Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე№ას-210-195-2014 9 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „პ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ნ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ნ-ის მიმართ „საბანკო საიდუმლოების შემცველი კონფიდენციალური ინფორმაციის“ უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის შედეგად გამოწვეული ზიანის – 12785,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 583,50 ლარის, ასევე, შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 18000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

ქ. ნ-ი მუშაობდა სს „პ. ბ-ში“ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერად. 2013 წლის 14 თებერვალს იგი სამუშაოდ გადავიდა სს „რ. ბ-ში“, რა დროსაც დაუკავშირდა მოსარჩელის კლიენტებს და შესთავაზა გაუმჯობესებული საკრედიტო პირობები. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბანკის სადავო კლიენტებს არ დაკავშირებია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ნ-ი იყო სს „პ. ბ-ის“ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი.

ი. შ-ე და რ. ვ-ე იყვნენ სს „პ. ბ-ის“ ე.წ. კორპორატიული კლიენტები და აღებული ჰქონდათ რამდენიმე სესხი სს „პ. ბ-ისაგან“, თითოეულს ყოველწლიური 14, 13,5 და 13%-იანი სარგებლით.

2013 წლის 14 თებერვალს ქ ნ-მა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება სს „პ. ბ-თან“ და სამუშაოდ გადავიდა სს „ბ. რ-ში“.

2013 წლის აპრილში სს „პ. ბ-სა“ და ი. შ-ს, ასევე „პ. ბ-სა“ და რ. ვ-ს შორის დადებული ხელშეკრულებების პირობები შეიცვალა და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, ნაცვლად ყოველწლიური 14%-სა, განისაზღვრა ყოველწლიური 13%-ით და, ნაცვლად ყოველწლიური 13,5% და 13%-სა, – 12%-ით.

სს „პ. ბ-სა“ და ქ. ნ-ს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მე-8 პუნქტის, თანამდებობრივი ინსტრუქციისა და „პ. ბ-ის“ ქცევის კოდექსის პირველი თავის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქ. ნ-ი ვალდებული იყო, დაეცვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

შრომითი ხელშეკრულების 8.5. პუნქტის თანახმად, კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ქ. ნ-ს ეკისრებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო ხელშეკრულების 8.6. პუნქტის მიხედვით, ამ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, ბოლო ერთი თვის დარიცხული ხელფასის თორმეტმაგი ოდენობით.

პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ქ. ნ-მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ეკისრებოდა სს „პ. ბ-ს“.

პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს თავისი შინაგანი რწმენით, მაგრამ ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც აპელანტმა თავისი სადავო პოზიციის დასამტკიცებლად წარმოადგინა, არის რ. ვ-ისა და ი. შ-ის წერილობითი განცხადებები, რომლებშიც მითითებულია, რომ 2013 წლის მარტსა და აპრილში მათ დაუკავშირდა ქ. ნ-ი და „იქიდან გამომდინარე, რომ იცნობდა სესხის პირობებს სს „პ. ბ-ში“, შესთავაზა მნიშვნელოვნად უკეთესი პირობები სს ბ. „რ-ში”. თუმცა შემდგომში ამ პირებმა, ჯერ წერილობით (ს.ფ. 92-93) და შემდეგ სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას უარყვეს განცხადებებში მითითებული ფაქტები.

პალატამ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნია რ. ვ-ისა და ი. შ-ის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებები. ამ შემთხვევაში, ისინი გაფრთხილებული იყვნენ შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე და მხარეებსა და სასამართლოს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ მოესმინათ მათთვის, დაესვათ შეკითხვები და ასე ემსჯელათ ჩვენებათა სარწმუნოობაზე.

ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი განცხადებები მოწინააღმდეგე მხარემ გააქარწყლა, ხოლო სხვა მტკიცებულებები სს „პ. ბ-ს“ სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. სს „პ. ბ-მა“ ვერ დაამტკიცა, რომ ქ. ნ-მა გაამღჟავნა და აპელანტის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენა კონფიდენციალური ინფორმაცია, ამიტომ, მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „პ. ბ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასაკმარისად შეაფასა მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი. პალატამ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი იმდაგვარად, რომ გადაწყვეტილების მიღება გამარტივებულიყო.

მოწმეთა დაკითხვის დროს ორივე მოწმემ აღიარა, რომ დოკუმენტების ხელმოწერისას ბანკის მხრიდან მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა. მათ ვერ ახსნეს, რა მიზეზით არ წაიკითხა ხელმოსაწერი დოკუმენტები ორმა მეწამრემ. შესაბამისად, მოწმეთა განმარტებები ეჭვს ბადებს. აშკარაა მათი სურვილი, პასუხისმგებლობისაგან აერიდებინათ მოპასუხე.

პალატას საერთოდ არ გამოუყენებია სპეციალური ე.წ. საბანკო კანონმდებლობა, რომელიც მოცემული დავის სწორად გადაწყვეტის უმნიშვნელოვანეს ნორმატიულ ბაზას წარმოადგენდა.

სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებასთან, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ 2013 წლის მარტში „მოპასუხემ“ ტელეფონის საშუალებით მის ხელთ არსებული საბანკო საიდუმლოებისა და კონფიდენციალობის შემცველი ინფორმაციის საფუძველზე „ბ. რ-დან“ დაუკავშირდა „პ. ბ-ის“ მოქმედ კლიენტ ვ. ვ-ს, შესთავაზა მნიშვნელოვნად უკეთესი პირობები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საბანკო სპეციალური კანონმდებლობისა და ბანკის შიდა არსებული რეგულაციების სრული უგულველყოფით და შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის საფუძველზე. სს „პ. ბ-ი“, ფინანსური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, იძულებული გახდა, კორექტირება მოეხდინა და დაეწია მსესხებლისათვის სესხის სარგებლობის პროცენტი.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორადაა განმარტებული ვ. ვ-ის 2013 წლის 18 აპრილის განცხადება, სადაც „პ. ბ-ის“ მსესხებელი ნათლად და ცალსახად ადასტურებს მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას.

სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მხრიდან ვალდებულებების დარღვევის ფაქტის არარსებობა.

სასამართლომ უგულებელყო ისეთი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა 2013 წლის 11 აპრილის ი. შ-ის განცხადება, სადაც „პ. ბ-ის“ მსესხებელი ნათლად და ცალსახად ადასტურებს მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას.

სააპელაციო პალატამ სრულიად უკანონო, სამართლებრივად დაუსაბუთებელი მსჯელობის შედეგად გააუქმა ი. ყ-ის იპოთეკური ვალდებულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო გენერალური №3556 საკრედიტო ხელშეკრულება და ჩათვალა, რომ იგი მოიცავდა მხოლოდ 50 000 აშშ დოლარის საკრედიტო ერთჯერად ლიმიტს და მსესხებლის მიერ ამ საკრედიტო ვალდებულების ერთჯერადად ამოწურვამ გამოიწვია მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის ი. ყ-ის ქონებით განსაზღვრული სანივთო-სამართლებრივი ვალდებულების გაუქმებაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „პ. ბ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 13 თებერვალს №337720360 საგადახდო დავალებით გადახდილი 2128,53 ლარის 70% – 1489,97 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „პ. ბ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 13 თებერვალს №337720360 საგადახდო დავალებით გადახდილი 2128,53 ლარის 70% – 1489,97 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე