღნიშნული შინაარსის განმარტება მითითებულ მოწმეს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის არ მიუცია.

სასამართლომ არ შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა და ყოველგვარი შეფასების გარეშე წინასწარ დადგენილი ძალა მიანიჭა მოწმე მ.მ-ის ჩვენებას.

სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი მიიჩნია, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 30 იანვარს. თავად ლ.მ-ას მითითებით, იგი დანიშვნიდან ორ დღეში, ბიულეტენზე მყოფი დაითხოვეს სამსახურიდან. მ.მ-ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაში გამოდის, რომ ლ.მ-ა შეხვედრებზე იყო სწორედ ამ ორი დღის განმავლობაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით მოსარჩელემ თავად დაადასტურა, რომ მას შესრულებული სამუშაოს ოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად კი, ხელფასი გაიცემა შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს ს. კ. „ს-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს ს. კ. „ს-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 21 მარტის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ს. კ. „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს ს. კ. „ს-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 21 მარტის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე