Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-238-223-2014 16 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. პ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ., გ., ი. ი-ი, ს. ე-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა (სარჩელში), საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ., გ., ი. ი-ისა და ს. ე-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, გ-ის მე-3 შესახვევ №10-ში მდებარე მ. ი-ის, გ. ი-ის, ი. ი-ისა და ს. ე-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების მ. პ-ისთვის გადაცემა სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სადავო ფართზე მოსარჩელის მფლობელობის შეწყვეტა მოპასუხის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მ., გ., ი. ი-ებისა და ს. ე-ს მ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 24 123 ლარის გადახდა, დადგინდა, რომ მ., გ., ი. ი-ებისა და ს. ე-ის მიერ მ. პ-ის სასარგებლოდ 24 123 ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მ. პ-ს შეუწყდეს მფლობელობა ქ.თბილისში, გ-ის მე-3 შესახვევ №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე – 36.63 კვ.მ-ზე და საცხოვრებელი სადგომი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეთ მესაკუთრეებს მ., გ., ი. ი-ებსა და ს. ე-ს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. პ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, გ-ის მე-3 შესახვევ №10-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია მ. ი-ის, გ. ი-ის, ი. ი-ისა და ს. ე-ის სახელზე საკუთრების უფლებით.

უდავოა, რომ მ. პ-ი წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს და მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ფართი შეადგენს 36.63 კვ.მ-ს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომზე მ. პ-ის სარგებლობის უფლება წარმოდგება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებიდან.

საქმეში წარმოდგენილია სახლის მეპატრონე ს. ა. კ-სა და მობინადრე ა. პ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „მე ს. ა. კ-ი ვიღებს ა. ფ-ის ძე პ-ისაგან ბინის ქირას ყოველ თვეში სამ მანეთს. ამის შემდეგ უფლება ეძლევა იცხოვროს მუდმივად სანამ სურვილი იქნება, თავისი სურვილით შეუძლია გაყიდოს თავისი ბინა სარაიანად, რასაც ვადასტურებ სახლის პატრონი“.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმებიდან ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი შინაარსი არ გამომდინარეობს, ხელშეკრულება შინაარსობრივად წარმოადგენს გარიგებას საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო ხელშეკრულების შინაარსი ანალოგიურადაა შეფასებული კანონიერ ძალაში შესული კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მ. პ-ის დედას – ლ. პ-ს უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ და ლ. პ-ი ცნობილ იქნა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ლ. პ-ის მიერ წარდგენილი ხელშეკრულება არ წარმოადგენს იმ წერილობით დოკუმენტს, რომელიც „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, აღიარებს მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გადაწყვეტილების თანახმად, ხელშეკრულებაში სადავო ბინის ყიდვისა და თანხის გადახდის შესახებ აღნიშნული არ არის. არც ხელშეკრულებიდან და არც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ს. ა. კ-იმ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლება გადასცა ა. პ-ს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელთა შორის დაიდო სადგომით სარგებლობის უფლების დათმობა, რასაც მოწმობდა ს. ა.-კ-ისათვის სამი მანეთის გადახდის ვალდებულება და საცხოვრებელ სადგომში ა. პ-ის და მისი ოჯახის წევრების რეგისტრაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომზე მ. პ-ის სარგებლობის უფლება წარმოდგება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებიდან.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 22 აპრილის №00490713 დასკვნის შესაბამისად, ქ.თბილისში, გ-ის მე-3 შესახვევ №10-ში მდებარე შესაფასებლად წარდგენილი საცხოვრებელი ფართის 36.63 კვ.მ საბაზრო ღირებულება შეადგენს 32 163 ლარს. საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-3, მე-6,პუნქტების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მესაკუთრეს უპირატესი უფლება აქვს, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში, მაგრამ, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე, მას შემდეგ მოსარგებლე უფლებამოსილია, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა. ამდენად, კანონმდებელი ითვალისწინებს მოსარგებლის მესაკუთრედ ცნობას თანხის გადახდის სანაცვლოდ, თუ მესაკუთრე არ იყენებს უფლებას, თავად გადაუხადოს კომპენსაცია.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომზე მ. პ-ის სარგებლობის უფლება წარმოდგება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებიდან. ამასთან, მესაკუთრეებმა გამოიყენეს მათთვის, როგორც მესაკუთრეთათვის კანონით მინიჭებული უფლება და მოითხოვეს სადგომზე მოსარგებლის მფლობელობის შეწყვეტა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ, რაც გამორიცხავს მოსარგებლის სარჩელის რაიმე ფორმით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად დააკმაყოფილა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეთა სარჩელი საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ სადგომზე მოსარგებელთა მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. პ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა კასატორის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწინააღმდეგე მხარეთა წინაპრის მიერ დადებული ხელშეკრულება, სადაც ნათლადაა მითითებული უძრავი ნივთის გასხვისების უფლების გადაცემის თაობაზე. ამასთან, პალატამ არასწორად განსაზღვრა ი-ებისა და ე-ისათვის დასაკისრებელი საცხოვრებელი სადგომის ღირებულების პროცენტი. თავდაპირველად მოსარჩელეთა მიერ მითითებული 90%-ის ნაცვლად, სასამართლომ მხარეს დააკისრა 75%, რითიც კასატორი დააზარალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 მარტის განჩინებით მ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე