№ას-223-208-2014 2 ივნისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. ღ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 17 აპრილს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ღ-ამ მოპასუხე ი. ა-ის მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე 2001 წლის 24 ოქტომბრის №1/331 სანოტარო აქტის ბათილად ცნობა.
ზუგდიდის რაინული სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა:
ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 24 დეკემბრის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში სარეგისტრაციო 1/319, ნოტარიუსი ლ.ა-ა), რომლის თანახმად, ლ. ა-მ 1998 წლის 22 აპრილს შეადგინა ანდერძი ი. ა-ის სასარგებლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ი. ა-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
გ. ღ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლ. ა-ს მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა ქ.წალენჯიხაში, ... მ-ის ქუჩაზე მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი.
2001 წლის 24 დეკემბერს, ზუგდიდის ნოტარიუსმა ი. ა-ის სახელზე გასცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, აწ გარდაცვლილი ლ. ა-ის დანაშთ ქონებაზე – ქ.წალენჯიხაში, ... მ-ის ტერიტორიაზე მდებარე 3900კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2001 წლის 26 დეკემბერს ი. ა-ე საჯარო რეესტრში აღირიცხა სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ.
საქმის მასალებით, კერძოდ, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 29 ივლისის დადგენილებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ლ. ა-ისათვის გადაცემისას მოხდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაყალბება, ვ. ძ-ასა და ე. ა-ას მიერ. აღნიშნული ყალბი დოკუმენტით გაფორმებული მიწის ნაკვეთი ლ. ა-მ შემდგომ ანდერძით გადასცა შვილიშვილს, ი. ა-ს.
ამავე დადგენილებით დადგინდა, რომ 2005 წლის 22 აგვისტოს, წალენჯიხის
რაიონულ სამმართველოში გ. ღ-ას განცხადების საფუძველზე დაიწო წინასწარი გამოძიება, წალენჯიხის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში ხელმძღვანელი პირების მიერ ლ. ა-ისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემისას ჩადენილი სიყალბის ფაქტზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მიწის მართვის სამმართველოს 1997 წლის 26 მაისის ლ. ა-ის მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების გაყალბებული აქტი, რომელიც 1998 წლის 19 მარტს დარეგისტრირდა მიწათსარგებლობის რეგისტრაციის წიგნში №3/800.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა. წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვერ განახორციელა რეგისტრაცია, რადგან გაუქმებული არ იყო ი. ა-ის სახელზე სანოტარო წესით გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთზე ი. ა-ის საკუთრების უფლება.
უტყუარად დადასტურდა, რომ 2005 წლიდან მოყოლებული გ. ღ-ასათვის ცნობილი იყო სადავო მიწის ნაკვეთის ჯერ ლ. ა-ისათვის, ხოლო შემდგომ ანდერძის საფუძველზე ი. ა-ისათვის გადაცემის ფაქტის შესახებ, ხოლო ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი გ. ღ-ამ სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 17 აპრილს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ღ-ას სარჩელი ხანდაზმული იყო.
საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 29 ივლისის დადგენილებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ლ. ა-ისათვის გადაცემისას მოხდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაყალბება, ვ. ძ-ასა და ე. ა-ას მიერ. აღნიშნული ყალბი დოკუმენტით გაფორმებული მიწის ნაკვეთი ლ. ა-მ შემდგომ ანდერძით გადასცა შვილიშვილს, ი. ა-ს. ამავე დადგენილებით დადგენილია, რომ 2005 წლის 22 აგვისტოს, წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში გ. ღ-ას განცხადების საფუძველზე დაიწო წინასწარი გამოძიება, წალენჯიხის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში ხელმძღვანელი პირების მიერ ლ. ა-ისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემისას ჩადენილი სიყალბის ფაქტზე. შესაბამისად, ამ დროისათვის გ. ღ-ასთვის ცნობილი იყო სადავო მიწის ნაკვეთის ჯერ ლ. ა-ისათვის, ხოლო შემდგომ ანდერძის საფუძველზე ი. ა-ისათვის გადაცემის ფაქტის შესახებ. ამავდროულად, მისთვის ცნობილი იყო ანდერძის საფუძველზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობის არსებობის ფაქტი, რაც ი. ა-ის სახელზე უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღრიცხვისათვის სამართლებრივი საფუძველი გახდა. მიუხედავად ამისა, ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი გ. ღ-ამ სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 17 აპრილს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის არსებობა აიძულებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. მართალია, ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორცილების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს, და თუ გამოირკვევა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი – იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა ი. ა-ის სახელზე 2001 წლის 24 დეკემბერს გასცა ნოტარიუსმა ლ.ა-ამ. სწორედ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2001 წლის 26 დეკემბერს, ი. ა-მ თავის სახელზე დაირეგისტრირა სადავო უძრავი ქონება. ამდენად, იმის შესახებ, რაზეც სარჩელით მოსარჩელე დავობდა – სანოტარო აქტი, 2001 წელს ი. ა-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა – ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული დავობდა კიდეც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ღ-ამ დაარღვია სამკვიდრო მოწმობის შედავებისათვის დადგენილი 2-თვიანი ვადა, რის გამოც მისი სარჩელი ხანდაზმული იყო.
რაც შეეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადასაწყვეტად მოხმობილ ნორმას – 1409-ე მუხლს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ამ შემთხვევაში სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის „ბ” პუნქტის მოთხოვნა – ანუ დავის გადაწყვეტისათვის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის ზემომითითებული ნორმით კანონმდებელი აწესრიგებს ანდერძის ბათილობის შესახებ წარდგენილი სარჩელის, ხოლო მეორე ნაწილით – მესაკუთრის სარჩელის ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გამოდგებოდა სადავო საკითხის რეგულაციის ნორმად, რადგან მხარე არ დავობდა ანდერძის ბათილობაზე და მეორეც, გ. ღ-ა არასდროს ყოფილა იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, რაზეც იგი პრეტენზიას აცხადებდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ-ამ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მართალია, გ. ღ-ამ სადავო გარემოების შესახებ იცოდა 2005 წლიდან, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ დარღვეული უფლების აღსადგენად აღნიშნული გარემოების გაგებისთანავე მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს – საქართველოს პროკურატურას. შედეგად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დადგინდა ცალკეული პირების ბრალეულობა. იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლიდან გამომდინარე, გ. ღ-ასათვის სავალდებულო იყო იმის განმარტება, რომ მას ჰქონდა სამოქალაქო სარჩელის აღძვრის უფლება, რაც არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, მოსარჩელის უარის შემთხვევაში, პროკურატურა ვალდებული იყო კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად შეედგინა ოქმი და სათანადო შენიშვნები შეეტანა საქმეში, რასაც ასევე არ ჰქონია ადგილი. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდება სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სარჩელის ხანდაზმულობის ვადები.
საქმეზე წარმოდგენილი პროკურატურის დადგენილებით, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, უტყუარად დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი არის გ. ღ-ა.
აღნიშნულ საქმეზე არსებობს სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების არაერთი საფუძველი, კერძოდ: 2005 წლის მაისის თვეში მოსარჩელემ შეიტყო, რომ ლ. ა-ს გაყალბებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადაეცა მიწის ნაკვეთი; ამავე წლის 6 ივნისს, მან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელით მიმართა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს, ხოლო მანამდე იმავე საკითხზე პოლიციის რაიონულ სამმართველოში განცხადება ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც მსარჩელის ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოება; ამავე სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით ჯერ ხსენებული საქმის წარმოება განახლდა, ხოლო 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: წალენჯიხის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა, სადაც საფუძვლად მითითებულია 1997 წლის 26 მაისის გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტი; 2010 წლის 20 სექტემბერს სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ გ. ღ-ას სახელზე, თუმცა წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურმა რეგისტრაცია არ განახორციელა იმ მიზეზით, რომ გაუქმებული არ იყო ი. ა-ის სახელზე სანოტარო წესით გაცემული ანდერძისმიერი სამემკვიდრეო მოწმობა; მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურის დასახელებული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა; დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკითხი ღია არის დატოვებული და მოსარჩელის განცხადება განხილული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ღ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ღ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რაზედაც მიუთითებს კასატორი, მოცემულ საქმეში არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ღ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ გ. ღ-ას (პირადი ნომერი – ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 2469762, გადახდის თარიღი – 2014 წლის 15 თებერვალი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე