Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე№ას-182-171-2014 16 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ც-ე, გ. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ც-ისა და გ. გ-ის მიმართ 2012 წლის 12 ოქტომბრის №121109816 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ვ ც-მ სთხოვა მას სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა ქონება ერთი თვის ვადით, რის სანაცვლოდაც ვ. ც-მ გ. გ-ისაგან ისესხა 7000 აშშ დოლარი. ფაქტობრივად კი, მოპასუხეებმა იგი მოატყუეს.

მოპასუხე გ.გ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა მისი მოტყუება. ვ. ც-მ კი სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა მოსარჩელისათვის გადაეხადა 2100 აშშ დოლარი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ა-მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების თაობაზე ნება გამოხატა ნოტარიუსთან, სადაც შედგა ხელშეკრულება და მ. ა-მა მოაწერა მას ხელი. გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა და უფლებამოსილება. ნოტარიუსი ნების გამომვლენს უმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს. სადავო გარიგების ტექსტით, რომელსაც მ. ა-ი აწერს ხელს, დასტურდება ასევე ის გარემოება, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა მოსარჩელის ქმედუნარიანობა, გარიგების დადების ნების ნამდვილობა და ისე დაამოწმა ხელშეკრულება. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუს მ. ა-ისთვის კიდეც რომ არ განემარტა ხელშეკრულების შინაარსი, ნების გამოვლენისა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, ყველა სუბიექტური და ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, თავად გასცნობოდა იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერდა. სასამართლომ განმარტა, რომ დოკუმენტის შინაარსის ცოდნა ან არცოდნა სუბიექტური კრიტერიუმია, შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებით შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს პრეზუმფციებით, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში ივარაუდება, რომ პირი დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს იცნობდა დოკუმენტის შინაარსს, საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში კი, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მ. ა-ი უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდა მოპასუხეებისადმი ნდობის არსებობის გამო.

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის პალატამ განმარტა, რომ მითითებულ ნორმაში მოცემულია „თვალსაჩინოების სტანდარტი“, რაც გამოხატულებას ჰპოვებს ფრაზაში „აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.“ ამდენად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოცემულ შემთხვევაში, მ. ა-ის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დეტალურად, გარკვევით, თანმიმდევრულად აღწერილი იყო გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. რაც შეეხება მოტყუებას და მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ. ა-მა იმ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, რის შესახებაც მ. ა-ი, მისი განმარტებით, ინფორმირებული არ იყო, ვერ განიხილება ვ. ც-ის და გ. გ-ის მიერ მ. ა-ის მოტყუებად გარიგების შინაარსში, ვინაიდან, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ იგი მართლაც არ გასცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეებისადმი ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსი, ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობები სწორად შეაფასა, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ა-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი და 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

პალატამ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები.

სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მ. ა-მა გამოავლინა იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება, თუმცა ხელშეკრულების შინაარსის მისეული აღქმა არ ემთხვეოდა რეალურად არსებულს. კასატორს მიაჩნდა, რომ ხელშეკრულება შეიცავდა პირობას ერთი თვის შემდეგ იპოთეკის ხელშეკრულების საგნის სხვა უძრავი ქონებით ჩანაცვლების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხელს არ მოაწერდა ხელშეკრულებას. ნების ნამდვილობაზე მსჯელობისას ნება უნდა დადგინდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებითა გამოვლენილი ნების გონივრული განსჯის საფუძველზე.

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია, რა შინაარსის ხელშეკრულების დასადებად გამოავლინა ნება აპელანტმა, არ იმსჯელა ნების გამოვლენისას შეცდომის შესაძლო არსებობაზე და პირიქით, მიიჩნია, რომ ნოტარიუსს მ. ა-ისათვის კიდეც რომ არ განემარტა ხელშეკრულების შინაარსი, ყველა სუბიექტური და ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, თავად გასცნობოდა იმ დოკუმენტს, რომელსაც აწერდა ხელს.

პალატამ ყურადღება არ გაამახვილა მ. ა-ის ასაკზე, მის ფიზიკურ მდგომარეობასა და ნოტარიუსისადმი ნდობის არც თუ უსაფუძვლო ფაქტორზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მ. ა-ი ენდო ნოტარიუსის მიერ შედგენილ ხელშეკრულებას, არ შეიძლება, ცალსახად შეფასდეს მისი მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობად. აღნიშნული საჭიროებს საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევა-შეფასებას. მ. ა-მა ხელშეკრულებაზე ხელმოწერილის წინ მხედველობის პრობლემების თაობაზე განუცხადა უშუალოდ ნოტარიუსს.

ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსს ჰქონდა ვალდებულება, ეცნობებინა კასატორისათვის, რომ ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში იპოთეკის საგნის სხვა უძრავი ქონებით ჩანაცვლების პირობა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მ. ა-ის ნების ფორმირებისათვის, ხელშეკრულებით საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.

ნოტარიუსის მხრიდან ინფორმაციის მიუწოდებლობა მოტყუებას უთანაბრდება და, სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს.

ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო დღესვე კასატორმა მიმართა ნოტარიუსს, ხელშეკრულების პირობების მის ნებასთან თანხვედრაში მოყვანის მოთხოვნით, რაზეც მას უარი არ მიუღია. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებაც.

გაურკვეველია, რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ მ. ა-ი თანამსესხებლად.

სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ნოტარიუსმა თ.ე-მა ხელშეკრულების დადების დროს მხარეებს განუმარტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე