№ას-290-272-2014 23 ივნისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, დაკმაყოფილდა:
ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 სექტემბრის №3390/კ ბრძანება მ. თ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
მევლუდ თოდიძე აღდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენისათვის (განაცდური), 2012 წლის 5 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. თ-ე 2005 წლის 28 მარტიდან მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურში, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2012 წლის 5 სექტემბერს გამოსცა №3390/კ ბრძანება მ. თ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი.
საქმის მასალებით, კერძოდ, შიდა კონტროლის სამსახურის 2012 წლის 5 სექტემბრის №138520 დასკვნის თანახმად დგინდება, რომ 2012 წლის 16 აგვისტოს განხორციელდა ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურში დასაქმებული პირების საშემსრულებლო დისციპლინის შემოწმება. შემოწმების დროს შედგენილი ოქმის შესაბამისად, ადგილზე არ იმყოფებოდა ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი – მ. თ-ე. შესაბამისად, მ. თ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2009 წლის 20 იანვრის 35/ს ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფას, რომლის თანახმად, ,,სამუშაო დღე იწყება 9.00 სთ-ზე და სრულდება 18-სთ-ზე“.
საქმის მასალებით, კერძოდ, საქმეზე დაკითხული სატყეო სააგენტოს რეინჯერის რ. გ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2012 წლის 16 აგვისტოს მ. თ-სთან ერთად იმყოფებოდა ტყეში, რათა საწვავი შეშის მომარაგების მიზნით მოეზომათ ხეები. მათ გაუფუჭდათ ავტომანქანა, რის გამოც დაბრუნდნენ მეორე დღეს. რ. გ-ის ჩვენებით დასტურდებოდა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები მიჰყვებოდნენ რეინჯერებს და მათთან ერთად ნიშნავდნენ ხეებს შემდგომში მოსაჭრელად.
პირადად მ თ-ის განმარტებით, ის სატყეო საგენტოს რეინჯერს გაჰყვა ტყეში, რადგან ზამთარში საწვავი შეშით მომარაგების მიზნით საჭირო იყო ხეების მოზომვა შემდგომში მათი მოჭრა/დამზადების უზრუნველსაყოფად.
დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ ინფორმირებული იყო მოადგილე იმის თაობაზე, რომ იგი მიდიოდა ტყეში, რომელმაც აღნიშნული გარემოება დაადასტურა ინსპექციის შემოწმების ოქმზე ხელმოწერით.
მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდებოდა, რომ ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურში გათბობის საშუალებას ზამთრის პერიოდში წარმოადგენდა შეშის მასალა. შესაბამისად, მ. თ-ე სამსახურებრივი საჭიროების გათვალისწინებით მოქმედებდა, როდესაც ტყეში გაჰყვა რეინჯერს ხეების მოსაზომად. ამასთან, გასათვალიწინებელია ის გარემოებაც, რომ ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურში ორი საშტატო ერთეული იყო – ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი და უფროსის მოადგილე. მოადგილის მოვალეობებს ასრულებდა ნ. ყ-ი.
შესყიდვების სამსახურის უფროსის ახსნა-განმარტებიდან ასევე ირკვეოდა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის უფროსებს ევალებოდათ საწვავი შეშის მომარაგებსათან დაკავშირებული ინფორმაციის გაგზავნა, მიმწოდებლებთან, ხელშეკრულებებთან და ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
ამდენად, საქმის მასალებით დადგინდა, რომ კონტროლის სამსახურის 2012 წლის 5 სექტემბრის №138520 დასკვნა და №3390/კ გათავისუფლების ბრძანება არაკანონიერი იყო, ვინაიდან მ. თ-ე 2012 წლის 16 აგვიტოს შემოწმებისას გასული იყო შენობიდან სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე და შესაბამისად, შინაგანაწესის 32-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა (სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა აძლევს დასაქმებულს უფლებას ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, გაათავისუფლოს იგი სამსახურიდან, ანუ შეწყვიტოს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. იმისათვის, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილემ განახორციელოს ესა თუ ის მოთხოვნა, იგი უნდა ემყარებოდეს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნის საფუძვლებს. შრომის კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძვლით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები და პროცედურა არის საკითხები, რომელთაც არ აწესრიგებს შრომის კოდექსი, შესაბამისად, გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული გრძელვადიანი ხელშეკრულების მოშლისათვის გათვალისწინებული წესი და პირობები.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევისას გამოიყენება 405-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. მხარეს, რომელმაც დაარღვია ვალდებულება, მეორე მხარის მიერ განესაზღვრება დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, ან ვალდებულების დარღვევის სპეციფიკის გათვალისწინებით მიეცემა გაფრთხილება. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია გამონაკლისი, როდესაც გაფრთხილება არ არის აუცილებელი, მაგალითად, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება, ან ,,განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა“.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემომითითებული საფუძვლით, დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება იყო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება.
შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარება, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის, მ. თ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა „საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ აღნიშნული სააგენტოს თავმჯდომარის 2009 წლის 20 იანვრის #35/ს ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფას, რომლის თანახმად, „სამუშაო დღე იწყება 9.00 სთ-ზე და სრულდება 18 სთ-ზე“. ასევე დაირღვა „სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის დამტკიცების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2008 წლის 19 მაისის #314 ბრძანების, „სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელის შევსების ინსტრუქციის“ #2 დანართის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, 8 - ანუ, 8-საათიანი ნამუშევარი დღე, თუ დასაქმებულმა პირმა სამუშაო დღეს იმუშავა სრულად. სრულად მუშაობაში ჩაითვლება დასაქმებული პირის სამუშაო ადგილზე გამოცხადება არა უმეტეს 10 წუთის დაგვიანებით, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევაში, არა უმეტეს 15 წუთის დაგვიანებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამსახურში დროულად გამოუცხადებლობის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ივლისის #778/ს ბრძანებით, ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის უფროს მ. თ-ს უკვე შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – საყვედური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (947.68 ლარი) 70% – 663.76 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (947.68 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 1 აპრილი, ელექტრონული საგადასახადო დავალება № 19463) 70% – 663.76 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე